როცა პირველად შევუდგებით ქოუჩინგის გზაზე სიარულს, ვამთავრებთ რომელიმე ტრენინგს, ან ვიწყებთ სესიების ჩატარებას, ჩვენს წინ ახალი სამყარო გადაიშლება. უამრავი ახალი თეორიის დამახსოვრება, 8 კომპეტენციის შეთვისება და პრაქტიკაში კლიენტთან თითოეულ სესიაზე დანერგვა მარტივი ამოცანა არ არის!
გთავაზობთ ინსტრუმენტს, რომელსაც დავარქვი “ქოუჩსესიის კანვასი” და რომელიც დამწყებ ქოუჩებს დაეხმარებათ ქოუჩსესიის ანატომიის მარტივად ათვისებაში. ასევე, მოგიყვებით, როგორ არის ჩაშენებული ICF-ის ძირეული კომპეტენციები ამ კანვასის სხვადასხვა ნაწილებში. ეს ინსტრუმენტი ჩემს პირად პრაქტიკაზე და აზროვნების სტილზეა მორგებული. ის კიდევ უფრო ეფექტური გახდება, როცა თქვენ მას თქვენებურად გადაიაზრებთ და საკუთარ პრაქტიკას მოარგებთ.
რა არის ქოუჩსესიის კანვასი?
ქოუჩსესიის კანვასი ქოუჩის მიერ სესიის დროს ჩანაწერების გაკეთების ინსტრუმენტს წარმოადგენს. იგი ვიზუალური ჩარჩო-შაბლონის და პირობითი აღნიშვნების ერთობლიობაა.
რისთვისაა საჭირო?
ქოუჩსესიის კანვასს მოაქვს ხუთი ძირითადი სარგებელი:
- სესიის სტრუქტურა – კანვასის გამოყენება უზრუნველყოფს სესიის ისეთ სტრუქტურას, რომელიც დააკმაყოფილებს ICF-ის საგამოცდო მოთხოვნებს (სხვაგვარად, “ქვას გახეთქავს” და “წყალი არ გაუვა”) ACC და PCC სერტიფიცირებისთვის.
- დროის მართვა – კანვასი იძლევა დროის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას ნებისმიერი ხანგრძლივობის სესიის ჩატარებისას.
- მუდმივი განვითარება – კანვასი უზრუნველყოფს თვითცნობიერების მუდმივ ამაღლებას ICF-ის (განსაკუთრებით #3 და #8) ძირეული კომპეტენციების გამოყენება-განვითარებასთან მიმართებაში.
- უკუკავშირის მიღება – ქოუჩებისთვის კანვასი ეფექტური მეთოდია მენტორებისა და დამკვირვებლებისგან მიღებული უკუკავშირის ჩანიშვნის და ინტეგრირებისთვის.
- ეფექტური დაკვირვება – დამკვირვებლის როლში ყოფნისას, კანვასი გვაძლევს ქოუჩებისთვის სტრუქტურირებული, დასაბუთებული და სასარგებლო უკუკავშირის მიცემის შესაძლებლობას.
როგორ გამოვიყენოთ ქოუჩსესიის კანვასი?
სესიის დაწყებამდე, ვამზადებთ ჩანიშვნების ფურცელს ან რვეულის ახალ გვერდს, რომელსაც პირობითად ვყოფთ ოთხ ბლოკად. ამ ბლოკებში ჩამოვწერთ ცხრილში მოცემულ პირობით სიტყვებს და აღნიშვნებს (იხ. ნახაზი #1).
ქოუჩსესიის კანვასი შედგება ოთხი ბლოკისგან.
ფურცლის თავსართში (A ბლოკი) სესიის თარიღს, ხანგრძლივობას წუთებში და კლიენტის სახელს ვწერთ. აქვე სურვილისამებრ შეიძლება დავამატოთ რომელი კომპეტენციის ან ტექნიკის განვითარებას ვგეგმავთ ამ სესიაში.
B ბლოკი ეძღვნება სესიის თემის განხილვას და ქოუჩინგური შეთანხმების შედგენას.
C ბლოკს ვიტოვებთ კვლევის დროს გასაკეთებელი ჩანიშვნებისთვის.
D ბლოკში სესიის დასკვნითი ნაწილის ჩანიშვნებს ვაკეთებთ.
ქოუჩინგის ტრენინგებზე ჩვენ ვსწავლობთ, რომ ქოუჩის პასუხისმგებლობა სესიის დროს ის კი არ არის, თუ რა შედეგით წავა კლიენტი სესიიდან, არამედ მისი პასუხისმგებლობაა პროცესის მართვა, რაც ასევე პირდაპირ გულისხმობს დროის მართვას.
სწორედ ამიტომ, კანვასის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფუნქციაა დროის მართვაში დახმარება. კანვასი ვიზუალურად გვაჩვენებს, თუ რა დრო უნდა დავუთმოთ თითეულ ბლოკს სესიის მთლიან ხანგრძლივობასთან მიმართებაში. აქ მნიშვნელოვანია მოქნილობა, რომ თუ რომელიმე ბლოკზე ნაკლები ან მეტი დრო დაგვჭირდება, ეს სხვა ბლოკებზე მუშაობისას გავაცნობიეროთ და დავაკომპენსიროთ.
ნახაზი #1. ქოუჩსესიის კანვასი
ჩემს პრაქტიკაში, A5 ზომის რვეულის ფურცელი ჰყოფნის 30 წუთიანი სესიის შინაარსის დატანას, ხოლო 1 საათიანი სესიითვის A4 ქაღალდი ან A5 რვეულის ორი გვერდი მჭირდება. რვეულში მუშაობის შემთხვევაში, ყოველთვის ვიწყებ რვეულის შლის მარცხენა გვერდიდან, რათა სესიის მსვლელობისას წინა გვერდზე გაკეთებული ჩანაწერების სანახავად აქეთ-იქით ფურცვლა არ დამჭირდეს 🙂 შესაძლოა, სასარგებლო იყოს კანვასის ამობეჭდვა A4 ქაღალდზე და სესიების დროს შაბლონად გამოყენება. შეგიძლიათ კანვასის ცარიელი შაბლონი გადმოწეროთ აქედან.
კანვასის დეტალური აღწერა
ქვემოთ სქემის სახით (იხ. ნახაზი #2) წარმოდგენილია მთლიანი კანვასი დეტალურად, თითოეულ ბლოკში შემავალი კითხვები, კომპეტენციების მარკერები, რომლებსაც ფარავს ეს კითხვები, და შესაბამისი პირობით აღნიშვნების ახსნა-განმარტებები. ეს პირობითი აღნიშვნებიც შეგიძლიათ შეცვალოთ და მოირგოთ.
უწყვეტი ხაზები აღნიშნავს ფურცლის კიდეს, ხოლო წყვეტილი ხაზი – ზემოთ ნახსენები ბლოკების წარმოსახვით საზღვრებს. ფურცელზე ბლოკების ან ჩარჩოს დახაზვა არ არის აუცილებელი. აქ უფრო მნიშვნელოვანი სტრუქტურა და პირობითი აღნიშვნებია.
ნახაზი #2: ქოუჩსესიის კანვასი დეტალურად
A ბლოკი – მომზადება
1. ამ ბლოკში ივსება სესიის ჩატარების თარიღი, სესიის ხანგრძლივობა წუთებში, კლიენტის სახელი და, სურვილის შემთხვევაში, კომპეტენცია ან ინსტრუმენტი, რომელზე დაკვირვებაც, ან რომლის გაუმჯობესებასაც ვგეგმავთ ამ სესიაში.
სესიის დასაწყისში, სანამ თემის განხილვას დავიწყებთ, მნიშვნელოვანია ნდობის შექმნა. ასევე, როცა რელევანტურია, ამ ნაწილში ვიღებთ ნებართვებს წერილობითი მონიშვნების ან აუდიო/ვიდეო ჩანაწერის გაკეთებაზე, რითაც ეთიკის კომპეტენციასაც არ ვტოვებთ უყურადღებოდ.
ამ ბლოკში მოცემული “♡” სიმბოლო ზუსტად ამ ორ პუნქტს შეგვახსენებს.
შესაძლო კითხვები:
- როგორ გრძნობ თავს?
- რა ხდება ახლა შენში?
- რამდენად კომფორტული იქნება შენთვის, რომ რაღაცები მოვინიშნო? აუდიო/ვიდეო ჩანაწერი გავაკეთო?
B ბლოკი – კონტრაქტი
2. თემა – ეს არის კლიენტის დიდი და ზოგადი საკითხი, რომელზეც მას დღეს სურს მუშაობა. ხანდახან კლიენტი აქ იწყებს უზარმაზარი თემით, რომელიც შეიძლება დღევანდელი სესიის ფარგლებში ვერც დაიფაროს, ამიტომ რელევანტური ხდება მომდევნო კითხვა, სადაც ვაზუსტებთ კლიენტის კონკრეტულ მიზანს ამ თემის ფარგლებში. თუმცა, ასევე შესაძლებელია აქ კლიენტმა გაგვცეს ისეთი მკაფიო პასუხი, რომ პირდაპირ დაფაროს მეოთხე პუნქტის კითხვები და ამ შემთხვევაში სესიას გავაგრძელებთ მეხუთე პუნქტის კითხვებით.
შესაძლო კითხვები:
- რა საკითხზე გსურთ მუშაობა?
- რა თემაა დღეს შენთვის აქტუალური?
შესაძლო პასუხები:
- ბიზნესთან დაკავშირებით მაქვს გამოწვევები
- პირად ურთიერთობაში პრობლემები მაქვს და მინდა გავერკვე რა ხდება
- მინდა კარიერაში ცვლილებების საკითხი განვიხილოთ
3. +მიზანი – კლიენტის ცხოვრებისეული მიზანი უნდა იყოს პოზიტიურ ფორმატში ჩამოყალიბებული და ამის შესახსენებლად აქ ჩანს + ნიშანი.
რელევანტურია საბოლოო შედეგის ჩარჩოს (სშჩ) და SMART+ ტექნიკების გამოყენება თუ სესიის ხანგრძლივობა გვაძლევს ამის საშუალებას ან ესაა საკონტრაქტო სესია ქოუჩინგის პროცესში. შეგვიძლია ჩავაშენოთ VAK-ის კითხვები.
შესაძლო კითხვები:
- ამ თემის ფარგლებში რისი მიღწევა გინდა?
- რა არის შენი მიზანი? რა ვადაში?
- როგორ წარმოგიდგენია? რა გესმის? რას ხედავ? რას გრძნობ? (VAK)
- რამდენად რეალისტურია?
შესაძლო პასუხები:
- მინდა ახალი ბიზნესის დაწყება და ამისთვის ბიზნეს გეგმის შედგენა მომდევნო 3 თვის განმავლობაში
- აქამდე არავისთან მილაპარაკია ჩემი ურთიერთობის შესახებ, მინდა უბრალოდ დავიწყო ლაპარაკი და მერე იქნებ რამე გამოვარკვიო
- ვგრძნობ, რომ დიდი ცვლილების დრო დადგა და მინდა დავგეგმო ეს ცვლილება ზედმეტი სტრესის გარეშე.
4. +შედეგი – ეს არის შედეგი, რომლის მიღებაც კლიენტს სესიის ბოლოს სურს.
ყურადღება მისაქცევია განსხვავება +მიზანი და +შედეგი პუნქტებს შორის, რადგან თუ სესიის შედეგს არ დავაკონკრეტებთ და მხოლოდ კლიენტის ცხოვრებისეულ მიზანზე ვფოკუსირდებით, ეს სესია ვერ ჩაითვლება მესამე კომპეტენციის (ქოუჩინგური შეთანხმება) დამაკმაყოფილებელ სესიად და შესაბამისად ვერც ზოგადად ქოუჩინგურ სესიად.
აქაც რელევანტურია SMART+ და სშჩ.
შესაძლო კითხვები:
- რა გსურს შედეგად სესიის ბოლოს?
- რა იქნება ამ სესიის წარმატებული შედეგი?
- რა უნდა გქონდეს სესიის ბოლოს რომ სესია ჩაითვალოს წარმატებულად?
- შესაძლოა დაგვჭირდეს: “როგორ არის ეს შედეგი დიდ მიზანთან/თემასთან დაკავშირებული?”
შესაძლო პასუხიები:
- კარგი იქნება თუ ბიზნეს გეგმის შედგენისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამ
- მინდა მინიმუმ ერთი მკაფიო გაცნობიერება მივიღო პირად ურთიერთობაში არსებულ გამოწვევებათან დაკავშირებით
- მინდა დავგეგმო კონკრეტული ნაბიჯები კარიერული ცვლილებებისკენ
5. რ.კ1 / ე.კ2 – ვადგენთ სესიის წარმატებული შედეგის გაზომვის მინიმუმ ორ კრიტერიუმს. სასურველია, რომ ეს კრიტერიუმები შეიძლება იყოს როგორც რაციონალური (რ.კ.) (მაგ.: ნაბიჯების გეგმა, კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემა, ინსტრუმენტის შექმნა და ა.შ.), ისე ემოციური (ე.კ) (მაგ: სასურველი ემოციური მდგომარეობა, ენერგია, მეტაფორის მოძებნა,). ამ ნაწილში, თუ რელევანტურია, შეგვიძლია გამოვიყენოთ მიღწევის ან მდგომარეობის სკალირება (ეკვალაიზერის ტექნიკა) ან გაზომვის სხვა მეთოდები.
შესაძლო კითხვები:
- როგორ მიხვდები რომ ამ შედეგს მიაღწიე? როგორ გაზომავ შედეგს?
- რას უნდა მოიცავდეს / რისგან უნდა შედგებოდეს ეს გეგმა?
- სესიის ბოლოს რა გინდა იგრძნო/დაინახო/გაიგონო? (VAK)
6. მნიშ. – ვარკვევთ სესიის სასურველი შედეგის მნიშვნელოვნებას მოტივაციის შესაქმნელად. რაც უფრო კარგად დავფარავთ ამ ნაწილს, მით უფრო მეტი ენერგიით დაიწყებს კლიენტი საკითხის გამოკვლევას და მით უფრო დიდ გაცნობიერებას თუ ღირებულებას წაიღებს სესიიდან.
შესაძლო კითხვები:
- რითია მნიშვნელოვანი ამ გეგმის შედგენა?
- რატომაა მნიშვნელოვანი თავდაჯერების მოპოვება?
- ვისზე/რაზე მოახდენს გავლენას თუკი ამ საკითხს დაამუშავებ?
7. გეგმა – სესიის გეგმის შესახებ შეკითხვა ფარავს ICF-ის მესამე კომპეტენციის მეოთხე მარკერს და გამოიხატება ისეთ კითხვებში როგორიცაა:
- რა უნდა განვიხილოთ დღევანდელ სესიაში, ამ შედეგის მისაღებად?
- რა უნდა ვიკვლიოთ ამ სესიაზე?
- რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ შენ საუკეთესო შედეგს მიაღწიო?
- რით დავიწყოთ?
A და B ბლოკებში განაწილებული 1-8 პუნქტებით იფარება ქოუჩსესიის ალგორითმის პირველი სამი ნაწილი (ნდობა/რაპორტი, თემა, კონტრაქტი) და ICF-ის #1, #3 და #4 კომპეტენციები.
C ბლოკი – არცოდნის სივრცე
8. აქ არანაირ წინასწარ მონიშვნას არ ვაკეთებთ. ეს არის არცოდნის სივრცე, სადაც გამბედაობით და “სიბნელში ხელის ცეცებით” კლიენტთან ერთად მივდივართ მისთვის სასურველი მიზნისკენ.
ამ პუნქტში გვაქვს #5, #6 და #7 კომპეტენციებში ჩვენი ოსტატობის გამოჩენის ან ამა თუ იმ ტექნიკისა და ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა (თუ რელევანტურია კლიენტისთვის).
D ბლოკი – “მოსავალი” და შეჯამება
9. ☆ – აქ ვარკვევთ კლიენტითვის სესიის ღირებულებას და მიღებულ შედეგებს.
შესაძლო კითხვები:
- რა მიიღე/რა გაიგე შენს თემასთან მიმართებაში/შენი თავის შესახებ?
- რა იყო ყველაზე ფასეული ამ სესიაში?
- როგორ ხედავ ახლა ამ სიტუაციას?
- რამდენად კმაყოფილი ხარ სესიის შედეგით?
10. ↗ – ეს სიმბოლო შეგვახსენებს შემდეგი ნაბიჯების და პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც კლიენტს ქოუჩსესიის მიღმა დამოუკიდებლად ქმედებაში დაეხმარება. გეგმები შეიძლება იყოს როგორც რეფლექსიის, ისე – მოქმედების შესახებ.
შესაძლო კითხვები:
- როგორ გამოიყენებ ამ ცოდნას? როგორ შეინარჩუნებ ამ მდგომარეობას?
- როგორ გარდაქმნი ამ გაცნობიერებას მეთოდად?
- რა/ვინ დაგეხმარება ამის განხორციელებაში?
- რა იძლევა იმის გარანტიას რომ შენ ამას გააკეთებ?
- როგორია მომდევნო ნაბიჯი სესიის შემდეგ? რაზე იფიქრებ? რას გააკეთებ? როდის დაიწყებ?
11. ♡ – ამ ნაწილში შესაძლებლობა გვეძლევა ავღნიშნოთ კლიენტის წარმატება და პროგრესი პირდაპირი კომუნიკაციის გამოყენებით. ასევე, შეგვიძლია გამოვხატოთ მადლიერება და პარტნიორობით დავასრულოთ სესია.
თქვენ როგორ მოირგებთ ამ ინსტრუმენტს?
თუ ამ კანვასის გამოყენებას დაიწყებთ, გამიზიარეთ თქვენი პრაქტიკული მიგნებებიც Linkedin-ზე. განსაკუთრებით მაინტერესებს, რომელი პირობითი აღნიშვნები შეგეხმიანებათ ყველაზე მეტად და რომლებს შეცვლით თქვენი პერსონალური სტილის გათვალისწინებით.
იმედია ეს სტატია დაგეხმარებათ უფრო სტრუქტურული ქოუჩსესიების ჩატარებაში.
ავტორი: მარიამ ტალახაძე, ACC ICF