წვრთნა, როგორც ასეთი…

ყველაფერი დაიწყო 2012 წლის ბოლოს. უკვე მეშვიდე წელი ხდება, მე კი სიტყვა ქოუჩინგი დღემდე ყურს მჭრის და დღემდე მიწევს განმარტება, რომ ეს არის პროფესიული ტერმინი, პროფესიის აღმნიშვნელი საერთაშორისო სიტყვა და რომ არ ითარგმნება. მაგრამ, დღეს, სიტყვის თარგმანზე მეტად უკვე სხვა რაღაც მაფიქრებს. ის შინაარსი, რაც ქოუჩინგმა ჩვენს რეალობაში მიიღო. ის მიდგომები, რასაც ბევრი ადამიანის მხრიდან ვაწყდები ქოუჩინგთან მიმართებაში. ალბათ, ამიტომ მომინდა გამეზიარებინა ჩემი დამოკიდებულება ქოუჩინგის მიმართ.

სხვადასხვა ვარიაციებით ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის ჯადოსნური ჯოხი გაქვსო ან ქოუჩინგი ჯადოსნური ჯოხიაო, სასწაულებს ახდენსო. კი, ნამდვილად ახდენს და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი მზად არის ამისთვის. „შენმა რწმენამ გადაგარჩინა“, „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ“, „შენმა რწმენამ გიხსნას“, ამაზე მართალი სიტყვები მე არ მეგულება. მზაობას დიდი ძალა აქვს. თუმცა, მზაობამდე სხვა საინტერესო პროცესები ხდება.

ალბათ, ყველას გვინდა ოქროს თევზი გვყავდეს, ან სასწაულებრივ ღილაკს მივაგნოთ, ან რამე ელექსირი ვიპოვოთ და მარტივად გავხდეთ წარმატებულები, თავისუფლები, ლაღები, მივაღწიოთ მიზნებს, არაფრის გვეშინოდეს და ეს ყველაფერი ერთ სესიაზე მოხდეს. აი, მივალ ქოუჩთან სესიაზე, ჩავჯდები ყვითელ სავარძელში და ჯადოსნური ჯოხიც ამოქმედდება. მეორე ვერსიაა, მივალ ქოუჩთან და მზა რეცეპტს მეტყვის, წარმატების გზას მასწავლის, მირჩევს რა ვქნა. მერე ხომ არ მოგვიწევდა იმ ტრანსფორმაციის გავლა, რაც, მოდი ვთქვათ სიმართლე და, ცოტა არ იყოს, მტკივნეულია. ფიქრი სჭირდება, საკუთარ თავთან გაშიშვლება სჭირდება (ბუკვალურადაც), სარკეში საკუთარი მზერისთვის თვალის გასწორება სჭირდება, გაცნობიერება სჭირდება, საკუთარი თავის მიღება სჭირდება, მერე ამ ყველაფრის არ დაზარება, გამბედაობა და ქმედების ჩადენა სჭირდება. მოკლედ რომ ვთქვა, ტრანსფორმაციას სჭირდება დასვა კითხვები საკუთარ თავთან. და იყო მართალი საკუთარ თავთან. მათ შორის, დასვა ისეთ კითხვები, რომელიც გულს გიჩქარებს, ძარღვებში სისხლს გიყინავს, რომელზეც პასუხი ძირფესვიანად ამოგატრიალებს, გაიძულებს გამოხვიდე შენი ჩაკეტილი და კომფორტული სივრციდან და გაიხედო საზღვრებს მიღმა, რომელიც შენ თვითონ დააწესე. ამ კითხვებს ქოუჩინგში ძლიერ კითხვებს ვეძახით.

ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი. ქოუჩინგი არ არის წამალი. არც წარმატების და მიზნების მისაღწევი უნივერსალური რეცეპტია (ესეთი რეცეპტი ბუნებაში არ არსებობს). ეს არის სარკე ადამიანებისთვის, რომ შეძლონ საკუთარი თავის გვერდიდან დანახვა და იმ კითხვების მოსმენა, რასაც საკუთარ თავს ვერ უჟღერებენ. ჩვენი ჯადოსნური ჯოხი ნამდვილად არის კითხვები, რომელსაც ვსვამთ. სხვა არაფერი. ამ კითხვებს რა მიმართულებით წაიყვანთ, რისთვის ხართ მზად, ეს უკვე თქვენი სააზროვნო არეალის საქმეა. ჩვენ ამ კითხვებს ყველანაირი სააზროვნო არეალის მიღმა, ძალიან ზოგადად და მიმართულების მიცემის გარეშე ვსვამთ.

ჩემი აზრით,  ქოუჩინგის მთელი ფილოსოფია, თუკი შეიძლება ასე ითქვას, არის საკუთარი თავის ძიება, საკუთარ სურვილებთან დამეგობრება, საკუთარ შიშებთან მოლაპარაკება, საკუთარი მე-ს გამოძერწვა, რომელიც დაუსრულებელი პროცესია. ტრანფორმაციის გზაზე თუკი შედგები, ამ გზას გადიხარ ცხოვრების ბოლომდე. ეს არ არის ერთხელ ვტრანსფორმირდი და მორჩა. ამისთვის უნდა იყო მზად. უნდა გინდოდეს გაშიშვლება და ხელახალი დაბადება გაცნობიერებულად.

ეს პროცესი ყველა ადამიანისთვის ძალიან ინდივიდუალურია, დროშიც და სივრცეშიც. თუმცა, რაც საერთოა და ტრანსფორმაციას ახასიათებს, ეს არის ძიება, გაცნობიერება, გარდასახვა, დიალოგი, მონოლოგიც, ბევრი ფიქრი, აღქმების და რწმენა-წარმოდგენების ჩარჩოების წაშლა, სიღმეებში ჩასვლა და იმის მიღება, რასაც იქ აღმოაჩენთ, მერე ამ ყველაფრის იმ გზით გაშვება, რასაც თქვენ ეძახით წარმატებას. გავმეორდები, რასაც პირადად თქვენ ეძახით წარმატებას და არა საზოგადოდ მიღებული და აღიარებული წარმატებული ადამიანის ხატება.

ეს არის ჩემი თვალით დანახული ქოუჩინგი. ის პროცესი, რასაც მე თვითონ გავდივარ საკუთარ თავთან. ეს კითხვაც მუდამ ტრიალებს ჩემ ირგვლივ: „ამ ქოუჩებს ყველაფერი კარგად გაქვთ? და თუ არ გაქვთ ყველაფერი კარგად, მაშინ სხვებს რომ ეხმარებით, ამისი უფლება გაქვთ?“ ჩემი პასუხია: არა, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ გვაქვს. არავის აქვს ყოველთვის ყველაფერი კარგად და ეს ბუნებრივია. ტრანსფორმაცია მუდმივი პროცესია. გეიმერული შედარება რომ გავაკეთო, თავისი არსით თამაშს ჰგავს, მარტივი ეტაპიდან ნელ-ნელა რთულ ეტაპებზე რომ გადადიხარ. ყოველ ეტაპს თავისი მთავარი ამოცანა და მიზანი რომ აქვს, იქვე ხიფათები რომ არის ჩამალული და ჯილდოებიც რომ უხვად მოიპოვება.

და ბოლოს ორი რამის თქმა მინდა, რაც გამოცდილებამ მომიტანა: მთელ ამ პროცესში ქოუჩი არის ადამიანის სარკე. ადამიანები კი უნდა გიყვარდეს, რომ შეძლო მათი არეკვლა; მე როდესაც შევწყვეტ ჩემი თავის დახმარებას, მაშინ შევწყვეტ სხვების დახმარებასაც.

 

 

გაზიარება: