ქოუჩინგში გვაქვს ერთ-ერთი ძალიან გამოსადეგი ინსტრუმენტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების 34-ე პრეზიდენტმა, დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერმა შექმნა. ტექნიკას ასევე ეწოდება – ეიზენჰაუერის მატრიცა. დღევანდელობაში, როცა დროის ასეთ უკმარისობას განვიცდით, ალბათ ყველას გვაქვს უსასრულოდ ჩამოწერილი შესასრულებელი მოქმედებების სია, რომელიც ხშირ შემთხვევაში დღის ან კვირის ბოლოს უცვლელი რჩება. მიზეზი მარტივია. ვერ ვალაგებთ პრიორიტეტებს – რითი დავიწყოთ, რა არის უფრო მნიშვნელოვანი ან უფრო სასწრაფო. ეიზენჰაუერის მატრიცის მთავარი ხიბლიც ამაშია – ის დაგაგეგმინებთ თქვენს დროს ოპტიმალურად.

როგორ გამოვიყენოთ ეიზენჰაუერის მატრიცა პრაქტიკაში?

აიღეთ ოთხი ცალი თაბახის ფურცელი, რადგან ჩვენ გვექნება შესავსები ოთხი კვადრატი: 1. მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმეები, 2. მნიშვნელოვანი, მაგრამ არასასწრაფო საქმეები, 3. სასწრაფო, მაგრამ არამნიშვნელოვანი საქმეები, 4. საქმეები, რომელიც არც სასწრაფოა და არც მნიშვნელოვანი.

შემდეგ ჩამოწერეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც გინდათ. ამ სიაში შეგიძლიათ შეიტანოთ როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მიზნები. და ისიც შესაძლებელია, რომ თქვენი სურვილების რაოდენობა 20-ს ან 30-ს გასცდეს.

ახლა კი დავიწყოთ თოთოეულის შეფასება. ვაფასებთ 10 ქულიანი სისტემით, სადაც 10 მაქსიმუმია, 1 კი მინიმუმი. დასვით კითხვა შემდეგი ფორმულირებით: ჩემი ეს მიზანი 1-დან 10-მდე რამდენად მნიშვნელოვანია? და 1-დან 10-მდე რამდენად სასწრაფოა?

ის მიზნები, რომლიც მნიშვნელოვანია 5-დან 10 ქულამდე, ასევე სასწრაფოა 5-დან 10 ქულამდე, ჩამოწერეთ პირველ თაბახის ფერცელზე – მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმეები. თუ აქ ბევრი დაგროვდა, ეს მიუთითებს თქვენს არაორგანიზებულობაზე და გესაჭიროებათ თვითდისციპლინის განვითარება. ან ბევრი რამ ერთდროულად გინდათ და საჭიროა მიზნების დროში გაწერა და პრიორიტეტების გადანაწილება.

ის მიზნები, რომელიც მნიშვნელოვანია 5-დან 10 ქულამდე, მაგრამ სასწრაფოა 1-დან 5 ქულამდე, ჩამოწერეთ თაბახის ფურცელზე ნომერი 2 – მნიშვნელოვანი, მაგრამ არასასწრაფო საქმეები. ეს ფურცელი ყველაზე მეტად საყურადღებოა, რადგან აქ თავს იყრის ის ძირითადი მიმართულებები, რაც ნამდვილად გინდათ და თუკი თქვენს ყოველდღიურობაში შეიტანთ ამ მიზნების განხორციელებას ან დაუთმობთ ამ მიმართულებებს თუნდაც თითო საათს, ნამდვილად მიაღწევთ წარმატებას.

ის მიზნები, რომელიც სასწრაფოა 5-დან 10 ქულამდე, თუმცა მნიშვნელოვანია 1-დან 5 ქულამდე, ჩამოწერეთ თაბახის ფურცელზე ნომერი 3 – სასწრაფო, მაგრამ არამნიშვნელოვანი საქმეები. აქ ხშირად ხვდება ის, რაც დაგავალეს და უარი ვერ თქვით, გარედან თავს მოგახვიეს ან სულაც თქვენი პირადი ვალდებულებებია. თუკი შეძლებთ აქ მოხვედრილი საქმეები დელეგირებას, ეს იქნება იდეალური ვარიანტი, რადგან ამგვარ საქმეებს მიაქვს დრო და ღირებულ მიზანთან არ გაახლოვებთ.

ის მიზნები, რომელიც სასწრაფოა 1-დან 5 ქულამდე, ასევე მნიშვნელოვანია 1-დან 5 ქულამდე, ჩამოწერეთ მეოთხე თაბახის ფურცელზე – საქმეები, რომელიც არც სასწრაფოა და არც მნიშვნელოვანი. და შეგიძლიათ საერთოდაც დაწვათ ეს ფურცელი, რადგან აქ მოხვედრილ მიზნებს არავითარი სარგებელი არ მოაქვს და არის მხოლოდ დროის ფლანგვა. დრო კი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც დღეს გვაქვს.

ირინა ჭოჭუა

ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ ასოციაციის წევრი. სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით. International Coach Federation (ICF) წევრი.
04.09.2019

ლაბის ფოტო ამბები

ბოლო პოსტები

საკვანძო სიტყვები

კატეგორიები

არქივი