ქოუჩინგში ერთ-ერთი საკვანძო ეტაპი მიზნის სწორად დასახვაა. ამისათვის რამდენიმე კრიტერიუმი გვაქვს. დავიწყოთ სწორი ფორმულირებით. რაც უფრო ზუსტად და პოზიტიურად არის ფორმულირებული ის, თუ რა გინდათ, მით უფრო მეტი შანსია საკუთარ არაცნობიერს სწორი ქმედების ბრძანება მისცეთ და ამით მიიღოთ სასურველი შედეგი. კარგი შესაძლებლობები არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ ამ კარგი შესაძლებლობების დანახვა და ამოცნობა.

რა გინდა? – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ბევრ ადამიანას არ აქვს. ჩვენ ხშირად გვიჭირს ჩვენი მიზნების და სურვილების ჩამოყალიბება. უფრო მეტი წარმატებით ვიტყვით რა არ გვინდა, ვიდრე რა გვინდა. იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრებით კმაყოფილები და ბედნიერები ვიყოთ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რისი მიღწევა გვინდა. ანუ შეგვეძლოს არჩევანის გაკეთება, ან ჩვენს მაგივრად სხვები გააკეთებენ ჩვენსავე არჩევანს.

როგორ უნდა დავსახოთ მიზანი სწორად?

ნაბიჯი პირველი – ზუსტად და პოზიტიურ ფორმაში ჩამოაყალიბეთ რა გინდათ. როგორი უნდა იყოს თქვენს მიერ მიღწეული შედეგი? პოზიტიურად ფორმულირება ნიშნავს იმის განსაზღვრას, თუ რა მიმართულებით გინდათ მოძრაობა და არა იმის დაკონკრეტებას თუ რა არ გინდათ. მაგალითად, „არ მინდა ჩემი ახლანდელი სამსახური“ – არასწორია. სწორი ფორმა იქნება „მინდა ახალი და კარგი სამსახური“, ან „მინდა ჩემს სამსახურში უკეთესი პირობების შექმნა“. დაიმახსოვრეთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა იტყვით არ მინდა ეს ან ის, მაშინათვე დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „თუ ეს არ მინდა, მაშინ ამის ნაცვლად რა მინდა?“

მეორე კრიტერიუმი არის კონტროლის ზონა. თქვენს მიერ დასახული მიზანი უნდა იყოს პირადად თქვენი კონტროლის ზონაში. მაგალითად, “თუ ვიღაც სხვა ადამიანი მოიმოქმედებს ამას და ამას, მე მივიღებ შედეგს” არის არასწორი ფორმულირება. სხვა ადამიანის ქმედებები შეიძლება იყოს თქვენი კონტროლის ზონაში? რა თქმა უნდა, არა. ამ შემთხვევაში სწორი მიდგომა იქნება, “მე რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ იმ სხვა ადამიანში ეს ქმედებები გამოვიწვიო?” – ეს უკვე თქვენი კონტროლის ზონაა.

შემდეგი პუნქტი არის SMART მოდელი და აქ ბევრი კითხვის დასმა მოგიწევთ საკუთარი თავისთვის. SMART მოდელი გულისხმობს თქვენი მიზანი რამდენად კონკრეტულია, გაზომვადია, მიღწევადია, რეალისტურია, დროში გაწერილია. კითხვების სერია კი ასე გამოიყურება: როგორ მივხვდები, რომ შედეგს მივაღწიე? ანუ რამდენად გაზომვადია შედეგები: რას დავინახავ, გავიგონებ ან ვიგრძნობ, როცა მიზანს მივაღწევ? რა დროში მინდა შედეგის მიღება? ანუ დროის მონახაზს ვაკეთებთ. რეალისტურია ამ დროში ამ შედეგის მიღება? ეს მიზანი მიღწევადია? რა რესურსები მაქვს და მჭირდება ამ მიზნის მისაღწევად? ეს რესურსები შეიძლება იყოს როგორც შინაგანი (ცოდნა, უნარები, მოტივაცია), ასევე გარეგანი (მატერიალური და არამატერიალური რესურსები).

ასევე გასათვალისწინებელია მიზნის რეალური მასშტაბები. თუ თქვენი მიზანი არის გრძელვადიანი, მაგალითად, შედეგს დაინახავთ 5 წლის შემდეგ, აუცილებელია საბოლოო მიზნამდე მისასვლელი ქვე-მიზნების გაწერა. დასვით კითხვა: საბოლოო მიზნამდე მისაღწევად რა მჭირდება? და რა პასუხებსაც დააფიქსირებთ, ის იქნება თქვენი ქვე-მიზნები, რომელსაც უფრო მოკლე ვადებშიც განახორციელებთ და ამ მიღწევებით მოტივაციაც აგიმაღლდებათ. დაიმახსოვრეთ, იმისათვის, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმა შეძლოთ, ყველა მიზანი უნდა იყოს მიღწევადი და რეალისტური. ყველაზე დიდი მოგზაურობებიც კი პირველი ნაბიჯით იწყება.

ასევე აუცილებლია იპოვოთ თქვენი მიზნის ღირებულებები იმისათვის, რომ მოტივაცია და სამოქმედო ენერგია გქონდეთ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: თუკი მე ამ მიზანს მივაღწევ, რას მაძლევს ეს? რისთვის მინდა ეს ყველაფერი? ეს მოგცემთ საშუალებას დასახოთ უფრო გრძელვადიანი მიზნები და იყოთ უფრო მოტივირებულები.

მიზნის სწორად დასახვის ბოლო ეტაპი არის ეკოლოგიურობა. ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ გარკვეულ სოციუმში, გვყავს ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები, ნაცნობები და ა.შ. როდესაც მიზანს სახავთ, აუცილებლად დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ეს შედეგები ხომ არ გამოიწვევს სხვა ადამიანებში, ვინც ჩემს გარშემოა, არასასურველ ცვლილებებს? იქნება თუ არა ამ მიზნის განხორციელება ეკოლოგიური სხვებისთვის? და პირველ რიგში რამდენად ეკოლოგიურია ეს მიზანი თქვენთვის? გაითვალისწინეთ, რომ არაეკოლოგიურ გარემოში სურვილებიც არაეკოლოგიური იბადება.

ირინა ჭოჭუა

ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ ასოციაციის წევრი. სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით. International Coach Federation (ICF) წევრი.
01.16.2019

ლაბის ფოტო ამბები

ბოლო პოსტები

საკვანძო სიტყვები

კატეგორიები

არქივი