ერთხელ მაინც გიჭმევიათ პატარა ბავშვისთვის კოვზით საჭმელი? ე.ი. თქვენ გამოგიცდიათ ადამიანის ტრანსულ მდგომარეობაში შეყვანის ტექნიკა.პროცესი მარტივია. გაიხსენეთ თქვენი მოქმედებები ამ დროს. ჯერ იღებთ კოვზს და ურევთ ფაფას რიტმული, წრიული მოძრაობით. ბავშვი გიყურებთ, გაკვირდებათ. თქვენ ამ დროს თავად შედიხართ საჭირო მდგომარეობაში, რაც არის წინასწარი მზაობა იმისა, რომ ბავშვს მოანდომოთ ის კონკრეტული საჭმელი. შემდეგ თქვენ კოვზით იღებთ ფაფას, ემზადებით მოქმედებისთვის და უყურებთ ბავშვს თვალებში. თქვენი სუნთქვის რიტმი ზუსტად ისეთივეა, როგორიც ბავშვის. და რას აკეთებთ ამ დროს? თავად აღებთ პირს და ბავშვიც იგივეს იმეორებს. ეს არის ადამიანის მსუბუქ ტრანსში შეყვანის ჩვეულებრივი და თან იდეალური მაგალითი.
თუ მე მინდა სხვა შევიყვანო ტრანსულ მდგომარეობაში, ჯერ თავად უნდა შევიდე ამ მდგომარეობაში. და ეს ფორმულა მუშაობს არამარტო ტრანსზე. თუ მე მინდა სხვა დავაინტერესო ამბით, რომელსაც ვყვები, ჯერ თავად უნდა მაინტერესებდეს. წარმოგიდგენიათ სიტუაცია, როდესაც მეგობარს დაბადების დღის ტორტზე უნთებთ სანთლებს გაბრაზებული განწყობით?
სასაუბრო ჰიპნოზი, ან გნებავთ ლინგვისტური ჰიპნოზი, ერიქსონის ჰიპნოზის მიმართულებაა. ეს მეთოდი უკავშირდება ამერიკელ ფსიქიატრს და ფსიქოლოგს, მილტონ ერიქსონს, მოგვიანებით კი მეთოდი განავითარეს მისმა მოსწავლეებმა. მან შეძლო იმ გავრცელებული მითის დანგრევა, რომ თითქოს არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჰიპნოტურ ზემოქმედებას. ანუ, ვისაც უფრო დიდი ნებისყოფა აქვს, ან რაიმე მსგავსი, მისი დაჰიპნოზება შეუძლებელია. ერიქსონის ჰიპნოზს ყველას ემორჩილებოდა. მისი მეთოდის აზრი არის იმაში, რომ მილტონ ერიქსონი არ იყენებდა ჰიპნოზის ერთ რომელიმე კონკრეტულ მეთოდს, არამედ ინსტრუმენტების მთელი პალიტრა ჰქონდა. და მარტივად შეეძლო ერთი ტექნიკიდან მეორეზე გადასვლა. თან ისე მალე, რომ ამისი შემჩნევა გარშემომყოფებისთვის რთული იყო. სასურველი შედეგის მიღწევამდე მილტონ ერიქსონი ჰიპნოტექნიკების მთელ ნაკრებს იყენებდა. და იგი ზუსტად ხვდებოდა როდის, რა შემთხვევაში და რა ტექნიკა უნდა გამოეყენებინა ან ჩაენაცვლებინა. ერიქსონი თავად იყო დაავადებული პოლიომელიტით და თვითგანკურნებისთვის თვითჰიპნოზს იყენებდა. დღეს თანამედროვე ფსიქოთერაპიაში ერიქსონის ჰიპნოზი ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება.
ერიქსონის ჰიპნოზი არის “რბილი”, არადირექტიურლი მეთოდი, რომელიც იყენებს ტვინის ბუნებრივ თვისებას, ჰიპნოტურ ტრანსს. ჩვენი ტვინი უნებლიე ტრანსში ყოველდღიურად ვარდება. ეს არის ჩვენი ფსიქიკის მდგომარეობა, როდესაც არაცნობიერი მეტად გახსნილია პოზიტიური ცვლილებებისთვის. მაგალითად, ჩაძინების წინ, როდესაც ჯერ კიდევ არ გვძინავს, ჩვენს გონებაში წარმოიქმნება სხვადასხვა სურათ-ხატები, რომლებსაც ასოციაციურად მივყავართ კონკრეტული მდგომარეობებისკენ. ერიქსონის ჰიპნოზის დროს ადამიანი სრულიად ფხიზლად და საღ გონებაზე ვარდება მსგავს მდგომარეობაში, სადაც ხედავს, ესმის და გრძნობს რა ხდება მის ირგვლივ. ოღონდ მისი გონების ფოკუსი მიმართულია არა გარე სამყაროზე, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ შიგნით – მოგონებებში, ფანტაზიაში, სურათ-ხატებში, ასოციაციებში. ამ მდგომარეობაში ადამიანს ეხსნება წვდომა შინაგან რესურსებთან, რომელიც არაცნობიერში ინახება.
ჩვენდა საბედნიეროდ, ეს ყველაფერი გენიოსის თვისება კი არა, სრულიად დასწავლადი ტექნოლოგია აღმოჩნდა, რომელსაც შეგიძლიათ თქვენც დაეუფლოთ, თუკი მოინდომებთ. NLP-ს მამებმა – ჯონ გრინდერმა და რიჩარდ ბენდლერმა, ამ ტექნოლოგიების ალგორითმის შესაქმნელად საკმაოდ რთული მუშაობა გასწიეს. ასე რომ, ლინგვისტური ჰიპნოზი არამხოლოდ ერიქსონის ჰიპნოზის მიმართულებაა, არამედ NLP-ს ერთ-ერთი მოდელიც გახლავთ. მილტონ ერიქსონის ჰიპნოტური მუშაობის მოდელი – ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში მას მილტონ მოდელს ეძხიან და კომუნიკაციის ალგორითმები მასზეა აგებული.
საქმე იმაშია, რომ თავად მილტონი ამ მეთოდს იყენებდა ფისქოთერაპიაში და სწავლებაში. მას შემდეგ, რაც NLP-ში შემუშავდა მილტონ მოდელი, მეთოდმა, როგორც ცალკე აღებულმა კომუნიკაციის მოდელმა, ძალიან დიდი ეფექტი აჩვენა სხვა სფეროებშიც. მილტონ მოდელი მუშაობს საჯარო გამოსვლებში, გაყიდვებში, მოლაპარაკებებში, საქმიან ურთიერთობებში, მარკეტინგში, ბიზნესში. ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც კომუნიკაციაა.
ერიქსონმა გვაჩვენა, რომ ჰიპნოზი შეიძლება იყოს შეუმჩნეველი. ანუ, თქვენ არ ვარდებით ზომბის მდგომარეობაში, როგორც ეს ბევრს ჰგონია დღეს. არ გეძინებათ, არ ბოდავთ სიმართლეს თქვენდაუნებურად და სხვა. შესაძლებელია, ადამიანი იყოს ჰიპნოტურ ტრანსში შეუმჩნევლად და სრულიად ვერ ხვდებოდეს ამას. ეს მესამე თაობის ჰიპნოზია, რაზეც სხვა პოსტებში ვისაუბრებ. მაგალითისთვის გეტყვით, თუკი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მოგეწონათ, ის გიყვებათ რაიმეს და თქვენ გაღიმებული უსმენთ, უკვე ჰიპნოტურ ტრანსში ხართ. ანუ მსუბუქი ზემოქმედების ქვეშ. შეიძლება ცოტა ხნის მერე ვერც გაიხსენოთ რაზე საუბრობდა ის, მაგრამ ძირითადი ემოცია გამახსოვრდებათ. ბუნებრივია, NLP სპეციალისტები ამ მოდელის გამოყენებას გვერდს ვერ აუვლიდნენ. ასე გაჩნდა სასაუბრო/ლინგვისტური ჰიპნოზი.