ეს არის პროექტი, რომელზეც ვფიქრობდი 1 წელი. იმ გამოცდილებით და რესურსებით, რაც მაქვს, რა შემეძლო გამეკეთებინა იმ ქალებისთვის, რომლებიც მიუხედავად გარემო ფაქტორებისა, მიუხედავად არსებული მატერიალური თუ არამატერიალური რესურსებისა, ფიქრობენ განვითარებაზე, საკუთარი თავის და გარემოს შეცვლაზე უკეთესობისკენ. და ამ ფიქრში დაიბადა პროექტი სახელწოდებით „ბიზნეს ქოუჩინგი ქალი მეწარმეებისთვის“. ის ცოდნა, რაც მაქვს და რასაც გზადაგზა ვიძენ, აუცილებელია, რომ იყოს გაზიარებული არაკომერციული გზებითაც, რაღაც მიზნისთვის, რაღაც უფრო დიდისთვის. და ეს რაღაც უფრო დიდი ვიპოვე მეწარმეობაში ჩართული ქალების მხარდაჭერაში.
მახსოვს, ასეთი კითხვა დავუსვი საკუთარ თავს: იმ ასაკში, როცა მე თვითონ ვიწყებდი კარიერულ განვითარებას, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის? პასუხად მივიღე ადამიანები და მათი მხარდაჭერა. უდიდეს მადლიერებას ვგრძნობ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაიჯერეს 21 წლის გოგოსი და ჩადეს ჩემში რესურსები, რწმენა, ცოდნა, ემოციები, ენერგია. და ალბათ ამ მადლიერების გამოხატულება არის ეს პროექტი.
ვისთვის არის ეს პროგრამა? იმ ქალებისთვის, რომლებმაც დაიწყეს, გადადგეს პირველი ნაბიჯები, იდეისგან შექმნეს კონკრეტული პროდუქტი / პროექტი, გადმოიტანეს ის რეალობაში და არიან ეტაპზე, როდესაც სჭირდებათ გაფართოება, განვითარება, სტრატეგიის დახვეწა, შიშების გადალახვა, მეორე, მესამე და მეოთხე ნაბიჯების გადადგმა. სწორედ თოთხმეტმა ასეთმა ქალმა მოიყარა თავი პირველ ნაკადზე. რთული იყო მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა. გარდა იმისა, რომ ისინი ისწავლიდნენ ჩემგან, ერთმანეთისთვისაც უნდა გამხდარიყვნენ მაგალითები და გამოცდილების გამზიარებლები. ჯამში 120-მდე განაცხადი შემოვიდა. გავაკეთეთ ორ ეტაპიანი შერჩევა, გასაუბრება და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღეს ეს ქალები არიან ერთი ნაბიჯით წინ და ერთი ღიმილით მეტნი. დღეს მე ვარ 14 ადამიანით უფრო მდიდარი და 14 ამბით უფრო შთაგონებული, ვიდრე ვიყავი ჯგუფის დაწყებამდე.
ღვინო, თაფლი, ჩირი, ვაშლის ჩიფსი, ივენთ კომპანია, სასტუმრო, ბარი, უცხო ენების ცენტრი, მარკეტინგული სააგენტო, ქართული ჩაი, იურიდიული საკონსულტაციო კომპანია, სასაჩუქრე ყუთები, სტომატოლოგიური კლინიკა, ბავშვთა ტანსაცმლის ხაზი და ეს ყველაფერი გაფანტული სხვადასხვა რეგიონებში. ეს იყო ორმხრივი პროცესი. მე მათგან მიმაქვს ენერგია, თვითრწმენა, ახალი ფიქრები და თანადგომა. მათ კი მიაქვთ ეს:
„საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, უსაზღვრო ემოცია და სიძლიერე. ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, არ არსებობს სიტყვა ” შეუძლებელია”. ყველაფერი შესაძლებელია თუ გაიაზრებ ვინ ხარ, რა გინდა და სად წარმოგიდგენია თავი გარკვეული დროის შემდეგ.“ მარი ლაგვილავა
„ქოუჩინგის ტრენინგის განმავლობაში დავიწყე შემჩნევა, როგორ შეიძლება ადამიანმა შეცვალო სამყარო, ხედვები და მიზნები შენ გარშემო ერთი დაწკაპუნებით, თან საკუთარ თავთან ჰარმონიაში. თურმე რამხელა ძალა არსებობს ადამიანში. ამისი აღმოჩენა იყო ჩემთვის ეს ტრენინგი. და ასევე აღმოჩენა ძლიერი, მნიშვნელოვანი ქალების.“ თეონა ჟორჟოლიანი
„საოცარი მოგზაურობა საკუთარ თავში, რომელიც გინდა სულ გაგრძელდეს. ადამიანებთან ურთიერთობა, როდესაც ხშირად მოსმენას ამჯობინებ ლაპარაკის ნაცვლად, იმდენად საინტერესოა და ბევრს სწავლობ. ბიზნესის სივრცული ხედვა, პრაქტიკული მიმართულება და პრობლემების რეალური გადაწყვეტა.“ თამარ შეითნიშვილი
„დაბნეული ვეძებდი გზას პრობლემების გადაჭრისთვის ჩემს საქმეში. რომ გერთულება ძალიან, რომ ვერ აძლევ თავს საჭირო ნაბიჯების გადადგმის უფლებას… სიზუსტით შერჩეულ გუნდთან ერთად დამხვდა ზუსტი კითხვები და მიდგომები თავზე მუშაობისთვის. არავინ გასწავლის ან მიგითითებს რამეს. შენ მიდიხარ კონკრეტულ ნაბიჯებამდე, სწორად ან შეცდომით ნაფიქრთან და გაკეთებულთან. სწორად იცვლება პრიორიტეტები,დროს საზღვრავ გონივრულად, ზუსტად სახავ მიზანს, საკუთარ თავში პოულობ ყველაზე დიდ საყრდენს და საკუთარი შეგრძნებების ყურადღებით მოსმენას იწყებ.“ ნინო გილაშვილი
მინდოდა პროექტს ჰყოლოდა სპიკერი, რომელიც თავის გამოცდილებას გაუზიარებდა მონაწილეებს და, ერთგვარად, შიდა სამზარეულოდან აჩვენებდა პრაქტიკულ მაგალითებს. სტუმრობა პირველ ჯგუფთან ითავა მაკა ჯიბუტმა, რესტორან „ბარბარესთან“ დამფუძნებელი და დირექტორი. ოთახიდან მაკას გასვლის შემდეგ ყველას ერთი სიტყვა გვეწერა ღიმილზე: ინსპირაცია.
„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმარს, მაკა ჯიბუტს. მასთან შეხვედრის შემდეგ შემიძლია ვთქვა რომ შრომით, შესაბამისი განათლებით, შენი საქმის სიყვარულით ნებისმიერი რთულად მისაღწევი მიზანი მიღწევადია.“ გალინა გურგენიშვილი
ტრენინგის პროგრამა სრულიად აგებულია ქოუჩინგურ მეთოდზე და მიდგომებზე. ვიმუშავეთ მიზნის დასახვაზე, პრიორიტეტების განსაზღვრაზე, დროის და რესურსების მართვაზე, შიშებზე, სტრატეგიაზე და ხედვაზე, სტრესის მართვაზე, გუნდის შეკვრასა და მოტივაციაზე. თუმცა, მთავარი, რაც ამ ჯგუფში მოხდა, ეს იყო გამოცდილების გაზიარება, ერთმანეთის მოტივირება და მხარდაჭერა. პროექტი აუცილებლად გრძელდება. ჩემი დიდი სურვილია ეს ტრენინგი „ქოუჩინგ ლაბის“ ბაზაზე ჩატარდეს წელიწადში ორჯერ და კიდევ უფრო გავამდიდრო სპიკერებით და მენტორებით. ამიტომ, შემდეგი ჯგუფის ანონსს გამოვაცხადებთ შემოდგომაზე. მანამდე კი გიტოვებთ კითხვას: რომ არა ფინანსური სარგებელი, რისთვის გააკეთებდით იმას, რასაც ახლა აკეთებთ?