ჰიპნოზი, როგორიც ის ხშირად წარმოგვიდგენია ხოლმე, ლამაზი სანახავია. ეფექტურიც. ერთ წერტილში გაშეშებული მზერა, უნებლიე მოძრაობები, სხეულის და სახის კუნთების ეტაპობრივი მოდუნება… ნამდვილად ლამაზი და დამაინტრიგებელი სანახაობაა. და წარმოიდგინეთ, ძალაუფლების როგორი ილუზია ჩნდება ამ დროს? ზის სავარძელში, თქვენს პირდაპირ. უხსენებთ პეპელას და მყისვე დაინახავს ჰაერში მოფარფატე პეპელას. თან იტყვის, რომ თავს მყუდროდ და კომფორტულად გრძნობს. მერე მიანიშნებთ, რომ შეიძლება ხელი აწიოს და მისი მარჯვენა ხელი უკვე ჰაერშია.
ოღონდ, არის ერთი მაგრამ. აბა წარმოიდგინეთ ამ ტიპის ზემოქმედების დახმარებით რაიმე ბიზნეს მოლაპარაკება „მოიგოთ“. ან რამე გაყიდოთ. ან ოჯახური ურთიერთობები დაალაგოთ. დაიბრუნოთ გაქცეული საყვარელი. უბრალოდ წარმოიდგინეთ სიტუაცია: უკაკუნებთ მას კარზე. ის აღებს და თქვენ სთავაზობთ კომფორტულად მოთავსდეს სავარძელში და დახუჭოს თვალები. ნამდვილად, ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვინდა.
სურათი 2. შედიხართ თქვენს უფროსთან. სთავაზობთ მოდუნდეს და ყურადღების კონცენტრაცია გააკეთოს ფეხის თითებზე. თან ეუბნებით, რომ სამ თვლაზე ის შევა ღრმა ტრანსში. მერე ითვლით: ერთი, ორი, სამი და შეფი ითიშება, თან ელოდება თქვენს მორიგ ბრძანებას. თქვენც უბრძანებთ, რომ სამჯერ გაგიზარდოთ ხელფასი და გაგიშვათ მივლინებაში კანარის კუნძლებზე. თან ამატებთ, რომ დაიმართოს ამნეზია, ეს ყველაფერი დაივიწყოს და გამოგყავთ ტრანსიდან. და ის ამ ყველაფერს აკეთებს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია? რათქმაუნდა კი, თუ კეთილ სიტყვას იარაღსაც დაახმართ.
ალბათ ფიქრობთ, რომ მსგავსი რამ შეიძლება გააკეთოს ჰიპნოზის რომელიმე დიდმა მასტერმა. მაგრამ გეტყვით, რომ მასტერი ასე უხეშად არ მუშაობს. ჰიპნოზის მასტერის მუშაობა მსუბუქია. თანაც, ისეთი შეუმჩნეველი, რომ გარეგნული ეფექტები საერთოდ არ ახლავს თან. მისი საუბარი მთლიანად რომც ჩაიწეროთ, გაგიჭირდებათ ზემოქმედების რაიმე ნიშნის აღმოჩენა. ჰიპნოზის ტექნოლოგიები დღეს ისე დაიხვეწა, რომ სულაც არ არის საჭირო ვინმემ ზემოთ აღწერილ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. უკვე სრულიად საღ გონებაზე, მოქმედებაშივეა შესაძლებელი ჰიპნოზის ჩატარება. ასე მუშაობს სასაუბრო, გნებავთ ლინგვისტური ჰიპნოზის სპეციალისტი. შეუმჩნევლად. შედეგი კი არის. და კავშირის დაჭერა სიტყვებსა და შედეგს შორის საკმაოდ რთულია.
ჰიპნოზის ნამდვილ მასტერს სულაც არ აქვს დაჟინებული მზერა და ბრძანების შემცველი ჟესტები. პირიქით, მას მსუბუქი და ბევრი ლაპარაკი ახასიათებს. შესაძლოა, ოდნავ გაფანტულიც კი იყოს. აქვს თავაზიანობა და იუმორის მდიდარი გრძნობა. ჰიპნოზის მასტერს აქვს გადასარევი უნარი მოერგოს ყველა ტიპის სოციალურ წრეს. ეს პროფესიული უნარია. ის შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც ენერგიული ბიზნესმენი, მკაცრი მმართველი, მხიარული წრის სულისჩამდგმელი, ან სულაც მიიღოს გარიყულის მდგომარეობა. ჰიპნოზის მასტერი შეიძლება იყოს როგორც ყურადღების ცენტრში, ასევე მის პერიფერიაში. და მას ექცევიან ზუსტად ისე, როგორც იმ კონკრეტულ მომენტში თავად სურს. არის შემთხვევები, როცა ჰიპნოზისტს ცოტა ზემოდან და ირონიულადაც უყურებენ. და დამიჯერეთ, ასე უფრო მარტივია მუშაობა.
როგორ გამოიყურება სასაუბრო ჰიპნოზი? როგორც ჩვეულებრივი საუბარი. ან როგორც გულითადი საუბარი. როგორც კარგი პრეზენტაცია ან საქმიანი მოლაპარაკება. როგორც ანეგდოტის მოყოლა, ან კარგი სადღეგრძელო. ან სულაც „შემთხვევით“ გაგონილი ფრაზა სხვის საუბარში. როგორც უმნიშვნელო ეტაპი მოლაპარაკებების დროს. საუბრის ფორმალური თემა და მიზანი არ არის მნიშვნელოვანი – თქვენ თქვენი მიზანი გაქვთ.
და მთელი ეს თამაშები „მოთავსდით კომფორტულად და დახუჭეთ თვალები“ არის მათთვის, ვინც მხოლოდ შეკვეთით მუშაობს. მესამე თაობის ჰიპნოზი კი დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ბრძანებების მიცემა არაცნობიერისთვის. ეს, შეიძლება ითქვას, კომუნიკაციის ახალი მოდელია, რომელსაც მილტონ მოდელი ჰქვია.
გაგრძელება არის აქ …