ალბათ, ამ ბოლო დროს ხშირად გვესმის ეს ორი სიტყვა ერთად – ტრანსფორმაციული კომუნიკაცია. ეს არის უნარი კომუნიკაციის/საუბრის გზით დაეხმაროთ საკუთარ თავს და სხვა ადამიანს გახდეს უფრო მიზანდასახული, უფრო სრულყოფილი, ან უფრო „რაც გნებავთ ის“ (რაიმე მისთვის კარგი. ეს მნიშვნელოვანი ჩანართია, რადგან თქვენი გაგებით „კარგი“ შეიძლება სულაც არ იყოს მისთვის კარგი). ტრანსფორმაციული კომუნიკაცია არის ასევე საკუთარი თავის გამოხატვის გზა. ღირებულებების სისტემის და სამყაროს აღქმის თქვენი მოდელის ტრანსლირება და, ამასთანავე, სხვების მხარდაჭერა. ტრანსფორმაციული კომუნიკაციის მთავარი საფუძველი არის ურთიერთგაგება, ურთიერთკავშირი. გქონიათ შემთხვევა, როდესაც უბრალო ნაცნობთან გისაუბრიათ რაიმე თემაზე და ამ საუბარ-საუბარში თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიგიაღიათ, ან მოტივაცია გაგჩენიათ, ან მიმხვდარხართ, რომ სულ ტყუილად დარდობთ რაიმეზე? სწორედ ეს არის ტრანსფორმაციული კომუნიკაცია. როდესაც თქვენ და ის საუბრის ძალით ერთმანეთს უკეთესობისკენ ცვლით. ქოუჩინგში ამას რაპორტს ეძახიან.
სიტყვა rapportare ბერძნულია და ითარგმნება ასე – ადამიანისთვის საკუთარი თავის შეგრძნების დაბრუნების ხელოვნება. შემდგომში ტერმინს „რაპორტი“ გამოვიყენებთ შინაარსით „ურთიერთკავშირის დამყარება“, რაც კომუნიკაციაში უმთავრესია. წინა პოსტი, მილტონის და ჯორჯის ამბავი, რაპორტის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.
ურთიერთკავშირის დამყარება ნიშნავს მზაობას მიიღოთ სხვა ადამიანის შეხედულებები და გაიაზროთ ის, როგორც საკუთარი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცით ის, რაც იცის მან. გაქვთ ის გამოცდილება, რაც აქვს მას. გაქვთ იგივე სურვილები, ოცნებები, წარმოდგენები სხვადასხვა მოვლენებზე. თუკი თქვენ ამ ყველაფერს წარმოიდგენთ, მარტივად შეძლებდით გაგეთავისებინათ ამ ადამიანის ჟესტები, ხმის ინტონაცია, ქცევის მანერა და სამყაროს აღქმის მისი მოდელი. ერთ საინტერესო მაგალითს მოვიყვან. შედით რომელიმე კაფეში და დააკვირდით მეგობრების წრეს. როგორც წესი, ასეთ მიკრო სოციუმში, სადაც ადამიანები ერთად დიდ დროს ატარებენ და ერთმანეთის ღირებულებებს იზიარებენ, მათ ერთნაირი ფრაზეოლოგია, ქცევის ერთნაირი მანერები, საუბრის სტილი და ზოგჯერ ხმის ინტონაციაც კი ერთი აქვთ. მეგობრებს შორის ნამდვილად არის ღრმა ურთიერთკავშირი და მათი მსგავსებაც ავტომატური ხდება.
აქვე არის ერთი მაგრამ. შეუძლებელია სრულიად მოირგოთ საკუთარ ტყავზე სხვა ადამიანის ცხოვრება. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციის სპეციალისტები რაპორტის დამყარებას იწყებენ თანამოსაუბრის შეხედულებების პატივისცემით და გაზიარებით. მარტივად, უბრალოდ უთხარით საკუთარ თავს, რომ თქვენთვის მისაღებია მისი პოზიცია. მეტიც, თქვენ იზიარებთ მის პოზიციას. ჩნდება ემპათია. ამ ყველაფრის აზრი კი მდგომარეობს შემდეგში – გავიზიაროთ და პატივი ვცეთ მის შეხედულებებს (როგორც საკუთარს), ვიპოვოთ საერთო გადაკვეთის წერტილები კომუნიკაციისთვის, ემპათიის, მოსმენის ხელოვნების და ძლიერი კითხვების დასმის საშუალებით მივიღოთ შედეგი, რაც არის საპასუხო რეაქცია. კარგი კომუნიკატორი ცდილობს ჯერ გაითავისოს მეორე ადამიანის სამყაროს აღქმის მოდელი და მხოლოდ შემდეგ აწვდის მას საკუთარ ნააზრევს. ეს კი მას საშუალებას აძლევს დაამყაროს უფრო ღრმა კავშირი არაცნობიერ დონეზე.
სინამდვილეში, როდესაც ახალ ადამიანს გაიცნობთ, თქვენი ემოციური აზროვნება ავტომატურად არის მომართული მასში მსგავსების ძიებისკენ. ამის მიზეზი კი არის ის, რომ „თქვენნაირ“ ადამიანთან ურთიერთობისას თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობთ. ანუ პირველადი და აუცილებელი მოთხოვნილებები კმაყოფილდება. შემდეგი ეტაპი კი არის თქვენი თანამოსაუბრის მომზადება ტრანსფორმაციული საუბრისთვის, რომელიც ეფუძნება რაპორტს. ამით თქვენ მას შეუქმნით განწყობას, რომ იზიარებთ მის ღირებულებებს და უბიძგებთ უფრო მეტად გახსნილი იყოს.
ეფექტური ქოუჩინგ სეანსი ვერ შედგება ასეთი ღრმა ურთიერთკავშირის გარეშე. ადამიანმა აუცილებლად უნდა იგრძნოს თავი დაცულად და უსაფრთხოდ იმისათვის, რომ ქოუჩინგური მუშაობის საშუალება მოგცეთ. ქოუჩინგი კი არაცნობიერის სიღრმეებში ჩასვლას გულისხმობს. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ტრანსფორმაციული საუბრებითაც კი, რაიმე კონკრეტული ფსიქო-ტექნიკების ჩარევის გარეშეც მიიღწევა შედეგი.