ქოუჩინგი ახალი სიცოცხლესავით შემოდის ხოლმე ადამიანების ცხოვრებაში. თუმცა, არა ყოველთვის, და მხოლოდ მაშინ, როცა ქოუჩი პროფესიონალია.
ქოუჩინგი დაურეგულირებელი სფეროა საქართველოში და ჯერ კიდევ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საკანონმდებლო ჩარჩოს არ არსებობობის გამო, ხშირად ვხედავთ, რომ ქოუჩად წარმოაჩენენ თავს ის ადამიანები, ვისაც, მაგალითად, 2-3 დღიანი ტრენინგი აქვთ გავლილი. იქიდან გამომდინარე რომ ქოუჩინგი ადამიანის ცნობიერებასთან მუშაობს, ამ სფეროში პროფესიონალიზმი მინიმუმ 8 განზომილებით იზომება და თეორიული ცოდნის დაუფლებასთან ერთად, საკუთარ თავზე მუშაობას, უწყვეტ პრაქტიკას და ქოუჩის პიროვნულ ზრდას მოიცავს.
რვა განზომილება, რომელიც ვახსენე, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის, ICF მიერ დადგენილი პროფესიული ძირეული კომპეტენციების ჩარჩოა ქოუჩებისთვის. ამ კომპეტენციების ცოდნით, ნებისმიერი ადამიანი უკეთ შეიქმნის წარმოდგენას რას უნდა ელოდოს პროფესიონალი ქოუჩისგან. ამ ბლოგში პირველ ორ განზომილებას მიმოვიხილავთ.
I კომპეტენცია ქოუჩის ეთიკაზე გვესაუბრება. იცოდით, რომ პროფესიონალ ქოუჩებს ეთიკის კოდექსი გვაერთიანებს? რაც ნიშნავს იმას, რომ ეთიკის დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციას. ეთიკის კოდექსის დაცვა ქოუჩის მხრიდან პროფესიონალიზმის პირველი და ფუნდამენტური ნიშანია. ქოუჩინგის მოკლე კურსების გავლა, ეთიკაში ჩაღრმავების შესაძლებლობას არ აძლევს მონაწილეებს.
რითი იცნობა ქოუჩი ყველაზე მეტად? მე რომ მკითხოთ, ეთიკასთან ერთად, მუდმივი პიროვნული და პროფესიული დახელოვნებით. ICF-ის ქოუჩის ძირეული კომპეტენციების მოდელში, ამ საკითხზე II კომპეტენცია გვესაუბრება და ქოუჩებს ავალდებულებს სისტემატურად გაიარონ გადამზადება და ქოუჩ მენტორინგი, ჰქონდეთ უწყვეტი პრაქტიკა და მუშაობდნენ საკუთარი ემოციური ინტელექტის ამაღლებაზე. ქოუჩის პროფესიულ და პიროვნულ ზრდას საუკეთესოდ აერთიანებს რეფლექსიური პრაქტიკა, ქოუჩების სუპერვიზიის პროცესი. ჰკითხეთ თქვენს ქოუჩს, რა პერიოდულობით გადის სუპერვიზიას?
სუპერვიზია ქოუჩს შესაძლებლობას აძლევს გააუმჯობესოს თვითმართვისა და ემპათიის უნარები, აიმაღლოს თვითცნობიერება და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვით უკეთ შეძლოს ადამიანების დახმარება მათი მიზნების გზაზე.
ქოუჩინგში არსებობს დაუწერელი წესი, რომელიც გეუბნება, რომ ქოუჩი ვერ იმუშავებს ტრანსფორმაციულ დონეზე კლიენტთან, თუ არ მუშაობს საკუთარ თავთან თვითონ. შესაბამისად, ქოუჩინგი არის პროფესია, რომელიც მოითხოვს ეთიკას, პიროვნულ სიმწიფეს, ნამდვილობას და განვითარების მუდმივ ფერხულში ყოფნას.
ავტორი: ეკატერინე ბაბუნაშვილი, PCC ქოუჩი , ერთადერთი ქართველი ქოუჩთა სუპერვიზორი