მე რომ შენი ქოუჩი ვიყო, ვერაფერსაც ვერ გეტყოდი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვინ ვარ მე, რომ ვიცოდე, რა არის შენთვის რაიმეს გაცნობიერების ან ქმედების საუკეთესო ვერსია? თუკი ვინმემ ეს შეიძლება იცოდეს, ხარ მხოლოდ შენ, მთელი შენი შინაგანი რესურსებით და გარედან შემოსული იმპულსებით.

მეორე რიგში იმიტომ, რომ ქოუჩები, ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო, რჩევებს არ გავცემთ. მოდი, ისიც ვთქვათ, რომ ქოუჩები არც გურუები ვართ, არც შამანები და არც გულთმისნები. უბრალოდ, ვიცით ორი რამ: როგორ მოგასმენინოთ საკუთარი შინაგანი ხმისთვის და როგორ გაჩვენოთ ეს პროცესი გარედან, ანუ ჩაგახედოთ სარკეში. იმ სარკეში, რომელსაც, როგორც წესი, ყველანი გავურბივართ. თუმცა, აუცილებლად დგება წამი, როდესაც იღებ გადაწყვეტილებას, იხედები ამ სარკეში და მერე იწყება ის, რასაც ზოგმა „ჯადოსნობა“ დაარქვა, ზოგმა „შამანობა“ და ა.შ. არაფერი ჯადოქრული ამაში არ არის და ყველაფერი ადამიანური ამ პროცესში არის. თავისი შიშებით, წინააღმდეგობებით, გაბრძოლებებით, დანებებებით, „მსხვერპლის“ თუ „გადამრჩენელის“ როლებით და ა.შ.

ჩემი პრაქტიკის მეშვიდე წელია. დაახლოებით შეგიძლია წარმოიდგინო, რა რაოდენობის ამბავი მაქვს მოსმენილი ადამიანებისგან. თუმცა, ამაზე გლობალურად არასდროს მიფიქრია. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე სპიკერობა მთხოვეს, დავიწყე ფიქრი რაზე მინდოდა მელაპარაკა აუდიტორიასთან და მივხვდი, რომ მე მაქვს უსაზღვრო  სიმდიდრე – ადამიანები თავიანთი ამბებით. დავსვი კითხვა: რა აქვს საერთო ამ ამბებს? ის, რაც გვაფიქრებს, გვაღელვებს, ზოგჯერ გვსტრესავს, ზოგჯერ გვახარებს, გვამყოფებს ჰარმონიაში ან გვირღვევს ბალანსს, გვაშინებს ან მოტივაციას გვაძლევს; ის რაც ფეხქვეშ მიწას გვაცლის, დაგვცემს და მერე წამოდგომაში გვეხმარება. და მივხვდი. ჩვენ, ადამიანებს და ჩვენი ცხოვრების ამბებს, მიუხედავად იმისა, რომ განვითარების სხვადასხვა სცენარებია, ბევრი საერთო გვაქვს. ეს არის:

შიშები – გვეშინია უარყოფის, წარუმატებლობის, მარტოობის, უსუსურობის, საკუთარი ხმის გაჟღერების… შიშების ათასნაირი ვერსია არსებობს. ზუსტად იმდენი, რამდენსაც ჩვენი გონება მოიგონებს. ყველა ადამიანს ეშინია და არც შენ ხარ გამონაკლისი. მთავარია, რას ვაკეთებთ მერე? ზოგი ნებდება, ზოგი კიდევ იწყებს მოლაპარაკებას შიშებთან. პირველ რიგში, მოსმენას: რას გეუბნება ეს შიში და როგორ შეგიძლია მოელაპარაკო? მე ჩემს შიშებთან მოლაპარაკების დროს მივხვდი, რომ ეს არის უზარმაზარი ენერგია, რომელსაც შემიძლია შევუცვალო ფორმა, შინაარსი და „სწორი“ მიმართულებით გავუშვა. მიმართულებით, რომელიც იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში არის კონკრეტული შედეგის მომტანი. რა ხდება მერე, ეს უკვე სცენარის შემდეგი აქტია.

პატიება – ვერ ვპატიობთ დედას, მამას, დას, ძმას, მეგობარს, საყვარელ ადამიანს. ვერ ვპატიობთ რაღაცას, რაც უბრალოდ მოხდა, თავისთავადად, და იმ კონკრეტულ მომენტში გვეტკინა, გავბრაზდით, დავსევდიანდით, ან აგრესია გამოვხატეთ. მერე ჩავიბუდეთ ეს ემოცია სხეულში, დავასახლეთ, გავაღვივეთ ან უბრალოდ ჩავკირეთ. ვერსია ათასნაირია. მთვარია, რომ ვერ ვპატიობთ და ვიწყებთ საკუთარი თავის ან სხვის დადანაშაულებას. მე უბრალოდ ავდექი და ვაპატიე ჩემს თავს ყველა ჩემი დაშვებული შეცდომა, ყველა ჩემი ჩავარდნილი პროექტი, ყველა ჩემი კონფლიქტი და იმპულსურობა, ყველა ჩემი სიჯიუტე თუ მიუღებლობა. ჩემს თავს ვაპატიე. და მხოლოდ ამის მერე გაქრა სინანული, თვითგვემა, სადამსჯელო ღონისძიებები. და მხოლოდ ამის მერე მაპატიეს ადამიანებმა. არა. არ ვარ შეუმცდარი. თუმცა, ვისწავლე სინანულის გაშვება და ვსწავლობ, როგორ ვიყო ჩემი თავის შესაძლო საუკეთესო ვერსიასთან ოდნავ მაინც მიახლოებული.

მიმღებლობა – ვერ ვიღებთ ჩვენ თავს ისეთებს, როგორებიც ვართ. არ მოგვწონს ტუჩი, ცხვირი, წონა, ქცევა, არ ვართ საკმარისად კარგები … და სია შეიძლება უსასრულო იყოს. ვიცი, რომ გინდა იყო უკეთესი და გქონდეს უკეთესი. მეც მინდოდა, ამიტომ დავიწყე საკუთარი თავის მიღებით და აღიარებით, რომ მე ამ მოცემულობაში, დროის და სივრცის ამ კონკრეტულ მონაკვეთში ვარ ასეთი, ამ რესურსებით და ამ შესაძლებლობებით. მივიღე, ვაღიარე და დავიწყე ფიქრი, ის ჩემი თავის შესაძლო საუკეთესო ვერსია, რომელსაც მინდა მივუახლოვდე, როგორია? როგორია მომავლის ირინა, რომელთანაც საღამოობით, აივანზე, ჭიქა ღვინის თანხლებით დიალოგს გავმართავდი და პირველ რიგში ვკითხავდი, ხარ იქ სადაც გინდა რომ იყო? აკეთებ იმას, რაც შენი დროის (ცხოვრების) დიდი ნაწილი ჭეშმარიტად ღირს? გყავს ადამიანი, რომელიც თანაზიარია? და თუ კი, მაშინ მომიყევი, როგორ მიხვედი იქამდე? და ისიც მომიყევი, ამის მერე რა ხდება? ეს უკვე არის გაცნობიერების დასაწყისი, რომელიც ერთი დიდი ტრანსფორმაციული გზაა. რომელიც რთულია, თუმცა უსაზღვროდ საინტერესო. და აქ იხედები სარკეში, უსმენ შენს შინაგან ხმას და იღიმი. უბრალოდ იღიმი აქ და ახლა, რადგან იწყებ ფიქრს, ვინ ხარ, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი და რისი გჯერა.

საკუთარი თავის რწმენა – რამდენი ღირებული იდეა და ბრწყინვალე მიზანი დაკარგულა მხოლოდ იმიტომ, რომ  ვერ დაგვიჯერებია საკუთარი თავის? რამდენი ურთიერთობა გაგვიცუდებია? რამდენი შესაძლებლობა ვერ დაგვინახავს? რამდენ სიამოვნებაზე გვითქვამს უარი? მე მჯერა, რომ შემიძლია ვიყო სრულიად გულწრფელი საკუთარ თავთან. და ყოველთვის, ყოველთვის ამოსავალი წერტილი ჩემთვის არის ეს. ვარ ამ კონკრეტულ ფიქრებში გულწრფელი აქ და ახლა? თუკი ვარ, ამას მოაქვს პასუხისმგებლობის უდიდესი შეგრძნება ისევ საკუთარი თავის მიმართ. და თუკი ეს ყველფერი არის ჩემში, გარემოში და სხვა ადამიანებთან ტრანსლირება უკვე თავისთავადად ხდება. აქაც ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ასეა. და ვფიქრობ, ესეც ადამიანურია. თუმცა, როგორც კი ვიჭერ ჩემს თავს არაგულწრფელობაში, ვიწყებ ღიღინს. მერე, ასევე გულწრფელად და კეთილად ვიცინი არაგულწრფელ ირინაზე და ვიწყებ თავიდან. რაც მთავარია, მჯერა, რომ შემიძლია …

მადლიერება … რისთვის ხარ მადლიერი? აქ გთავაზობ შენ თვითონ შეავსო ეს აბზაცი.

საკუთარი თავის სიყვარული – აქ კი მხოლოდ ერთ წინადადებას დავწერ „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. თავი შენის შეყვარებიდან იწყება მიახლოება ღმერთთან, გნებავს სამყაროსთან, გნებავს უშრეტი ენერგიის წყაროსთან, რომელიც შენშია.

მე რომ შენი ქოუჩი ვიყო, გავბედავდი და გეტყოდი, „მოდი, ამით დავიწყოთ“.

ირინა ჭოჭუა

ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ ასოციაციის წევრი. სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით. International Coach Federation (ICF) წევრი.
07.09.2020

ბოლო პოსტები

საკვანძო სიტყვები

კატეგორიები

არქივი