ლიდერების კორპორაციული პროგრამები და ქოუჩინგის როლი

მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე ღირებული გაკვეთილი, რომელიც კორპორაციაში დანერგილმა ლიდერების პროგრამამ გვასწავლა. ლიდერების პროგრამას 2017 წლიდან ვახორციელებთ. ჩემთვის ბედნიერებაა ვიყო 500-მდე ლიდერის მხარდამჭერი გაძლიერების გზაზე, რომელიც სავსეა ინსპირაციით, ენერგიით, საოცარი შედეგებით, პოზიტივით და მადლიერებით. იმედი მაქვს, ეს 10 გაკვეთილი დაგეხმარებათ ლიდერებს და HR-ებს, ვისაც მსგავსი გამოწვევა გაქვთ.

  1. სტრატეგიული სპონსორი და გრძელვადიანი ხედვა. ლიდერობის პროგრამის სპონსორი და მფლობელი ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერია. ლიდერების განვითარება ორგანიზაციის სტრატეგიული ცვლილებაა – გრძელვადიანი, მაღალი ინვესტიციით და სისტემური მიდგომით. დირექტორი სპონსორი განაპირობებს პროგრამის წლების მანძილზე შენარჩუნებას კომპანიის სტრატეგიულ პრიორიტეტებში.
  2.  ნათელი მოლოდინები და შედეგები. ლიდერების ზრდით, უმჯობესდება ორგანიზაციული წარმატების საზომები, როგორიცაა ბრუნდის და მოგების ზრდა, ბაზრის წილის ზრდა, თანამშრომლების შენარჩუნების და ჩართულობის ზრდა, კლიენტის კმაყოფილების და შენარჩუნების ზრდა და ა.შ. დასაწყისშივე წარმოიდგინეთ, რა იქნება ამ პროგრამის ROI[1] და მკაფიოდ გააკეთეთ ამის შესახებ კომუნიკაცია მონაწილეებთან. მათ უნდა იცოდნენ, რომ თქვენი მოლოდინი, როგორც მათი პიროვნული, ისე ორგანიზაციული შედეგიანობის ზრდაა.
  3. ლიდერობის კასკადირება. დაიწყეთ ლიდერული პროგრამები უმაღლესი რგოლის მენეჯერებით, რომლებიც საუკეთესო როლური მოდელები არიან. თავიანთი ჩართულობით და სწავლაზე ორიენტირებით უმაღლესი რგოლის ლიდერები აჩენენ სანდოობას და რწმენას პროგრამის მიმართ. მათ პოზიტიურ მაგალითს ბუნებრივად მიყვებიან სხვები. გააჩინეთ ლიდერობის პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობები მენეჯერული რგოლებისა და ტალანტების რგოლებისთვის. კასკადირება შექმნის კულტურის ტრანსფორმაციის საფუძველს.
  4. გრძელვადიანი, ადამიანზე ორიენტირებული ხედვა და ჩემპიონობა. ლიდერის განვითარების გზა, სინამდვილეში პიროვნებაში მიმდინარე ცვლილებაა. თვითცნობიერების ზრდა, საკუთარი ბარიერების და ძლიერი გამოვლინებების გაცნობიერება იწვევს მეტ სიმწიფეს და მზაობას კომპლექსურ ამოცანებთან გასამკლავებლად და მეტი ეფექტურობის მისაღწევად.
    დაეყრდენით „ლიდერობის ჩემპიონებს“, რომლებიც ავლენენ ცვლილების სურვილს და შინაგან მოტივაციას. ახლის სწავლა ყველა ადამიანისთვის ბუნებრივი მოტივატორი არ არის, სწორედ რომ ცვლილების შიშის გამო. საჭიროა დრო, მოთმინება და სწორი კომუნიკაცია, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას, თანხმობას და შინაგანი სურვილის გაჩენას პროგრამის მონაწილეებში. „ლიდერობის ჩემპიონები“ საკუთარი პოზიტიური მაგალითით გადააწყვეტინებენ სხვა მონაწილეებს პროგრამაში ჩართვას.
  5. მრავალფეროვანი, მორგებული სწავლის მეთოდები. ორგანიზაციულ გარემოში ლიდერების სწავლა „დაჩქარებულია“. ამიტომ, საჭიროა მრავალფეროვანი, სწორად შერჩეული და ადამიანებზე მორგებული სწავლის მეთოდების შეთავაზება. ეს აჩენს პროგრამის მიმართ ნდობას და რწმენას. ლიდერობის ზრდის გამოცდილი მეთოდებია: ლიდერულ სტილზე უკუკავშირი (360-გრადუსიანი უკუკავშირი), ინდივიდუალური და გუნდური ქოუჩინგი, მენტორინგი, ლიდერული კომპეტენციების ტრენინგი, პიროვნული ზრდის პროგრამები. სცადეთ მრავალფეროვანი მეთოდების კომბინაცია. მიეცით თანამშრომლებს არჩევანი, რომ მოირგონ სწავლის მეთოდი.
  6. ძლიერი მხარდამჭერი სისტემა ქოუჩინგით. ლიდერებს სჭირდებათ გრძელვადიანი მხარდაჭერა, რათა შეძლონ პიროვნული და ლიდერული ბარიერების და ძლიერი გამოვლინებების გაცნობიერება და ახალი, უკეთესი სტილის დანერგვა საქმიანობაში. ხშირად, ტრანსფორმაცია რთული გზაა, სავსეა წარუმატებლობის შიშით, წინააღმდეგობით და ძველ ჩვევებთან დაბრუნების ტენდენციით. ლიდერული ტრანსფორმაციის ყველაზე ქმედითი მხარდაჭერა ქოუჩინგია. ქოუჩი ფოკუსირებულია ლიდერზე, მის საჭიროებებზე, სწავლის სტილზე, ღირებულებების სისტემაზე, ცვლილების რიტმზე. ქოუჩთან უსაფრთხო და ნდობით გარემოში ლიდერს შეუძლია გააცნობიეროს და გააზიაროს საკუთარი წარმოდგენები, საფრთხეები, სურვილები, ხედვები და დაგეგმოს მისთვის ყველაზე ღირებული ცვლილება. ხშირად, უბრალოდ ქოუჩთან გატარებული 1 საათი და მისი პარტნიორული თანაყოფნაა საკმარისია ძლიერი მუხტისთვის, რომელიც ლიდერს ახალი იდეებისკენ და შესაძლებლობების განხორციელებისკენ წაიყვანს.
  7. ქოუჩი-მენეჯერის მოდელის ინტეგრაცია – შიდა მხარდამჭერი სისტემა. ქოუჩინგი ზრდის ემოციურ ინტელექტს. ასწავლეთ ქოუჩინგი მენეჯერებს და გაავრცელებინეთ ახლებურად მართვის კულტურა. დაუჭირეთ მხარი, რომ გუნდში გაავრცელონ მათთვის ღირებული და შედეგიანი მეთოდი. ქოუჩის ცოდნებისა და უნარების მქონე მენეჯერს წარმატებისკენ მიყავს გუნდი და უკეთესი პერფორმერია, რადგან ეს მეთოდები ბუნებრივად გულისხმობს ადამიანების მეტ ჩართულობას (სწორედ რომ ემოციური ინტელექტის გამოყენებით). ჩართულობა კი პერფორმანსს განაპირობებს.
  8. მუდმივი კომუნიკაცია და პროგრამის ადაპტაცია. ლიდერული განვითარება ცვლილებაა. ცვლილებას თან სდევს ძველის დათმობის და ახლის წარუმატებლობის შიში, რაც სრულად ბუნებრივია. თუ მონაწილეებს აკლიათ კომუნიკაცია ლიდერობის პროგრამის მიზნების, შედეგების, მეთოდების, მოლოდინების, წარმატებული მაგალითების შესახებ, შიშები გადაიზრდება პროცესის, მეთოდების და სპეციალისტების მიმართ უნდობლობაში. მონაწილეების წინასწარ მომზადება და მათი მოსმენა, პროგრამაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, თანმიმდევრული მიდგომა დაგეხმარებათ ამ მეთოდების მიღებაში. მეთოდები კი ნამდვილად მუშაობს.
  9. გააძლიერეთ HR და აქციეთ ის ლიდერების პროგრამის ჩემპიონად. ჩემი მიდგომაა, რომ HR-მა ჯერ საკუთარ თავზე გამოსცადოს მეთოდი, შეაფასოს მისი შედეგი და შემდეგ შესთავაზოს ორგანიზაციას. HR-ი ლიდერშიპ პროგრამის მონაწილეც არის, მფლობელიც და კოორდინატორიც. ამიტომ მას განსაკუთრებული მხარდაჭერა, სწავლება და კომპეტენციებით გაძლიერება სჭირება. ამაში გამოცდილი გარე ქოუჩი ან ორგანიზაციული კონსულტანტი დაგეხმარებათ, სანამ HR გაძლიერდება და თავად აიღებს ხელში ლიდერობას.
  10. წარმატების ზეიმი. პროგრამას პირველივე წუთებიდან შექმენით წარმატების, პოზიტივის, ოპტიმიზმის, ზეიმის აურა. ადამიანებს ამ პროგრამაში მონაწილეობას ღირებულად უნდა თვლიდნენ. ამისათვის, გირჩევთ, შიდა კომუნიკაციის და პროგრამის ბრენდინგის მეთოდებს მიმართოთ, რომელიც ფოკუსირებული იქნება წარმატების კომუნიკაციასა და გაზიარებაზე.

რაც უნდა ძლიერი ლიდერი იყოთ, ნუ გაივლით ამ გზას მარტო. გააერთიანეთ თქვენი კოლეგები, თქვენი გუნდი, მოიწვიეთ ქოუჩები, ორგანიზაციული კონსულტანტები. შეუქმენით თქვენს ლიდერებს ხანგრძლივი მხარდამჭერი გარემო და მიეცით დრო. ყველა ცვლილება თქვენც გაიარეთ, იყავით როლური მოდელი.

როგორც ქოუჩი-ლიდერი დაეხმარეთ ლიდერებს, დააკავშირონ მათი სწავლა ორგანიზაციულ ზრდასა და გაძლიერებასთან. გააერთიანეთ ისინი მკაფიო მესიჯებით და ღირებულებებით, იზეიმეთ წარმატება. ამავე დროს, გაუგეთ და თანაუგრძნეთ მათ. იყავით ნამდვილი, მადლიერი, გამოხატეთ ემოციები და აღიარეთ შეცდომები. ასე უფრო გენდობიან.

გაზარდეთ, გააძლიერეთ ლიდერები, რომლებიც ორგანიზაციულ ტრანსფორმაციაში და მიზნების მიღწევაში გვერდით დაგიდგებიან.

გააზიარეთ ლიდერობა. დელეგირება მენეჯერის ამოცანაა. ლიდერობის გაზიარება – ლიდერის.

[1] ROI – Return on Investment – უკუგება ინვესტიციიდან.

ავტორი: დეა ჩხაიძე