გასულ წელს ქოუჩინგ ლაბი, ქოუჩინგის და მენტორინგის სფეროში წამყვანი ბრიტანული ორგანიზაციის Clutterbuck Coaching & Mentoring International (CCMI) პარტნიორი გახდა. CCMI-ს დამფუძნებელი და ლიდერი პროფესორი დევიდ კლატერბაკია, რომლის სახელმძღვანელოებითაც ქოუჩები პროფესიული დახელოვნების გზას გავდივართ. დევიდის ნაშრომები სამაგიდო წიგნებია არა მხოლოდ ქოუჩებისთვის, არამედ ლიდერებისა და HR პროფესიონალებისთვის. გლობალურად დევიდ კლატერბაკი ცნობილია, როგორც გუნდური ქოუჩინგის ერთ-ერთ ფუძემდებელი. სწორედ CCMI-ს მიერ შექმნილი საავტორო პროგრამები შემოვიტანეთ საქართველოში და გადავწყვიტეთ, რომ 2023 წელი გუნდური ლიდერობის წლად გამოვაცხადოთ, რადგან ქოუჩინგ ლაბის გუნდს გვჯერა და ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ სწორედ ლიდერული გუნდები ქმნიან მასშტაბურ ცვლილებებს. ჩვენი ორგანიზაციის დანიშნულება კი ეს არის – მხარი დავუჭიროთ დიდი იდეების რეალიზებას.
შემდეგ აბზაცს პირდაპირ ყველაზე აქტუალური კითხვით დავიწყებ, რომელიც ჟღერს ასე: გუნდური ქოუჩინგის ტრენინგი მხოლოდ ქოუჩებისთვის არის? ამ კითხვას აქვე გავცემ პასუხს და ვიტყვი, რომ ეს ტრენინგი არა მხოლოდ ქოუჩებისთვისაა. მეტიც, გუნდური ქოუჩინგის ტრენინგის პირველი მოდული შექმნილია ლიდერებისთვის და მენეჯერებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც გუნდებთან მუშაობენ და გუნდების განვითარების გზით ხელს უწყობენ ბიზნესის ზრდას და წარმატებას. ეს არის უნარების და კომპეტენციების ნაკრები, რომელიც მოგცემთ საშუალებას:
- ჩაღრმავდეთ გუნდის განვითარების დინამიკაში;
- იგრძნოთ გუნდების მაჯისცემა, ტკივილი და სიხარული მეტად განსხვავებული ხედვით;
- შექმნათ ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო გუნდისთვის და ადამიანებისთვის;
- გაიმახვილოთ თვალი, ყური და შეგრძნებები გუნდში არსებული დისფუნქციების ამოცნობისთვის;
- მართოთ კონფლიქტები, მართოთ ურთიერთობები და შექმნათ გუნდის ისტორია, რიტუალები და მომავლის სურათი;
კიდევ არაერთი პუნქტის მიმატება შეიძლება ამ სიისთვის. თუმცა, უპირველესად, რასაც გუნდური ქოუჩინგი ლიდერებს და მენეჯერებს აძლევს, ეს არის ფართო სურათის ხედვა. იმ სურათისა, რომელსაც ლიდერი და გუნდი ერთობლივად ქმნიან. ბიზნეს ენაზე ამას სისტემური აზროვნება ჰქვია და მოიაზრებს გუნდის, როგორც დიდი სისტემის ნაწილის, ასევე გუნდის, როგორც სისტემის ხედვას და განვითარებას. სწორედ ასეთი სისტემური მიდგომის საფუძველზე, დევიდ კლატერბაკმა, 45 წლიანი კვლევის საფუძველზე, შექმნა მეთოდი PERILL. ეს მეთოდი იკვლევს გუნდის ქცევის მოდელებს შემდეგი მიმართულებებით:
- გუნდის დანიშნულება და მოტივაცია – რამდენად აქვთ გუნდის წევრებს სასურველი მიზნების ცხადი, მკაფიო სურათი და ხედვა; რა სამოტივაციო სტრატეგიები არსებობს გუნდში.
- გარე სისტემები და პროცესები – როგორ ურთიერთობს გუნდი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან; როგორ იყენებს გუნდი გარე რესურსებს და როგორ მოქმედებს გუნდზე გარე სოციალური პროცესები.
- ურთიერთობები – როგორია გუნდში ნდობის ფაქტორი; როგორი კომუნიკაციის და კოლაბორაციის მოდელებს იყენებს გუნდი; როგორ რეაგირებენ გუნდის წევრები მრავალფეროვნებაზე და განსხვავებულობაზე.
- შიდა სისტემები და პროცესები – როგორია გუნდში სამუშაო პროცესი; რა გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიები არსებობს და როგორ უმკლავდება გუნდი კონფლიქტებს/სირთულეებს.
- განვითარება – როგორ აუმჯობესებს გუნდი შესრულების ხარისხს და რა სტრატეგიებს იყენებს დასწავლისთვის.
- ლიდერობა – გუნდში ლიდერობის სტრატეგიები, ლიდერსა და გუნდს შორის ურთიერთობების მოდელები და გაზიარებული პასუხისმგებლობა.
ეს ის ფაქტორებია, რომელიც მაღალეფექტიანი გუნდების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ყველა ამ ფაქტორში არსებობს გამოწვევები, დისფუნქციები, ზრდის ზონა, განვითარების ახალი ეტაპი და სწორედ ეს არის ის მნიშვნელოვანი კომპეტენციები, რომელსაც ჩვენი გუნდური ქოუჩინგის ტრენინგის პირველ მოდეულზე მენეჯერებს და ლიდერებს ვუზიარებთ – როგორ იმუშაონ და განავითარონ გუნდები სიღრმისეულად, ერთიანობაში ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით.
ავტორი: ირინა ჭოჭუა