ლიდერობის ახალი პარადიგმა

ლიდერობის ახალი პარადიგმა მიმზიდველად ჟღერს, თუმცა, რამდენი ადამიანიც არის ამ ქვეყანაზე, იმდენნაირად მოხდება კიდეც ამ წინადადების ინტერპრეტირება. სწორედ მოცემულ ფენომენშია 21-ე საუკუნის ლიდერობის კომპლექსურობა. დღევანდელი BANI სამყარო ლიდერებს უფრო მასშტაბური ცვლილებებისკენ უბიძგებს: შეცვალონ მუშაობის სტილი ადამიანებთან, დანერგონ ჰიბრიდული მუშაობის უნარ-ჩვევები, შეუქმნან მოტივაცია თანამშრომლებს დისტანციური მუშაობის დროს, ჰქონდეთ ეფექტიანი კომუნიკაცია გუნდში, მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად ვერ ხვდებიან ერთმანეთს. აღნიშნული მოთხოვნების წამკითხველს, ალბათ, ჯერ ფილმი Mission Impossible წარმოუდგება თვალწინ და შემდეგ დაიწყებს ფიქრს, როგორ გაიკვანძოს ჰაერში, რომ ეს ყველაფერი შეძლოს. მოდით, გავშალოთ ლიდერობის კომპლექსური და, გარკვეულწილად, ამოუცნობი ფენომენი იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ. როგორ შეძლოს თანამედროვე ლიდერმა ფეხი აუწყოს ბიზნეს სამყაროს დინამიურ რითმს და თანამშრომლების მრავალფეროვნებას.

ლიდერებთან მუშაობის ჩემი 10 წლიანი გამოცდილებით ვაკვირდები, რომ  ლიდერები, ხშირად,  თვითნაბადი ადამიანები არიან, განვითარებისკენ სწრაფვის დაუოკებელი ჟინით.  ნამდვილი ლიდერი კი მაშინ იწყებს ჩამოყალიბებას, როდესაც პასუხს სცემს შეკითხვაზე: რას მისცემს ჩემი ლიდერობა ადამიანებს? ჩემს დარგს? საზოგადოებას? ეს შეკითხვა ლიდერის მისიას ბადებს. მისიის გარეშე კი ლიდერი ჰგავს ადამიანს, რომელსაც კომპასი ჯერ არ აღმოუჩენია.

ვინ არის ნამდვილი ლიდერი?

ნამდვილი ლიდერი არის ადამიანი, რომელმაც იცის რა სურს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლიდერს ბიზნესის განვითარების სტრატეგიული ხედვა აქვს. რას შევქმნით მე და ჩემი გუნდი 5 წელიწადში? ამ მნიშვნელოვან შეკითხვაზე პასუხი დღეს ბევრ ლიდერს არ აქვს, ან მათი პასუხი ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება. ზოგადი ფრაზები ხედვის მტერია, ვინაიდან, ეს ნიშნავს, რომ ლიდერს არ აქვს ნათლად წარმოდგენილი, სად მიჰყავს გუნდი. შესაბამისად, გუნდისთვისაც მომავალი ბუნდოვანია და აღსრულების მოტივაცია დაბალი.

შეამოწმეთ თქვენი ხედვა ნამდვილობაზე ორ მარტივ შეკითხვაზე პასუხის გაცემით: როგორ წარმომიდგენია, რა გვაქვს შექმნილი 5 წელიწადში მე და ჩემს გუნდს? როგორ განვმარტავთ წარმატებას თითოეული ჩვენგანი? შეადარეთ ეს განსაზღვრებები ერთმანეთს. ნახეთ, სად ხართ ერთ ფურცელზე და სად არის თქვენი აღქმები აცდენილი. შემდეგ, დააახლოვეთ თქვენი ხედვა ერთმანეთს და გაუდექით გზას წინ – წარმატებისკენ.

ხედვის არსებობასთან ერთად, 21-ე საუკუნის ლიდერებს ნამდვილობა და ავთენტურობა გამოარჩევს. აღნიშნული განპირობებულია იმ მოცემულობით, რომ შეუძლებელია ლიდერობის „სტანდარტიზაცია“, თითოეული ადამიანის უნიკალური ბუნებიდან გამომდინარე. ნამდვილ ლიდერს გამოარჩევს მაღალი თვითცნობიერება, რომელზეც მუდმივად აგრძელებს მუშაობას. ეს უნარი კი შესაძლებლობას აძლევს თანაბრად ჰქონდეს აღქმული საკუთარი ძლიერი მხარეები და მოწყვლადობა, თქვას „არ ვიცი“ და გუნდთან ერთად იკვლიოს გადაჭრის ახლებური გზები.

შეიცან თავი შენი

გასული საუკუნის ლიდერობის ტრენდი ქარიზმა იყო, მიიჩნეოდა რა, რომ ლიდერისთვის ქარიზმატულობა აუცილებელია. თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ არ არსებობს კორელაცია ქარიზმასა და ეფექტიანობას შორის. ლიდერობის მნიშვნელოვან მახასიათებლებად კი ემოციური ინტელექტი, სტრატეგიული აზროვნება, ინოვაცია, მოქნილობა, ცვლილებებისადმი მზაობა, ახალი იდეებისა და მრავალფეროვნებისადმი ღიაობა იქნა მიჩნეული. ამ მახასიათებლების განვითარებისთვის ლიდერებს, ისევ და ისევ, თვითცნობიერების ამაღლება სჭირდებათ. ამ კორელაციის დასადგენად მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ვნახავთ, რომ მე ვერ განვავითარებ ემოციურ ინტელექტს, თუკი თავად არ გავერკვიე, რა ემოციებს ვგრძნობ დღის განმავლობაში და რომელი ემოცია როგორ ზემოქმედებას ახდენს ჩემზე.

საკუთარი პიროვნების არქიტექტურის შესწავლაში ლიდერებს ქოუჩინგი ეხმარება. სწორედ ბიზნეს ქოუჩინგის სისტემური მიდგომებით ხდება ხედვის შექმნა და მის გარშემო გუნდების გაერთიანება. ასეთ გუნდში კი 1+1 არ უდრის 2-ს, 1+1=11. ეს არის მაღალეფექტური გუნდებისა და ორგანიზაციების ფორმულა, რომელზეც წვდომას ბიზნეს ქოუჩინგი გვიხსნის.

ავტორი: ეკატერინე ბაბუნაშვილი