გაცნობიერება

ჩვენ, ყველას, გვაქვს ყოველდღიური ცხოვრება, ქცევის სტანდარტული მოდელები, რომელსაც ხშირად ვიმეორებთ. როგორია შენი ერთი დღე? იღვიძებ დილას, იწესრიგებ თავს, სვამ ყავას, მიირთმევ საუზმეს, ზრუნავ ოჯახის წევრებზე, მიდიხარ სამსახურში, მუშაობ, კონტაქტობ სხვადასხვა ადამიანთან, საუზმობ, აგვარებ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხს, ბრუნდები სახლში, ამზადებ ვახშამს და ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს… რამდენად ჰგავს შენი დღეები ერთმანეთს? არის შენი ცხოვრება შენი მიზნების შესაბამისი? მეგობრობ შენს სურვილებთან? თუ პირიქით, შენი ყოველდღიურობა გარემო ფაქტორებით არის ნაკარნახევი? იცი, რა არის შენი ცხოვრებისეული მიზანი? და რას აკეთებ ყოველდღე ამ მიზნის მისაღწევად? შენი ყოველდღიური საქმიანობა შედგება იმ ნაბიჯებისგან, რაც მნიშვნელოვანია შენთვის და შენი მიზნისთვის? თუ მხოლოდ იმ ქმედებისგან, რაც აუცილებელია, რომ გააკეთო, რადგან ამას გარემო ითხოვს შენგან? და აქვე დავსვამ მთავარ კითხვას: რამდენად გაცნობიერებულად ცხოვრობ?

ჩვენ ვცხოვრობთ კონკრეტულ გარემოში. და ეს გარემო დიდწილად ჩვენი არჩევანის საფუძველზე ფორმირდება. გარშემო არიან ადამიანები: ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები, ნაცნობები, ნათესავები. ვართ კონკრეტულ სივრცეში: სახლი, სამსახური, სასწავლებელი, საყვარელი ადგილები. ვიღაცის სახლი ძალიან კომფორტულია, რბილი ავეჯითა და ნათელი ფერებით. ვიღაცის კი – პირიქით. ზოგი თქვენგანი იმ უნივერსიტეტში სწავლობს, სადაც უნდოდა, ზოგმა კი მოვალეობა მოიხადა მხოლოდ. ვიღაცისთვის ტყეში კემპინგი საუკეთესო დასვენებაა, ვიღაც კი უპირატესობას ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს ანიჭებს. გარემოში შედის სხვადასხვა ნივთებიც, რომლებიც ჩვენ ირგვლივაა, ზოგი კომფორტისთვის, ზოგიც – აუცილებლობისთვის. ის გარემო, სადაც ვართ, ყველასთვის ინდივიდუალურია. როგორია შენი გარემო?

ინდივიდუალურია ჩვენი ქცევებიც. რას ვაკეთებთ იმ კონკრეტულ გარემოში, სადაც ვართ? როგორია ჩვენი ქცევა? ჩვენ, ყველას, კომუნიკაციის განსხვავებული სტრატეგიები გვაქვს: საუბარი, არავერბალური კომუნიკაცია, ჟესტიკულაცია, მოძრაობა, სხვადასხვა ავტომატური მოქმედება. ასევე, ემოციური გამოხატულებები – როგორ ვიქცევით სტრესის დროს, კონფლიქტის დროს, როცა შეყვარებულები ვართ, როცა გადაწყვეტილებას ვიღებთ, დასწავლის პროცესში, დასვენების პროცესში, მუშაობის პროცესში და ა.შ.  და, რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ქცევების დიდი ნაწილი გაუცნობიერებელია. ცოტა ადამიანი თუ ფიქრობს ლაპარაკის დროს საკუთარ ხელებზე ან მუშაობის დროს – სახის გამომეტყველებაზე.

ინდივიდუალობის გამომხატველია ის უნარებიც, რაც გვაქვს. ყველა ჩვენგანი ფლობს უნარების, კომპეტენციების, შესაძლებლობების გარკვეულ კრებულს. მაგალითად, დასწავლის უნარი, გადაწყვეტილების მიღების უნარი, კომუნიკაციის უნარი, მოსმენის უნარი, დაგეგმვის უნარი და ა.შ. ყველა ეს უნარი სიღრმისეულ დონეზე განიხილება და იმ გარემოშია გამოხატული, სადაც ვართ, იმ ქცევების სახით, რაც გვაქვს. უნარებს „ვაპროგრამებთ“ ცნობიერად. ამ აბზაცს დავასრულებდი კითხვებით: რა უნარებს ფლობ? რა შეგიძლია შენ?

ჩვენი გარემოს, ჩვენი მიზნების, ჩვენი ქმედებებისა და, ზოგადად, ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელია ჩვენი ღირებულებები. ეს არის ის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პასუხი კითხვაზე: რისთვის არის მნიშვნელოვანი ჩემი მიზანი? რას მაძლევს? და აქვე ვიტყვი, რომ კითხვების ვარიაცია შეიძლება ბევრნაირი იყოს. თუმცა, ყველა კითხვას იმ ძირითად პასუხამდე მივყავართ, რაც არის ჩვენი მამოძრავებელი ენერგია. ის მთავარი, რისთვისაც ვმოქმედებთ. ღირებულებების გარეშე ადამიანი ვერ დასახავს მიზანს და ვერ გადადგამს ნაბიჯებს. არ არის ღირებულება – არ არის ქმედება.

სამყაროს აღქმის ჩვენეულ მოდელში არის რწმენა-წარმოდგენები. ერთნი ფიქრობენ, რომ 60 წლის ასაკი უკვე სიბერეა. მეორენი კი ამ ასაკში იწყებენ ახალ ცხოვრებას. თუ მე დარწმუნებული ვარ, რომ ოჯახის შექმნა ხელს შეუშლის ჩემს კარიერას, ეს ასეც მოხდება. რა რწმენა-წარმოდგენები გაქვს შენ? ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ვთქვი, რწმენა-წარმოდგენები განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას. თუკი ღირებულებები მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული გვაქვს, ხშირ შემთხვევაში, რწმენა-წარმოდგენები ფარულად მუშაობს. ეს პროცესი ანტივირუსის მოქმედებას ჰგავს, რომელიც სულ ჩართულია, თუმცა კომპიუტერის ეკრანზე მას ვერ ვხედავთ. და ის თავის ფუნქციას ასრულებს. ხშირად მეკითხებიან, კარგია თუ ცუდი რწმენა-წარმოდგენების ქონა? მე ვიტყოდი, კითხვა არასწორადაა დასმული. შენ გაცნობიერებული გაქვს შენი რწმენა-წარმოდგენები და ღირებულებები? და თუ გაცნობიერებული გაქვს, მუშაობენ ისინი შენს სასიკეთოდ? ყველაფერი კარგია, რაც ხელს გვიწყობს განვითარებაში. თუმცა, არსებობს შემზღუდავი რწმენა-წარმოდგენები. მაგალითად, „სამყარო მტრულად არის განწყობილი და მუდმივად მიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის“. ასეთი რწმენა-წარმოდგენით ცხოვრება დაახლოებით ნიშნავს – ყოველ დილით საომრად მიდიოდე. და რას გრძნობს ამ დროს შენი სხეული? შეძლებს კი ის მოდუნებასა და სიამოვნების მიღებას ცხოვრებისგან? და რამხელა იმედგაცრუება ექნება ასეთ ადამიანს, როდესაც ღრმა სიბერეში მისი ტვინი გადაწყვეტს, რომ მორჩა, ბრძოლა მან მოიგო და არავინ დააჯილდოებს ამისთვის.

ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, რა არის მნიშვნელოვანი. ვამჩნევთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენს რეალობაშია, და ეფუძნება რწმენა-წარმოდგენებს. ვაკეთებთ არჩევანს და ვსახავთ მიზნებს ამ შინაგანი პროგრამების საფუძველზე. მაგალითად, თუკი ჩემი ღირებულებაა ჯანმრთელობა, ისეთ პროფესიას ავირჩევ, რომელიც კავშირში იქნება ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებთან და ასეთივე პრინციპებით ვიცხოვრებ. ბოლო რამდენიმე წელია, ფრილანსერობა სამუშაო პრაქტიკის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმად ჩამოყალიბდა. ვინც კარიერული განვითარების ასეთ გზას ირჩევს, მისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება თავისუფლებაა.

ხშირად საპირისპიროც ხდება. ვსახავთ მიზნებს, რომელიც კავშირში არ არის ჩვენს ღირებულებებთან და სწორედ ასეთ დროს ვჩერდებით, ვიცლებით სამოქმედო ენერგიისგან, ანუ გვეზარება. ენერგიის გარეშე კი მიზანიც ბუნდოვანი ხდება.

და როცა შენ იმ კონკრეტულ გარემოში ხარ, გაქვს ეს უნარები და ღირებულებები, ვინ ხარ? როგორი ადამიანი ხარ? ეს არის ის იდენტობა, რომელიც გვაქვს. მე ვარ თავისუფალი ადამიანი. ან მე ვარ ქალი. ან მე ვარ ირინა ჭოჭუა. ან მე ვარ მაძიებელი მეცნიერი. ვარიაცია შეიძლება ბევრნაირი იყოს. შესაძლოა, ეს იყოს პროფესია, ან რაიმე თვისება, ან იდენტიფიცირება ეროვნებასთან, რელიგიასთან, სქესთან, სოციალურ როლთან და ა.შ. ან სულაც, უბრალოდ, სახელი და გვარი. ვინ ხარ შენ? და რა არის შენი მისია?

მისია – ამის გაცნობიერება ადამიანს სრულიად ახალ შესაძლებლობებს ანიჭებს. მისიის დონეზე ტრანსლირება საკუთარი როლის, საკუთარი ღირებულებების, უნარების, ქმედებისა და გარემოსი სრულიად ახალი და უმაღლესი საფეხურია ადამიანის ცხოვრებაში. აქვე მახსენდება ერთი ძალიან ცნობილი იგავი. სამი მშენებელი ძალიან მძიმე ქვებს ეზიდება. სამივე სხვადასხვა სახის გამომეტყველებით. კითხვაზე: „რას აკეთებ?“ ერთი უკმაყოფილოდ პასუხობს: „ვერ ხედავ? ქვებს დავათრევ“. მეორე მშენებელი სერიოზული სახით ეტყვის: „ოჯახისთვის ფულს გამოვიმუშავებ“. მესამე კი ძალიან მშვიდად უპასუხებს: „ტაძარს ვაშენებ“. იმ ადამიანებს, ვისაც გაცნობიერებული აქვთ საკუთარი მისია, ხშირად იღბლიანებს ვუწოდებთ. მათ აქვთ საყვარელი საქმიანობა და აკეთებენ იმას, რაც სიამოვნებთ, რისთვისაც, მათი აზრით, ღირს ცხოვრება. ასეთი ადამიანები ფულსაც გამოიმუშავებენ, შესაძლებლობაც ბევრი აქვთ, ენერგიის ბალანსიც, ადამიანებსაც იზიდავენ და შესაბამის გარემოსაც იქმნიან. შენ შეგიძლია, უპასუხო კითხვას: რა არის შენი მისია?

მინდა ისევ იმას დავუბრუნე, რითაც დავიწყე. რამდენად აცნობიერებ, რა გარემოში ცხოვრობ, როგორია შენი ქმედება/ქცევა ამ გარემოში, რა უნარები გაქვს, რა ღირებულებები და რწმენა-წარმოდგენები, როგორ გამოიხატება შენი ღირებულებები შენს ქმედებებში, როგორ აზროვნებ, ვინ ხარ, რა მიზანი გაქვს და რა არის შენი მისია? არის ყველა ამ საფეხურზე შენი ცხოვრება შენი არჩევანი თუ ეს შემთხვევითობაა, რომელიც დინებამ მოგიტანა?

ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ შენ შეგიძლია და ყველა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაიწერა თვითგანვითარების ეს ინსტრუქციაც.