დროის მართვა – თვითქოუჩინგი

ხშირად გაგვიკეთებია ე.წ. to do list ან შეგვიდგენია კალენდარი, სადაც დეტალურად გვქონდა ჩანიშნული როდის რა უნდა გაგვეკეთებინა. თუმცა, ასევე ხშირ შემთხვევაში, დრო ისე გვისხლტება ხელიდან, რომ ვერც ვაფიქსირებთ რაში გავფლანგეთ. დრო იმ ერთ-ერთ რესურსს შორის არის, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება და რომლის სწორად გადანაწილებასაც ჩვენს მიზნებთან უფრო ახლოს მივყავართ. საკუთარი დროის მართვისთვის შემოგთავაზებთ რამდენიმე ქოუჩინგურ კითხვას, რაც დაგეხმარებათ პრიორიტეტების გადანაწილებაში და დროის დაგეგმვაში.

გააკეთეთ ერთგვარი დღიური, სადაც აწარმოებთ თქვენი დღის განრიგის დეტალურ ჩანაწერს. მაგალითად: რაზე ვხარჯავ ძალიან ბევრ დროს? და არის თუ არა ეს ღირებულების მომტანი ჩემთვის? თუ აღმოაჩენთ, რომ არა, ე.ი. საქმე გვაქვს დროის ფლანგვასთან. ხშირ შემთხვევაში, ამ გრაფაში ჩნდება სერიალების ყურება, სოციალური ქსელები და ა.შ. მეორე კითხვა – რაზე ვხარჯავ ძალიან ცოტა დროს? და არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი ჩემთვის? აქ საქმე გვაქვს დროის შესაძლებლობებთან. როგორ შეგიძლიათ ეს დრო გადაანაწილოთ სწორად?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორი გრაფიკის შედგენისას არის დღის მონაკვეთი, როდესაც ადამიანი არის ყველაზე პროდუქტიული. ბუნებრივია, ეს ინდივიდუალურია. ამიტომ, დაფიქრდით, დღის რომელ მონაკვეთში ხართ ყველაზე პროდუქტიული და მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ იმ დროს დაგეგმეთ. ასევე საინტერესოა ვინ ან რა აკონტროლებს თქვენს ცხოვრებას/დროს?  და როგორ შეგიძლიათ დაიბრუნოთ ეს კონტროლი? დღის განმავლობაში რა არის „ყველაზე ხშირი გამაღიზიანებელი ფაქტორი“ თქვენთვის? როგორ შეგიძლიათ აკონტროლოთ ან შეამციროთ ეს პროცესი? ამ ფაქტორების მოშორებით, საკმაოდ მნიშვნელოვან დროს გამოინთავისუფლებთ, რაც შეგიძლიათ დასვენებას და გართობას დაუთმოთ.

შემდეგი პუნქტი არის ქცევითი შაბლონები. დღის განმავლობაში რა ქცევით შაბლონებს ამჩნევთ? რამდენად სასარგებლოა ეს შაბლონები თქვენთვის? და რამდენად აუცილებელია ამ ქცევების შეცვლა? თუკი შეცვლით, რით ჩაანაცვლებთ, რაც უფრო სასარგებლო იქნება?

და ბოლოს, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: იწყება თუ არა თქვენი დღე ეფექტიანად? წარმატებულად? თუ არა, რა არის ამისი მიზეზი? რა და როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ?

რა შეიძლება ამოიღოთ დღის წესრიგიდან?

რისი დელეგირება შეგიძლიათ გააკეთო სხვა ადამიანებზე?

მთავარი კი, რასაც ეს ტექნიკა იძლევა, არის გააზრება იმისა, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ხდება, უნდა იყოს თქვენი კონტროლის ზონაში.