დღეს ბევრს არ დავწერ. უბრალოდ, მინდა ერთი უნიკალური ადამიანის წარმატება ვიზეიმო, ვისთანაც ვიმუშავე როგორც ბიზნეს ქოუჩმა. ყოველი ადამიანი ხომ უნიკალურია თავისი შინაგანი სამყაროთი და მრავალფეროვნებით. ერთს კი ვიტყვი, ამ ბლოგის წერისას კარგად გავიაზრე ქოუჩების რაოდენობის ზრდის ერთი დიდი მიზეზი: საკუთარი წარმატების ზეიმი არაფერია იმასთან შედარებით, როცა ამდენი ადამიანის წარმატებას ზეიმობ და ამის შესაძლებლობას ქოუჩის პროფესია გაძლევს.
ქოუჩინგის პროცესის დასრულებისას, ნინოს შევთავაზე:
– ხომ არ გინდა გააზიარო შენი მაგალითი?
– რატომაც არა! – მიპასუხა ნინომ და რამოდენიმე ხანში მეილზე ეს ტექსტი გამომიგზავნა, რომელიც წარმატების და შთაგონების სურნელით გაჟღენთილი თქვენამდე მოვიდა.
ქეისი ქვეყნდება კლიენტის თანხმობით ვინაობის დასახელების გარეშე. მეილში ეწერა:
„- 10 ბალიან სკალაზე რამდენ ქულას მისცემდი ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებში საკუთარ თავს?
– 5.5; 6; 6.5
– და რამდენ ხანში იქნება 10?
– 1 წელი ( ფიქრებში კიდევ მეტს ვთვლიდი, მაგრამ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნე).
6 სესიის შემდეგ?..
– და დღეს სად გრძნობ თავს?
– არ მინდა ამბიციური გამოვჩნდე და კიდევ, მწამს, რომ სრულყოფილება არ არსებობს. მაქსიმუმის დაწესების წინააღმდეგიც ვარ, ამიტომ 9-ს დავწერდი იმ იმედით, რომ ყოველი ახალი გამოწვევა სკალას ბოლო ზღვარს წაუშლის.
ძალიან ბევრი მიზეზის ჩამოთვლა არის შესაძლებელი, იმის გასამართლებლად თუ რატომ ვერ ვართ ადამიანები ხშირ შემთხვევაში 10/10, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. რომ დიდი მონდომება, საკუთარი თავის რწმენა და ცვლილებების სურვილი გვაძლევს საშუალებას, რომ დასახულ მიზნებს დროზე ადრე მივაღწიოთ.
სკეპტიკურად განწყობილი არასდროს ვყოფილვარ. ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ ყოველი მონდომება წარმატებით სრულდება, მაგრამ ხშირად ადამიანებს გვჭირდება რაღაც ბიძგი ან რაიმე საკითხისადმი მეტი ჩაღრმავება იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრების ისეთი კომპონენტები, რომლებიც, როგორ კარიერულ, ასევე პირად ცხოვრებაში ბოლომდე განვითარების საშუალებას არ გვაძლევენ, დავხვეწოთ და ჩვენთვის მომგებიან კომპონენტებად ვაქციოთ.
ჩემს ისტორიაში, გასაოცრად ის მომეჩვენა, რომ ძალიან მოკლე პერიოდში, სწორად შერჩეული მეთოდების და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად მიზანს ძალიან მარტივად მივაღწიე. თან ეს მიზანი ერთი არ ყოფილა, რამდენიმე მქონდა. წინსვლა თითოეულში თვალსაჩინოა.
ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს ქმედებებზე და შედეგებზე ბევრი გარე ფაქტორი მოქმედებს, ამის გარეშე არ ხდება. ამ შემთხვევაშიც ბევრი რამ მოხდა ისეთი, რამაც სასურველ შედეგს მიმაღწევინა, მაგრამ მაშინ, როდესაც ადამიანებს სურვილი არ ამოძრავებთ, მოტივაცია არ აქვთ, ვერანაირი შემთხვევა და ვერც გარე ფაქტორი ვერაფერს გახდება.
შეჯამების სახით ვიტყოდი, რომ ძალიან საინტერესო და პროდუქტიული გამოდგა ჩემთვის ქოუჩინგის სესიები. მან დაასტიმულირა და მეტი შემართება შესძინა ჩემს პიროვნებას იმისთვის, რისთვისაც დიდხანს ვემზადებოდი, მაგრამ ყოველთვის გვერდზე ვდებდი.“
მეილიდან ეს ფაილი ჩამოვტვირთე. საგულდაგულოდ შევინახე და ამ დღისთვის გავამზადე, რომ ეხლა უკვე თქვენთან ერთად, ნინოს წარმატება, კიდევ ერთხელ მთელი გულით მეზეიმა.
ეკატერინე ბაბუნაშვილი, ქოუჩი PCC, ერთადერთი ქართველი ქოუჩთა სუპერვიზორი.