ნეიროქოუჩინგი: მეცნიერება + ხელოვნება

როდის მივდივართ ქოუჩთან?

როცა ვეძებთ ჩვენი განვითარების საუკეთესო გზას, გვინდა დავსახოთ მიზნები, მივიღოთ შედეგები და დავტკბეთ ემოციებით. ქოუჩინგი ადამიანს ეხმარება გაააქტიუროს თავისი შინაგანი პოტენციალი, დასახოს მიზნები და მოიკვლიოს ყველა შესაძლო ვარიანტი, იმუშაოს საკუთარ ენერგიაზე, ემოციურ ბალანსზე, ჩართულობაზე, შთაგონებაზე, შემოქმედებითობაზე, დაძლიოს შიშები და წინააღმდეგობები და კონცენტრირდეს მომავალზე, ჩაიდინოს ქმედებები აქ და ახლა, გაშალოს ცნობიერების ჰორიზონტი, გავიდეს ჩარჩოებს მიღმა და დააგენერიროს ახალი ქცევები და უნარები, შექმნას და იყოს ცვლილებების ინიციატორი თავად. ამ ყველაფერს ქოუჩინგი აკეთებს კითხვების დასმით და ეს უკვე ხელოვნების დონეზეა აყვანილი. იცით რას ვეძახით ძლიერ კითხვას? რომელიც მომენტალურად აგიხელს თვალს და დაგანახებს იმას, რასაც აქამდე ვერ ხედავდი, თუმცა, როგორც დედაჩემი იტყვის, „ცხვირწინ გედო“.

ნეირომეცნიერება სწავლობს ნერვულ სისტემას. ეს არის ინტერდისციპლინარული მეცნიერება, რომელიც აერთიანებს ლინგვისტიკას, ინჟინერიას, მათემატიკას, კომპიუტერულ მეცნიერებებს, ქიმიას, ფილოსოფიას, ფიზიკას, ბიოლოგიას, ფსიქოლოგიას და მედიცინას. კვლევის თემებია ტვინი და მისი განვითარების ეტაპები, ნეირონების მუშაობის მექანიზმები, ქცევის, მეხსიერების და დასწავლის ალგორითმები, ემოციები და მისი ბიოქიმიური საფუძვლები, სხვადასხვა სახის დარღვევები და აშლილობები, კოგნიტური ფუნქციები, აზროვნების სისტემა და მისი გავლენები ბიოლოგურ დონეზე.

ნეიროქოუჩინგი უფრო შორს მიდის და ადამიანის აზროვნება გადაჰყავს ახალ საფეხურზე. ეს ყველაფერი ეფუძნება მეცნიერებას ტვინის შესახებ. ნეიროპროცესების შესწავლა გვეხმარება ქოუჩინგის ხელოვნებას მივცეთ მყარი მეცნიერული საფუძვლები და ამით დავეხმაროთ ადამიანს აღმოაჩინოს თავისი უნიკალური შესაძლებლობები. უფრო კონკრეტულად კი მეხსიერების, დასწავლის, ენერგიის გამომუშავების, თვითპროგრამირების და თვითმართვის უნარების გამოყენებით მოახდინოს შემდეგი ცვლილებები: იპოვოს თვითმოტივაციის ინდივიდუალური მექანიზმი, მართოს საკუთარი ენერგია და დაგეგმოს აქტივობები შესაბამისად, მოახდინოს ინფორმაციის მიღების და გადამუშავების უნარის ოპტიმიზაცია, შეარჩიოს ან შექმნას ახალი ქცევის სტრატეგია, მართოს დროის ინდივიდუალური აღქმა, დააჩქაროს პროცესები, გადააფორმატოს მეხსიერება და შექმნას ახალი გამოცდილებები, მართოს ემოციები და უბრალოდ იყოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.