ამ ტექნიკის ავტორია რობერტ დილტსი. თუმცა, ლეგენდის თანახმად, მეთოდი თავის დროზე უოლტ დისნეიმ მოიფიქრა და მთელი მისი იდეები და შემოქმედება მისი ამ სტრატეგიის შედეგია.
დისნეის სტრატეგია გამოიყენება მაშინ, როცა გინდათ შემოქმედებითი აზროვნება, ახალი, არასტანდარტული გზების ძიება, როცა გსურთ გაერკვეთ შინაგან წინააღმდეგობებში, დაამუშავოთ რისკ ფაქტორები, შეადგინოთ სამოქმედო გეგმა და გადადგათ პირველი ეფექტური ნაბიჯი. ასევე ვიტყვი, რომ ტექნიკა ძალიან სახალისოა და მისი შესრულებისას ბევრ ფარულ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი არაცნობიერი. მეთოდი კი მდგომარეობს შემდეგში: თქვენ უნდა აღმოაჩინოთ საკუთარ თავში მეოცნებე, რეალისტი და კრიტიკოსი. ბუნებრივია, სამივე ეს თვისება ყველა ადამიანს გააჩნია, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად გამოხატული. ჩვენი მიზანი სამივე ამ როლის აქტიურად ამოქმედებაა.
როლების ცვლილებისთვის გამოიყენეთ სკამები. დადგით სივრცეში სამი სკამი. პირველი არის მეოცნებე. მოთავსდით ამ სკამზე, წარმოიდგინეთ ის, რაც გინდათ და წარმოდგინეთ, რომ ეს უკვე მოხდა. სად ხართ? როგორ გამოიყურებით? ვინ არიან თქვენ გარშემო? რას აკეთებთ, როცა მიზანს უკვე მიაღწიეთ? რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში? რა უნარები გაქვთ? რა ისწავლეთ ახალი? რისთვის გინდათ ეს ყველაფერი? და ვინ ხართ?
როცა ამ კითხვებს უპასუხებთ, გადაინაცვლეთ რეალისტის სკამზე. აქ კითხვებიც უფრო რეალურია: რა უნდა გააკეთოთ ამ მიზნის მისაღწევად? როგორი უნდა იყოს თქვენი ქმედება? რა დრო დაგჭირდებათ? რა რესურსები გაქვთ და გესაჭიროებათ? რა უნარები და კომპეტენცია უნდა განავითაროთ და ვინ შეიძლება დაგეხმაროთ მიზნის მიღწევაში?
შემდეგი არის კრიტიკოსის როლი. მოთავსდით მესამე სკამზე და აამოქმედეთ ბრძენი თქვენ შიგნით. დასვით კითხვები: რამდენად მიღწევადია ის ყველაფერი, რაც რეალისტმა დასახა? რა სუსტი მხარეები აქვს ამ გეგმას? რისი გაუმჯობესება შეიძლება? აქვე დაიმახსოვრეთ, რომ კრიტიკოსი არასდროს არ უნდა გადაიკვეთოს მეოცნებესთან. მას შესწორებები შეაქვს მხოლოდ რეალისტის მიერ დასახულ გეგმებში.
ეს როლები შეგიძვლიათ ცვალოთ მანამ, სანამ თქვენი მიზნისკენ მიმავალ რეალურ სამოქმედო გეგმას არ შეიმუშავებთ. და ამას მიხვდებით მაშინ, როდესაც თქვენ შიგნით არსებული მეოცნებეც, რეალისტიც და კრიტიკოსიც ერთხმად იტყვიან – ეს ის გზაა, რაც მიზნამდე მიმიყვანს.