დღევანდელი რეალობა არის VUCA სამყარო. დღევანდელ რეალობაში გადარჩება ის, ვინც არის სწრაფი, აქვს ხედვა, აცნობიერებს რეალობას ირგვლივ, ერკვევა/ადაპტირდება ასევე სწრაფად. ეს არის ის უნარები, რომელიც ამ სივრცეში, დროის ამ მონაკვეთში ყველაზე „ძვირადღირებულია“.
რას ნიშნავს VUCA სამყარო?
პირველ რიგში არასტაბილურობას. ყველაფერი იცვლება ძალიან სწრაფად და ეს ცვლილებები არის არაპროგნოზირებადი. მთელ ამ პროცესში და არანორმალურ სისწრაფეში ხშირად მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა რთულდება. ფორმას და შინაარსს იცვლის ინდუსტრიები, სამომხმარებლო ბაზარი, იცვლება მიწოდების და კომუნიკაციის გზები, პროფესიები. ის, რაც არ არსებობდა 30 წლის წინ, დღეს შეიძლება ყველაზე მოთხოვნადი პროფესია იყოს. თუმცა, 30 წლის შემდეგ რა იქნება, ამისი პროგნოზირება რთულია.
კიდევ უფრო რთულია წინასწარ განსაზღვრო მოვლენების განვითარება და მისი გავლენები. ისტორიული პროგნოზები და წარსული გამოცდილება კარგავს აქტუალობას. გაურკვეველია მომავალი და ამას ხელს უწყობს ადამიანის გაცნობიერების უნარი თუ უუნარობა. და რაც უფრო გაურკვეველია სამყარო, მით უფრო რთულია მისი პროგნოზირება. თითქმის შეუძლებელია რაიმე ინვესტიცია გააკეთო დღეს, რადგან ხვალ შეიძლება ერთმა მოვლენამ სრულიად შეცვალოს სამყარო. გაურკვევლობა ქმნის მოკლევადიან სტრატეგიებს.
და ეს ყველაფერი არის რთული. სირთულე ეხება იმ ფაქტორების რაოდენობას და მრავალფეროვნებას, რაც უნდა გავითვალიწინოთ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების დროს. რაც უფრო მეტია გარემო ფაქტორები, მით უფრო რთულია მათი ურთიერთკავშირის დანახვა და შესაბამისი ანალიზი. ამ პირობებში კი რაციონალურ დასკვნამდე მისვლა დროში ფერხდება. მოცემულია რეაქციების ჩახლართული ქსელი და ერთი სწორი გზის არჩევა თითქმის შეუძლებელია.
საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება აქტუალური იყო გუშინ. დღეს კი სამყარო აღარ იყოფა თეთრად და შავად. ნაცრისფერიც შეიძლება იყოს ოპცია. თანამედროვე ორგანიზაციების და მენეჯმენტის წინაშე დაყენებული მოთხოვნები ისეთი პარადოქსულია, როგორც არასდროს, რომელიც დიდი გამოწვევაა ადამიანისთვის და მისი ფუნდამენტური ფასეულობების სისტემისთვის. კითხვამ „რა?“ გადაინაცვლა უკანა პლანზე და წინ წამოიწია კითხვებმა „რისთვის?“ და „როგორ?“. რაც უფრო არაერთმნიშვნელოვანია სამყარო, მით უფრო რთულია მისი ინტერპრეტირება.
უნარები, რომელიც თანამედროვე ადამიანს სჭირდება VUCA სამყაროში.
ხედვა, რომელიც დაგვეხმარება სწრაფი ცვლილებების ფონზე დავინახოთ ჩვენი ადგილი.
გაცნობიერება, რომელიც გაურკვეველ სამყაროში მოვლენების განვითარების ჯაჭვს დაგვანახებს.
სიცხადე, რომელიც რთულ, მრავალფეროვან ფაქტორებს დააკავშირებს ერთმანეთთან.
სისწრაფე, რომელიც არაერთმნიშვნელოვან სამყაროში დაგვეხმარება ადაპტირებაში.
აქვე აუცილებლად უნდა ვახსენო თვითდისციპლინა და პასუხისმგებლობის აღება საკუთარი თავის წინაშე, რადგან კოლექტიური აზროვნებიდან მივდივართ ინდივიდუალიზმისკენ, სადაც შენს ქმედებაზე და შედეგზე მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი.
ჩვენს რეალობას გარკვეულწილად ქმნის ერთი მნიშვნელოვანი სააზროვნო სტრატეგია. ეს არის ერთგვარი ქცევის ჩარჩო: ორიენტაცია შედეგზე თუ ორიენტაცია პრობლემაზე. ადამიანი, რომლის ქცევის მამოძრავებელიც არის შედეგი, ყოველთვის სახავს მიზანს და ეძებს მიზნამდე მისასვლელ გზებს. ბუნებრივია, მას ხვდება გარკვეული წინააღმდეგობები, თუმცა მისი აზროვნების სტრატეგია მომართულია მიიღოს კონკრეტული შედეგი. ამიტომ, ის ყოველთვის მოძებნის დამხმარე ინსტრუმენტებს, როგორ უნდა გადალახოს წინააღმდეგობები და მიზნამდე აუცილებლად მივა. პრობლემაზე ორიენტირებული სააზროვნო სტრატეგია კი გვაძლევს მსხვერპლის პოზიციაში მყოფ ადამიანს, რომელიც მუდამ „გადაბრალების“ რეჟიმშია. მისთვის პრობლემაა გარემო, სადაც დაიბადა; წრე, სადაც მოძრაობს; სისტემა, რომელშიც იმყოფება.
ამ სისტემაში, რაშიც ახლა ვართ, იბადება ახალი ადამიანი ახალი უნარებით. ძველი სტრატეგიები კი ისტორიის ფურცლებზე რჩება. თვითანალიზი არის კიდევ ერთი აუცილებელი უნარი. ეს არის ტრანსფორმაციის საფუძველი, რომლის გარეშე VUCA სამყაროში უბრალოდ ჩვენი ადგილი აღარ იქნება.