ერთ-ერთმა კლიენტმა სესიაზე ასეთი რამ მითხრა:

–         თავის დროზე, მოზარდი როცა ვიყავი, ბებიაჩემმა მითხრა, შენ იმ კატეგორიის ადამიანი ხარ, რომლებსაც ცხოვრებაში ყველაფერი რთულად ეძლევათ. მეც დავიჯერე და რაც კი აქამდე ცხოვრებაში რამე მიმიღია, ყველაფერში თავისი სირთულე იყო.

–         შენ თვითონ რისი გჯერა? – ვკითხე და ცოტათი დაიბნა.

–         მე მინდა მჯეროდეს, რომ ეს ასე არ არის და რომ მეც შეიძლება მარტივად რაღაცები მივიღო, – მიპასუხა ცოტა ფიქრის შემდეგ.

–         და რა გიშლის ხელს, რომ ამისი გჯეროდეს? – ვკითხე და აქ კიდევ უფრო მეტად დაიბნა, რადგან ფაქტზე დაფუძნებული პასუხი არ ჰქონდა.

რწმენა- წარმოდგენები – ეს არის მყარი მტკიცებები, ზოგჯერ გაცნობიერებული, ზოგჯერ გაუცნობიერებელი, რომელიც ყალიბდება ჩვენი ან სხვისი გამოცდილებიდან გამომდინარე და რომელიც ხდება ერთგვარი ორიენტირი ჩვენს ცხოვრებაში. სააზროვნო რუკაში წრმენა-წარმოდგენებს მსუყე ადგილი უკავია და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, ემოციებს. მე კი ვიტყოდი, რომ რწმენა-წარმოდგენები ეს არის ერთგვარი მაგიური თუ ჰიპნოტური ფრაზები, რომელიც ჩვენ გვფლობს თავიდან ბოლომდე. არის შემთხვევები, როდესაც ეს რწმენა-წარმოდგენები ძალიან პოზიტიურია და ჩვენდა სასიკეთოდ მუშაობს, მაგრამ არის შემთხვევები პირიქით – ნეგატიურია ან დამანგრეველი. უნარი აღმოაჩინო შენში ნეგატიური რწმენა-წარმოდგენები და ჩაანაცვლო ის შენთვის სასარგებლო მტკიცებებით, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ადამიანს უყალიბდება პიროვნული განვითარების გზაზე.

რწმენა- წარმოდგენები თავისი წყობით და სტრუქტურით ჰგავს ფორმულებს. მაგალითად, „ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთებას სჭირდება ძლიერი გავლენები“, „ფული ძნელად იშოვება“, „ოჯახი და კარიერა შეუთავსებელია, ან ერთს ირჩევ ან მეორეს“, „60 წლის ასაკში ადამიანები უკვე ბერდებიან და ვერც ვეღარაფერს აკეთებენ“, „ლამაზი ქალი ყოველთვის მსხვერპლია“, „ამ ქვეყანაში ვის გაუხარია, რომ მე გავიხარო“, „მდიდარი ოჯახიდან თუ არ ხარ, ისე ძნელია რამეს მიაღწიო“, “წარმატებისთვის ვინმემ ხელი უნდა წაგკრას”, „მხოლოდ სუსტი კაცები ტირიან“, „მარტო განსაკუთრებულებს უმართლებთ“, „იმისათვის, რომ იყო წარმატებული, მსხვერპლი უნდა გაიღო“, „ჩემს ასაკში ცხოვრების თავიდან დაწყება რთულია“, „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“, „ამერიკაში თუ დაიბადე, უკვე უამრავი შესაძლებლობა გაქვს“, “ადამიანებს არ უნდა ენდო”, „მე ხომ ბედი არა მაქვს“ და ა.შ.

გეცნოთ ფრაზები? სულ ერთი წამით, გააკეთეთ პაუზა და დაფიქრდით, რამდენი მსგავსი შემზღუდველი რწმენა-წარმოდგენა გიტრიალებთ გონებაში? რამდენჯერ გიფიქრიათ ეს მაინც ასეა და ვერაფერს შევცვლი ან არაფერი გამომივა?

სინამდვილეში, ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თავში. ეს არის ჩვენი შეხედულებები, ჩვენი მენტალური რეპრეზენტაცია, „ჩვენი სიმართლე“ ამ სამყაროზე თუ იმ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ. და ჩვენ ვხდებით ამ „ჩვენი სიმართლის“ მსხვერპლი. თუ მე მგონია, რომ 60 წლის ასაკში ადამიანი უკვე ბებერია და ვეღარაფერს შეძლებს, მე როდესაც გავხდები 60 წლის, სწორედ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდები. ან თუ მგონია, რომ ფული ზოგადად ძნელად იშოვება, ჩემს შემოსავლებს ეს აუცილებლად დაეტყობა.

პიროვნული განვითარების ჯგუფებში ერთ შეხვედრას მთლიანად ვუთმობ შემზღუდველი რწმენა-წარმოდგენების აღმოჩენას და მათ ჩანაცვლებას განმავითარებელი რწმენა-წარმოდგენებით. მახსოვს, ერთ-ერთმა მონაწილემ მაგალითად მოიყვანა ცნობილი ანდაზა „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“ და თქვა: „მე ძალიან მიყვარდა სწავლა ბავშვობაში და არაფრით არ მესმოდა, რატომ იყო მწარე“. მან ერთგვარ ფორმულას მიაგნო და უბრალოდ არ დაიჯერა ამ რწმენა-წარმოდგენის, სანაცვლოდ კი თავისი ფორმულა შეიმუშავა. ალგორთმიც ეს არის. იპოვეთ თქვენი შემზღუდველი რწმენა-წარმოდგენები. ეს შეიძლება იყოს სიტუაციიდან გამომდინარე ან თქვენს სოციალურ როლთან დაკავშირებული. დასვით კითხვა: ამ საკითხთან მიმართებაში რა შეხედულება მაქვს? რისი მჯერა? ჩამოაყალიბეთ ეს შეხედულება როგორც ფრაზა და თუკი არ მოგეწონებათ ის, დასვით კითხვა: რის საფუძველზე ვასკვნი, რომ ასეა? ამის ნაცვლად რისი მინდა მჯეროდეს? რითი მინდა ჩავანაცვლო ეს შემზღუდველი რწმენა-წარმოდგენა? რა მიმახვედრებს, რომ ეს ასეა?

მაგალითისთვის, ავიღოთ ფრაზა „იმისათვის, რომ იყო წარმატებული, მსხვერპლი უნდა გაიღო“. საიდან ვასკვნი, რომ ასეა? ამის ნაცვლად რისი მინდა რომ მჯეროდეს? რითი ჩავანაცვლებდი ამ რწმენა-წარმოდგენას? როდესაც ეს ფრაზა გავატარე კითხვების ქარცეცხლში, მივიღე შემდეგი ფორმულა: „წარმატების მიღწევას უნდა მონდომება და ფიქრი. სხვა დანარჩენი ჩემს ხელშია“. თქვენ რა ფორმულას შექმნიდით თქვენი წარმატებისთვის?

ირინა ჭოჭუა

ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ ასოციაციის წევრი. სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით. International Coach Federation (ICF) წევრი.
03.23.2019

ლაბის ფოტო ამბები

ბოლო პოსტები

საკვანძო სიტყვები

კატეგორიები

არქივი