მე შენ გისმენ, მე შენი მესმის

ეს სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა ხმებით და მოსმენილი ამბებით. როგორი ხარ დიალოგში? უფრო მეტს უსმენ თუ უფრო მეტს ლაპარაკობ? უსმენ სიტყვებს თუ უსმენ ემოციას? მოსმენისას ფიქრობ სეზამიან ფუნთუშაზე თუ წარმოიდგენ იმ ამბის სცენებს, რომელსაც ის, მეორე მხარე გიყვება? და საერთოდაც, როდესაც ხარ დიალოგში ჩართული, იმ მომენტში იქ ხარ?

ქართველებს გვაქვს ერთი ძალიან ძლიერი სიტყვა: გულისყურით მოსმენა. წარმოიდგინე, რომ დიალოგის დროს მეორე ადამიანს  შენი გული უსმენს. რა მდგომარეობაა ეს? ჩემთვის ეს არის ემპათია. უნარი, ჩავიცვა იმ მეორე ადამიანის ფეხსაცმელები, მოვირგო მისი სამოსი და თანაგანვიცადო მისი ემოცია, გავიგო მისი ქცევა.

მგონია, რომ ამ სამყაროში, რომელიც სავსეა ასეთი მრავალფეროვანი ხმაურით და კიდევ უფრო მეტი ამბით, ჩვენ, ადამიანები, ერთმანეთს არ ვუსმენთ. და ჩვენ შორის გულისყურით მოსმენის მანძილიც იზრდება. დარღვეულია დიალოგის ბალანსი. ისეთი დიალოგისა, რომელიც დგას მოსმენაზე და არა მხოლოდ საკუთარი აზრის გამოხატვაზე. არათუ სხვებს, ზოგჯერ გადაწყვეტილებებსაც ისე ვიღებთ, რომ საკუთარ თავსაც არ ვუსმენთ. დღეს, ერთ-ერთი სესიის დროს, კლიენტმა მკითხა, ეს დიალოგი ხომ შეიძლება ჩემ თავთანაც მქონდესო. ეს დიალოგი აუცილებლად უნდა გვქონდეს საკუთარ თავთან და აუცილებლად უნდა ვუსმენდეთ ჩვენ შინაგან ხმას, უბრალოდ რუტინამ ამისი წილი დროც წაიღო და ესეც თითქოს ნორმალური გახდა.

ქოუჩინგის სწავლების პროცესში ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რასაც ვავარჯიშებთ, არის მოსმენა. მოსმენის სამი დონე არსებობს: 1. ზედაპირული მოსმენა – როდესაც ისმენ ამბავს და გესმის საკუთარი ფიქრები და შეფასებები. ეს არ არის ქოუჩ პოზიცია. ამ შემთხვევაში გესმის, თუ რას გეუბნება კლიენტი, ფოკუსირებას კი აკეთებ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს შენთვის. ფიქრობ, როგორ გააგრძელო დიალოგი, რა კითხვა დაუსვა შემდეგი. და ამ დროს წყვეტ მოსმენას. 2. ფოკუსირებული მოსმენა – როდესაც ყურადღების ფოკუსი გადაგაქვს კლიენტის ნათქვამზე, გესმის მისი თითოეული სიტყვა, ამბის დეტალები, შემადგენლობა, რა დგას სიტყვების უკან და ამ ყველაფერს აკეთებ კლიენტის კონტექსტიდან. იყენებ შეჯამების, კითხვების დასმის, პერიფრაზის ტექნიკებს და აჩენ ნდობის ემოციას. 3. გლობალური მოსმენა – როდესაც კლიენტს უსმენ  სიტყვებს მიღმა, მის ინტონაციას, ემოციას, განწყობას, რიტმს, ენერგიას. უსმენ მას მთლიანობაში, აღიქვამ კლიენტის გლობალურ სურათს და ამ ამბის მნიშვნელობას მისი სამყაროს სურათში. უნარი, რომელიც გლობალური მოსმენის დონეზე ვითარდება, არის ინტუიცია. ეს ჰგავს ცეკვას მომენტში და ამ ცეკვას ორნი ცეკვავთ. ეს ამბავი ხდება აქ და ახლა. და სწორედ ამ დროს ხდება ქოუჩინგური გარდასახვები, რასაც მოჰყვება ტრანსფორმაცია. ვფიქრობ, სწორედ ეს არის გულისყურით მოსმენა.

ქოუჩინგის მიღმა, მოსმენა ჩემთვის ხელოვნებაა, რომლის სწავლაც ჩვენ შეგვიძლია. აქ, ამ აბზაცში მე დავწერ იმას, რასაც ყოველ დღე, დღემდე ვეუბნები ჩემს თავს.

„ირინა, როდესაც ადამიანს უსმენ, იყავი იმ წუთას მასთან და არ იფიქრო პროექტის დედლაინზე თუ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე. არც იმაზე, მის ნათქვამს პასუხად რა დაუბრუნო. უბრალოდ იყავი მასთან, დროის იმ მონაკვეთში, იმ გარემოში გულწრფელად. ისწავლე მისგან. უსმინე და ისწავლე, რადგან ნებისმიერი ადამიანისგან შეიძლება გაიგო, ისწავლო, მიიღო რაღაც ახალი. ის, რაზეც აქამდე არასდროს გიფიქრია. ასე იბადებიან საინტერესო იდეები. გადადე გვერდზე შენი მოსაზრებები, შენი „მე“, შენი არგუმენტები, შენი განწყობები და იყავი მიმღები. ასე გახსნი შენი გონების საზღვრებს და შემოუშვებ სივრცეს შენში. იყავი ცნობისმოყვარე და დასვი ბავშვურად გულწრფელი კითხვები. ამითი მიხვდები რამდენი რამ არის ფარული და ზღაპრული მეორე ადამიანში. გამიჯნე შენი აღქმა და მისი აღქმა ერთმანეთისგან. ყველა ადამიანი ინდვიდუალურია, თავისი წარსული გამოცდილებით, ქცევის პროგრამებით და სააზროვნო სისტემით. ამიტომ, თუ ის გელაპარაკება სიკეთეზე, ჰკითხე რა არის სიკეთე მისთვის და მოისმინე მისი განმარტება. ეს შენს აღქმას უფრო გაამდიდრებს. და ყველაზე მთავარი, გააკეთე იგივე საკუთარ თავთან. უსმინე საკუთარ თავს“.

ეს სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა ამბებით, რომლებსაც მუდმივად გვიყვებიან. როგორი ხარ შენ დიალოგში? რას უსმენ და რა გესმის?

 

 

გაზიარება: