ორგანიზაციებში ქოუჩინგის კულტურის დანერგვის სიკეთეები – რას ამბობს კვლევა

ქოუჩინგზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მთელ მსოფლიოში  იზრდება და ქოუჩინგის კულტურის დანერგვა ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

რას გულისხმობს ქოუჩინგის კულტურა ორგანიზაციაში? ეს არის ქოუჩინგის მიდგომებისა და აზროვნების სტილის დანერგვა, რომელიც ეფუძნება ადამიანის კეთილდღეობას, მასში მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენას. ქოუჩინგი მოიცავს ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: მიზანზე ორიენტირებული, სტრატეგიული და კრეატიული აზროვნება, მოსმენა, პირდაპირი კომუნიკაცია, ზრდაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიცემა, ცვლილებებთან ადაპტაცია, გუნდურობა, ცოდნის ქმედებაში გადატანა და სხვა, რაც რასაკვირველია დადებითად აისახება როგორც პიროვნების, ასევე ორგანიზაციის განვითარებასა და წინსვლაზე.

როგორ ხდება ქოუჩინგის კულტურის დანერგვა? ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის მიხედვით ქოუჩინგის კულტურა 6 ძირითადი ელემენტისგან შედგება:

  1.  თანამშრომლების მიერ ქოუჩინგის მნიშვნელობის გააზრება და დაფასება;
  2. აღმასრულებლების მხრიდან ქოუჩინგის მნიშვნელობის გააზრება და დაფასება;
  3. ლიდერების, მენეჯერების და შიდა ქოუჩების მიერ აკრედიტებული ქოუჩინგის კურსის გავლა;
  4. ორგანიზაციაში როგორც შიდა, ასევე გარე ქოუჩების პრაქტიკის დანერგვა და ლიდერებში/მენეჯერებში ქოუჩინგის უნარების განვითარება;
  5. ორგანიზაციაში ქოუჩინგის ბიუჯეტის გათვალისწინება;
  6. ყველა თანამშრომლისთვის ქოუჩინგის მომსახურებაზე თანაბარი წვდომა.

ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციისა (International Coaching Federation) და ადამიანის კაპიტალის ინსტიტუტის (Human Capital Institute) მიერ 2023 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლეშიც მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობდა სხვადასხვა კერძო კომპანიის, თუ სახელმწიფო ორგანიზაციის 470 წარმომადგენელი, გამოიკვეთა ქოუჩინგის მიდგომების მნიშვნელოვანი ინტეგრაცია ორგანიზაციულ კულტურაში. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ თანამშრომლების 73% და აღმასრულებლების 78% ღირებულად მიიჩნევს ქოუჩინგს. ორგანიზაციათა 33%-ს ბიუჯეტში გაწერილი აქვს ქოუჩინგის ხარჯები. ლიდერების/მენეჯერების 48%-ს გავლილი აქვს ქოუჩინგის პროგრამა და ფლობს ქოუჩინგის უნარებს. ორგანიზაციების 38% თანამშრომლებს სთავაზობს როგორც შიდა, ასე გარე ქოუჩების მომსახურებას. ორგანიზაციების 27%-ში კი ქოუჩინგი ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის. კვლევის მიხედვით, ქოუჩინგი განსაკუთრებულად დადებითად აისახა შემდეგ სფეროებზე:

  • ლიდერობის განვითარება;
  • თანამშრომლების ჩართულობის და პასუხისმგებლობის ზრდა;
  • თანამშრომელთა გადინების შემცირება;
  • გუნდურობის ზრდა;
  • თანამშრომლების ემოციური ინტელექტის გაუმჯობესება;
  • საქმიანობით კმაყოფილების ზრდა;
  • სამსახურეობრივი გადაწვის შემცირება;

ICF და HPI-ს კვლევაში ასევე მოყვანილია ქოუჩინგის კულტურის კომპანიაში წარმატებული დანერგვის კონკრეტული მაგალითიც. კერძოდ, კლივლენდის კლინიკის შემთხვევა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მუშაობს ქოუჩინგური კულტურის დანერგვაზე, იზიარებს ქოუჩინგის ფილოსოფიას და კომპანიის 2600 ლიდერს გავლილი აქვს ქოუჩინგის კურსი. კვლევების მიხედვით, კომპანიისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას სამსახრეობრივი გადაწვა წარმოადგენდა, თუმცა „ექსპრეს ქოუჩინგის“ პროგრამის დანერგვის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა „გადაწვის“ და თანამშრომელთა გადინების მაჩვენებელი, რამაც კომპანიას ჯამში 84 მილიონი აშშ დოლარის დანაზოგი მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოშიც სულ უფრო მეტი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო კომპანია და ორგანიზაცია, აქტიურად ცდილობს დანერგოს ქოუჩინგის კულტურა. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ქოუჩინგის სასწავლო პროგრამებს. საქართველოში 2022 წლიდან ხელმისაწვდომია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული სასწავლო პროგრამა, „ ბიზნეს ქოუჩინგი:ლიდერობის ახალი პარადიგმა“ (https://coachinglab.ge/business-coaching/),  რომელიც ორიენტირებულია ადამიანებში განავითაროს ქოუჩინგის მსოფლმხედველობა და უნარები, რაც  უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ლიდერებისა და მენეჯერებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს სურვილი განახორციელოს ცვლილებები საკუთარ თავში და პირად, თუ პროფესიულ ცხოვრებაში.

ავტორი: ეკატერინე ჯაიანი, ACC ICF