როდესაც ახალგაზრდა მილტონ ერიქსონმა სამუშაო პრაქტიკა დაიწყო, 1920-იან წლებში, ნიუ იორკის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში საკამოდ საინტერესო შემთხვევას აღწერს. იქ იყო პაციენტი, სახელად ჯორჯი. მას დანაწევრებით და წყვეტილი ფრაზებით, გაურკვევლად საუბარი ახასიათებდა. ჯორჯი იქ 5 წლის წინ მიიყვანეს, როცა ქუჩაში უმისამართოდ მოხეტიალე იპოვეს. არავინ იცოდა მისი გვარი, წარმოშობა და ისტორია. ის გაურკვევლად ლაპარაკობდა.
მილტონთან პირველი შეხვედრის დროს, ჯორჯი მას მივარდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაურკვევლად, ძალიან აღგზნებული ხმის ტონით ელაპარაკა. მედდებმა ექიმს აუხსნეს, რომ ეს პაციენტის საუბრის ჩვეული მანერა იყო და იგი ყოველთვის ასე ლაპარაკობდა, როცა პალატაში ახალი ადამიანი შედიოდა. მილტონმა ჯორჯს ინტერესით მოუსმინა. შემდეგ დაბრუნდა სტენოგრაფისტთან ერთად, რომელმაც პაციენტის სიტყვები ჩაიწერა. ახალგაზრდა ექიმი რამდენიმე კვირის განმავლობაში იგივე სტილით საუბარს თავად სწავლობდა. მას გაუჩნდა პაციენტთან მუშაობის იდეა, რომლის რეალიზებისთვის საჭირო იყო მონდომება და ვარჯიში. როგორც აღმოჩნდა, ჯორჯი კონკრეტული ალგორითმის გამოყენებით სიტყვებს აცლიდა ბგერებს და ისე წარმოთქვამდა. მილტონმა დააფიქსირა ეს ალგორითმი და მის ენაზე საუბარი ისწავლა.
როცა მილტონი კარგად მოემზადა, ისევ მივიდა ჯორჯთან პალატაში. ჯორჯი მილტონის დანახვისას ფეხზე წამოიჭრა, მივარდა ექიმს და აღგზნებული ხმით, დანაწევრებული ფრაზებით წარმოთქვა სამი წინადადება. ექიმმა პასუხად იგივე ხმის ტემბრით და დანაწევრებული სიტყვებით, ასევე სამი წინადადებით უპასუხა. ჯორჯი შოკში იყო. ის დაჯდა სკამზე და გაკვირვებულმა შეხედა ექიმს. ერიქსონი მას გვერდით მიუჯდა. 10 წუთიანი პაუზის შემდეგ, ჯორჯი ადგა. დაიწყო პალატაში წინ და უკან სიარული და ლაპარაკი თავისი მანერით. ის თითქოს რაღაც ისტორიას ყვებოდა. როგორც კი დაასრულა თხრობა, ისევ მშვიდად დაჯდა. მილტონმა იგივე გაიმეორა. 15 წუთის შემდეგ, მათი საუბრის ახალი რაუნდი დაიწყო. ჯორჯი ექიმს მთელი მონდომებით, ჟესტიკულაციებით და დანაწევრებული ფრაზებით უყვებოდა ისტორიას. ეს იყო მისი ნახევარ საათიანი მონოლოგი. სავარაუდოდ, ჯორჯი თავის შეხედულებებზე და ცხოვრებაზე საუბრობდა. ზოგჯერ მისი საუბარი სევდიანი იყო. ზოგჯერ კი ამაღელვებელი. მილტონი მას ყურადღებით უსმნდა. როცა მისი ჯერი დადგა, მილტონმა იგივე გაიმეორა. იგივე საუბრის მანერით, ხმის ტონით და ჟესტიკულაციებით. ემოციების მთელი დიაპაზონი აისახა მის ხმაში. ჯორჯი მთელი ეს დრო მშვიდად იჯდა სკამზე და უსმენდა ექიმს. როცა მილტონმა მონოლოგი დაასრულა, ჯორჯმა მას შეხედა და გაგებით დაუქნია თავი. მათ შორის კომუნიკაცია შედგა. მათ იპოვეს სრული ურთიერთგაგება. ჯორჯი მომხდარით შეძრული და გაოცებული იყო.
„ექიმო, მოდით ჩეულებრივად ვისაუბროთ“, – თქვა ჯორჯმა. „კარგით, მითხარით თქვენი გვარი“, – უპასუხა მილტონმა. პაციენტმა ორი წინადადება წარმოთქვა თავის სტილში და შედეგ თავისი გვარი დაასახელა. ექიმმა ასევე უპასუხა და შემდეგ წარმომავლობა ჰკითხა. ზუსტად ნახევარ საათში მილტონმა პაციენტის მთელი ისტორია გაარკვია. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში ჯორჯი შეიცვალა. თავდაპირველად ის მხოლოდ მილტონთან საუბრობდა. შემდეგ კი ნელ-ნელა დაიწყო ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. გამოავლინა პასუხისმგებლობის გრძნობა და კლინიკაში გარკვეული სამუშაოების შესრულება დაიწყო.
როგორც მილტონმა გაარკვია, ჯორჯის ნათესავები გარდაცვლილან. მან კი მემკვიდრეობით პატარა ფერმა მიიღო. ჯორჯისა და მილტონის პირველი საუბრიდან 11 თვეში, პაციენტი დაბრუნდა თავის ფერმაში და დარჩენილი წლები იქ გაატარა. 40 წლის განმავლობაში ჯორჯი მილტონს ბარათებს უგზავნიდა. მისი შეტყობინებები იყო მოკლე: „ამ ზამთარს სახურავი შევაკეთე“ ან „დაიბადა 15 ბატკანი. ყველა ჯანმრთელია“.
ეს ამბავი გამახსენა ერთმა შემთხვევამ. თანამშრომელი მიხსნიდა რაღაც სქემას. ლაპარაკი რომ დაიწყო, გავაჩერე და ვთხოვე, ჩემს ენაზე აეხსნა. ჩემს ენაზე ახსნაში სქემის ფურცელზე დახატვას ვგულისხმობდი. მინდოდა ვიზუალურად მიმეღო ინფორმაცია. პასუხად მივიღე, მე ჩემს ენაზე აგიხსნი და რასაც ვერ გაიგებ, მკითხეო. ბუნებრივია, ვერც ვერაფერი გავიგე და აღარც აღარაფერი ვკითხე. კომუნიკაციისას მთავარია მივიღოთ საპასუხო რეაქცია მისგან, ვისაც ვესაუბრებით. და ამას უკეთ შევძლებთ, თუკი ადამიანებს მათსავე ენაზე დაველაპარაკებით. NLP-ში სწორი კომუნიკაციის აგების მთელი სტრუქტურა არსებობს. და ამოსავალი წერტილი არის ის კონკრეტული სუბიექტი და სამყაროს აღქმის მისი მოდელი, ვისაც ვესაუბრებით. თუკი მე შევძლებ მისი მოდელის გაგებას და მის „რეალობაში“ მოქმედებას, კავშირი შედგება. ამ მოდელის გაგება კი არც თუ ისე რთულია, როგორც ხშირ შემთხვვაში გვგონია. წესი ნომერი პირველი და ოქროს წესი: დავაკვირდეთ მოსაუბრეს, თუ რა სიტყვებს და ფრაზებს იმეორებს ხშირად. რაზე აკეთებს ხაზგასმას ჟესტიკულაციით და აქცენტს ხმის ტონით. როდის და რა სიტყვების/ფრაზების შემდეგ აქვს პაუზები. და რას აძლევს ემოციურ დატვირთვას. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ გავიგოთ ჩვენი თანამოსაუბრის ღირებულებების სისტემა. მაგრამ ამაზე მოგვიანებით. დავიწყოთ უბრალოდ დაკვირვებით. მერწმუნეთ, წინ საინტერესო აღმოჩენები გელით.