ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება – შევეცდები ეს სამი ნაწილისგან შემდგარი სიტყვა დავშალო და სათითაოს აზრი მოგაწოდოთ.
ნეირო
ნეირო დაკავშირებულია ნერვულ სისტემასთან, ნევროლოგიასთან, ტვინის მუშაობასთან. ეს მოიცავს ჩვენს ყველა შეგრძნებას და ინფორმაციის მიღების არხებს (რეპრეზენტაციული სისტემები): მხედველობა, სმენა, შეგრძნება (კინესთეტიკა), ყნოსვა და გემო. ჩვენი ნერვული სისტემა ყოველ წამს დაახლოებით 2 მილიონ ბიტ ინფორმაციას ამუშავებს და აწვდის ტვინს, ძილის დროსაც კი.
შემდეგ ამ ინფორმაციას ვაძლევთ აზრს, ვქმნით სურათებს გონებაში, გვესმის ბგერები, ხმა, შევიგრძნობთ სურნელს და ა.შ. უფრო მეტიც, ჩვენ ვესაუბრებით საკუთარ თავს. ადამიანების უმეტესობა აწარმოებს შინაგან დიალოგს საკუთარ თავთან. და აქვე ერთ მნიშვნელოვანი კითხვა: საკუთარ თავთან საუბრისას, თქვენს მეს რამდენად სასარგებლო რამეს ეუბნებით? ან იქნებ მუდმივად ზღუდავთ საკუთარ თავს? ან რაიმეში ადანაშაულებთ? მაგალითად: „სად შეგიძლია ამის გაკეთება? შენ ამას ვერ შეძლებ!“ ძალიან ცუდი თუ ასე იქცევით. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შინაგანი ხმის, დიალოგის კონტროლი და მისი გამოყენება ჩვენს სასარგებლოდ. ეს ერთ-ერთი NLP ტექნიკაა და ამაზე ცოტა მერე, როცა პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დავწერ.
ჩვენი ნერვული სისტემის ეს შინაგანი წარმოდგენები ახდენს სამყაროს ჩვენეული მოდელის ფორმირებას. ეს არის საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის, სამყაროს და მოვლენების აღქმის, მნიშვნელობის მინიჭების და ინფორმაციის გადაცემის ჩვენეული სისტემა, რომელიც ყველას ინდივიდუალური გვაქვს. ენა, რომლითაც ვსარგებლობთ, გავლენას ახდენს ჩვენს შინაგან წარმოდგენებზე. ეს შინაგანი წარმოდგენები კი განსაზღვრავს ჩვენს ქცევას. აქვე ერთი მაგალითი გამახსენდა ჩემი პრაქტიკიდან. თუკი ჩემთან მოსული კლიენტი არის უფრო მეტად ნეგატიურ ფაქტებზე ორიენტირებული და ნეგატიური ლექსიკით მეტყველებს, ყოველთვის ვაძლევ დავალებას, რომ აწარმოოს დღიური, სადაც ყოველდღიურად ჩამოწერს დღეში მინიმუმ 10 პოზიტიურ ფაქტს, რაც ხდება მის ირგვლივ და რაც კონკრეტულად მას ეხება. და პერიოდულად ვთხოვ რაოდენობის გაზრდას. როგორც წესი, თავიდან 5 ფაქტის თქმაც კი უჭირთ, 10 დღეში კი საშუალოდ 20 ასეთ ფაქტს აფიქსირებენ. ამით მე ვახდენ მათი სამყაროს აღქმის მოდელის პროგრამირებას პოზიტივზე და ისინი უფრო მეტ შესაძლებლობებს ხედავენ ირგვლი.
ლინგვისტიკა
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ენა, რომლითაც ვსარგებლობთ, გავლენას ახდენს სხვა ადამიანების ქმედებებზე. და ამ ფრაზაში ვგულისხმობ უფრო მეტს, ვიდრე ჩვენს მიერ ნათქვამ სიტყვებზე ადამიანების წამიერი რეაქციაა. თუ ვიტყვით: „მინდა ვიცოდე, ამას როგორ აკეთებ“ ან „რაც შენ გააკეთე, არაჩვეულებრივი იყო“, ჩვენ ვახდენთ ზემოქმედებას ადრესატის შინაგან მდგომარეობაზე. და ეს ყველა კონტექსტში ასეა. მაგალითად, თუ ატარებთ გაყიდვების პრეზენტაციას, ენა, რომელსაც იყენებთ, ახდენს გავლენას პოტენციური მყიდველის მდგომარეობაზე და მის შემდგომ ქმედებებზე.
ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენი შეტყობინება მიიტანოთ ადრესატამდე და გამოიწვიოთ მისგან საპასუხო რეაქცია. არსებობს კონკრეტული მეთოდი, წინადადების წყობის ჰიპნოტური სტრატეგიები (ლინგვისტური ჰიპნოზი, ასევე ცნობილია როგორც ერიქსონის მოდელი), რომელიც საშუალებას გაძლევთ ადრესატამდე, უფრო კი მის არაცნობიერამდე მიიტანოთ ზუსტად ის შეტყობინება, რაც გინდათ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი შეტყობინება გაივლის ცნობიერი გონების ფილტრებს და მოახდენს გავლენას ადრესატის შინაგან მდგომარეობაზე. ეს არის კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური გზა სასურველი შედეგის მისაღწევად. გაგახსენდათ? „გველსა ხვრელით ამოიყვნს ენა ტკბილად მაოუბარი“. ვფიქრობ, აქაც სავარუდოდ ზუსტად ეს ლინგვისტური ხრიკები მოიაზრებოდა.
პროგრამირება
მათთვის, ვინც ახლოს არის კომპიუტერულ პროგრამირებასთან, ეს მარტივი გასაგები იქნება. რიჩარდ ბენდლერი, რომელიც არის ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების ერთ-ერთი შემქმნელი და რომელიც ასევე ახლოს იყო პროგრამირებასთან, თავის ტრენინგებზე ყოველთვის ამბობს: ჩვენი ტვინი არის ჰარდი (Hard Disc Drive) და ზედ ნებისმიერი სოფტის (Software) ჩაწერაა შესაძლებელი. ტერმინი პროგრამირება NLP-ში უფრო მეტი დატვირთვითაა გამოყენებული. აქ საუბარია ჩვენს ჩვევებზე, განმეორებითი ქცევის პატერნებზე, ქცევებზე და უნარებზე. ეს პროგრამები მუშაობს არაცნობიერ რეჟიმში, ამიტომ ხშირ შემთხვევაში არც კი ვაფიქსირებთ მათ არსებობას. მაგალითად, გაგიცნობიერებიათ როგორ იკრავთ თასმებს, იხეხავთ კბილებს, იდუღებთ ყავას? გაიხსენეთ გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე შემთხვევა და მიხვდებით, რომ ყოველთვის ერთი და იგივე პატერნით სარგებლობთ.
ჩვენ გვაქვს ისეთი პროგრამები, როგორიცაა აღფრთოვანება, მოტივაცია, გადაწყვეტილების მიღება, დასწავლა, შემოქმედებითობა, რეალობის აღქმა, დამახსოვრება და ა.შ. ზოგი ეს პროგრამა ეფექტურად მუშაობს, ზოგი – ნაკლებად ეფექტურად. ზოგჯერ გამოგვდის საკუთარი თავის დაპროგრამება, ზოგჯერ კი ამას სხვები აკეთებენ, მშობლები, მასწავლებლები, შემთხვევითი ნაცნობები. გაიხსენეთ ის ფრაზები, რაც თქვენთვის უთქვამთ და რასაც ზემოქმედება მოუხდენია საკმაოდ დიდი დროით. ხშირ შემთხვევაში ასეთ ფრაზებს საბედისწეროს ვეძახით. მქონდა ადრეულ ასაკში შემთხვევა, როდესაც რთული სიტუაციიდან იოლი გამოსავალი ვიპოვე სრულიად შემთხვევით. და მაშინდელი ნასროლი ფრაზა „შენ ყოველთვის იცი რა უნდა გააკეთო“, დღემდე სასიამოვნო პროგრამად მომყვება. თუმცა, უფრო მეტად არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ნეგატიური პროგრამების მსხვერპლნი ხდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ ის პროგრამები, რომელიც კარგად მუშაობს და გამოვიყენოთ ეს წარმატებისთვის. ხოლო პროგრამები, რომელიც არც თუ ისე კარგად მუშაობს, გავაუმჯობესოთ და გავხადოთ უფრო ეფექტური.
სწორედ ამას აკეთებს ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება. ლინგვისტიკის და შინაგანი აღქმების გამოყენებით, წესრიგში მოჰყავს ადამიანის ოპერაციული სისტემა, რომელიც ეხმარება მას წარმატების მიღწევაში.