როდესაც პირველად სიტყვა ქოუჩინგი გამიპროტესტეს და გამკიცხეს, რომ თურმე ქართული ენის სიწმინდეს არ ვიცავ, ძალიან ავღელდი. 2013 წელი იდგა და მეც ახალბედა ქოუჩი ვიყავი. დიდი შეხლა-შემოხლა გვქონდა ამ თემაზე და მას მერე არ ცხრება ეს აღშფოთება. ამ პოსტის სათაურიც ერთ-ერთი აღშფოთებულ მომხმარებელს მოვპარე, რომელმაც ქოუჩინგის ტრენინგის ანონსზე დამიკომენტარა „ქოუჩინგი რა უბედურებაა? ქართულად, მეგობრებო“!
გადავწყვიტე დამეწერა წერილი. და აი ისიც.
რატომ ქოუჩინგი და არა წვრთნა? ეს რა უბედურება გვჭირს, მეგობრებო?
სიტყვის ეტიმოლოგიაზე თუ ვისაუბრებთ, ქოუჩი ინგლისური სიტყვაა. უფრო შორეულ, უნგრულ და ფრანგულ საფუძვლებს არ შევეხები, შორს წაგვიყვანს. ვისაც გაინტერესებთ, დააკლიკეთ. ქოუჩი, ქოუჩინგი არის საერთაშორისო სიტყვა და აღნიშნავს კონკრეტულ პროფესიას. ეს არის ტერმინი. თუ ვთარგმნით, ნიშნავს წვრთნას, მწვრთნელს და ა.შ. თუმცა, ამ შინაარსით თვითონ პროფესიის არსს სცილდება.
ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია (ICF) ამ სიტყვას ყველა ენაში ამკვიდრებს, როგორც ტერმინს. პროფესია კი ნამდვილად ახალი, 21-ე საუკუნისაა და სადაც დაიბადა, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქაური სახელი მიიღო. მაგალითად მოვიყვან სიტყვას ფსიქოლოგია, რომელსაც ასევე არ ვთარგმნით. არც მის წარმომავლობას ვეხებით, თუმცა ასევე საერთაშორისო სიტყვაა და კონკრეტული პროფესიის აღმნიშვნელი. ასევეა სიტყვა პედაგოგი. ის ფაქტი, რომ საქართველოში ქოუჩინგი, როგორც პროფესია დამკვიდრდა, ვფიქრობ, ძალიან დიდი ბედნიერებაა. ისიც კარგია, რომ ამ სიტყვაზე ვდავობთ, კითხვებს ვსვამთ და თემას პერიოდულად ვუბრუნდებით.
ქოუჩინგი ბიზნესში და სხვადასხვა სფეროებში მოვიდა სპორტიდან. პირველი წიგნი, რაც ამ თემაზე დაიწერა არის The Inner Game of Tennis, W. Timothy Gallwey, 1974. გოლვი მოიაზრება ქოუჩინგის, როგორც მეთოდის დამფუძნებლად. წიგნშიც და მეთოდშიც ავტორმა სიტყვა შინაგანში (Inner) იგულისხმა მოთამაშის/სპორტსმენის შინაგანი მდგომარეობა, რადგან „ჩვენს თავში არსებული ოპონენტი უფრო მეტად რთულია, ვიდრე ოპონენტი რეალურ თამაშში“ (ფრაზა წიგნიდან). ყველას გვქონია დღეები, როცა სრულიად უძლურები ვართ და ვერაფერს ვაკეთებთ, წინააღმდეგობაში მოვდივართ საკუთარ თავთან, გვიჩნდება სხვადასხვა შიშები. სწორედ ეს იგულისხმა მან. როგორც გოლვი ამბობს, თუკი ქოუჩი, ამ შემთხვევაში მწვრთნელი, დაეხმარება მოთამაშეს დაძლიოს შინაგანი ბარიერები, მას უჩნდება სტრატეგია, რომელიც შემდეგშიც დაეხმარება მოედანზე მოგებაში. გოლვიმ შეიმუშავა ჩოგბურთის თამაშის დასწავლის ყველაზე ეფექტური მეთოდი და იგივე ფორმულა მოგვიანებით ბიზნესში გადმოიტანა. გაჩნდა ახალი პროფესია, სახელი დარჩა იგივე – ქოუჩი.
აქვე ძალიან მოკლედ მინდა განვმარტო ვინ არის და როგორ მუშაობს ქოუჩი
ვთქვათ, თქვენ ხართ A წერტილში და გინდათ B წერტილში მისვლა, მაგრამ არ გაქვთ შესაბამისი უნარები, ან შინაგანი რესურსი, ან სამოქმედო გეგმა, ან გამოცდილება. შესაძლოა გაგიჩნდეთ შიშები, სხვადასხვა სტრეს-ფაქტორები, ან ვერ ჩამოყალიბდეთ, ეს B წერტილი ზუსტად რა არის და რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. მოკლედ რომ ვთქვათ, ხართ გაურკვეველ, დემოტივირებულ მდგომარეობაში და არ იცით, როგორ დასახოთ სწორი მიზნები, როგორ იმუშაოთ თქვენს განვთარებაზე. ირჩევთ ქოუჩს, მიდიხართ მასთან სესიაზე და ამ პროცესში არის მხოლოდ ორი მხარე. ქოუჩი და კლიენტი (ასე ვეძახით ჩვენთან მომსვლელ ადამიანებს. კლიენტი და არა პაციენტი ან რაიმე სხვა, რადგან ჩვენ არ ვსვამთ დიაგნოზს და არ ვატარებთ თერაპიას). ქოუჩი ისმენს თქვენს მოთხოვნას, ანუ საკითხს, რაზეც იმ კონკრეტული სესიის დროს იმუშავებთ. როგორც წესი, ერთი სესია გრძელდება საშუალოდ 1 – 1.15 სთ. ქოუჩი არკვევს, თუ რამდენად არის თქვენი მიზანი/სამუშაო საკითხი/მოთხოვნა/სურვილი ჭეშმარიტი და ღირებული თქვენთვის. ან რამდენად არის ეს მოთხოვნა რეალური და ხომ არ იმალება ნათქვამის/გაჟღერებულის უკან რაიმე სხვა ქვე და უფრო ჭეშმარიტი სურვილი/მიზანი/მოთხოვნა. ქოუჩის ამოცანაა თქვენ, როგორც კლიენტმა, სწორი მიზნები დასახოთ, ჩახვიდეთ სიღრმისეულ შინაარსში და ჩართოთ თვითგამორკვევის და გაცნობიერების მექანიზმები. მთელი ეს პროცესი აგებულია კითხვა-პასუხზე. როგორც კი ქოუჩი და კლიენტი შეთანხმდებიან სესიის სამუშაო თემაზე. იმაზე, თუ რა შედეგებზე უნდა მივიდნენ და როგორ მიხვდებიან, რომ შედეგი დადგა, ამას ეწოდება კონტრაქტი.
ამის შემდეგ ქოუჩი, ისევ კითხვების დასმის ტექნოლოგიებით, კლიენტს აგდებს რესურსულ მდგომარეობაში და კლიენტი თავად მიდის სასურველ შედეგამდე. რა მოთხოვნაც იყო დაყენებული თავში, ანუ კონტრაქტი, სესიის ბოლოს სრულდება. კლიენტი იღებს სასურველ შედეგს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ქოუჩინგი ეს არის კითხვების დასმის ხელოვნება. კითხვებისა, რომელიც გეხმარება გაცნობიერებაში, თვითგამორკვევაში და შენს წინაშე სრულიად ახალ ჰორიზონტს შლის.
აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვსვამთ დიაგნოზს, არ ვიძლევით რჩევებს და არც არაფერს მიგითითებთ და გასწავლით. თქვენ თავად ძალიან კარგად იცით რა როგორ გააკეთოთ, უბრლოდ ამ ყველაფერს აღმოჩენა სჭირდება. აი ამას კი ნამდვილად ვაკეთებთ.