უნდა შეგეშინდეს. ძალიან უნდა შეგეშინდეს. და მერე მოგინდეს შენს შიშებთან პირისპირ აღმოჩნდე და დიალოგი გააბა. შიში ბევრნაირია. ზუსტად იმდენი, რამდენსაც ადამიანის გონება მოიფიქრებს. ვიხსენებ, ბოლო 6 წლის მანძილზე რამდენი ადამიანი მჯდარა „ყვითელ სავარძელში“ და რამდენი ამბავი მოუყოლია. რამდენი შიში მომისმენია და რამდენი რამის შემშინებია მე თვითონ.

„აი ხომ ვიცი, მე შემიყვარდება და ის მერე მიმატოვებს…“

„უნდა ავირჩიო რა უფრო მინდა, და … რომ შემეშალოს და არასწორი არჩევანი გავაკეთო?“

„ძალიან მინდა ჩემი ბიზნესი მქონდეს, მაგრამ ჩემნაირებს ამ ქვეყანაში ვის გამოსვლია, რომ მე გამომივიდეს?“

„წავალ, მიმიღებენ, დაფინანსებასაც მოვიპოვებ და მართლა რომ გამომივიდეს, მერე რა ვქნა?“

„ვიხედები ჩემს მომავალში და არაფერი ჩანს. საერთოდ არაფერი. უძლური ვარ.“

„ეჰ, მე რომ ბედი მქონოდა …“

ეს ყველაფერი შიშებია. ნაირ-ნაირი და ჭრელ-ჭრელი. და საერთო რა აქვთ იცით? ენერგიას გაცლიან. სრულიად უმოქმედოს გხდიან და შენი სხეულით იკვებებიან. ჩაიბუდებენ და არიან შენთან მანამ, სანამ არ მიხვდები, რომ დროა წამოდგე, შიშები ჩამოიფერთხო, ფანჯარა შეაღო და ღრმად ჩაისუნთქო. თუმცა, ისეც ხდება, რომ წამოდგომის ნაცვლად, მათთან ერთად აგრძელებ ცხოვრებას და, რაღაც მომენტში, ისე ეგუები ამ ყველაფერს, რომ შენი მე-ს შემადგენელი ნაწილი ხდება. ნელ-ნელა პატარავდები, იცრიცები და იწყებ მტკიცებას, რომ ეს ასეა, რომ აუცილებლად მიგატოვებენ, რომ აუცილებლად დამარცხდები, რომ აუცილებლად შეგეშლება. რა თქმა უნდა, შეგეშლება კიდევაც და დამარცხდები კიდევაც, მაგრამ რას აკეთებ მერე?

ერთი დიდი შიში მაშინ ვჭამე, როცა მითხრეს, “აბა დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ ხარ 90 წლის. გამოიყურები კარგად, ხარ ჯანმრთელი და ბედნიერი და არის შენი დაბადების დღე. წარმოიდგინე, რომ ზუსტად ისე იცხოვრე, როგორც გინდოდა გეცხოვრა, ზუსტად ის გააკეთე, რისი გაკეთებაც გინდოდა და შენი ცხოვრება შედგა. სად ხარ? რა გარემოში ხარ და ირგვლივ ვინ არიან? როგორ გამოიყურები?” ვერაფერი დავინახე, რადგან არ ვიცოდი როგორ მინდოდა მეცხოვრა, რა მინდოდა მეკეთებინა. ჩემს მომავალში იყო სრული სიცარიელე. და მივხვდი, ვცხოვრობდი ინსტინქტურად. მივყვებოდი დინებას. მეშინოდა ოცნების.

ოცნების შიში (პოლიტიკური პარტიის არა 🙂 ) – არის ასეთი ემოცია. ეს არის მდგომარეობა, როდესაც არათუ 90 წლის ასაკში, 1 წლის მერეც ვერ წარმოგიდგენია საკუთარი თავი. ვერ ბედავ ოცნებას. არ იცი რა გინდა აკეთო, ვინ გინდა იყო და ამ კითხვების დასმასაც გაურბიხარ, არათუ ხმამაღლა, საკუთარ თავთანაც კი.

ყველა ეს შიში ბუნებრივია. ამის გარეშე ადამიანი არ არსებობს. უბრალოდ ერთნი აცნობიერებენ ამ შიშებს და იწყებენ მათთან მოლაპარაკებას, მეორენი – არა. ერთნი დგამენ პარატ-პატარა ნაბიჯებს, ჩადიან ქმედებებს, გადიან შიშების და ჩარჩოების მიღმა, მეორენი კი ხდებიან იმ წარმოსახვის მსხვერპლნი, რომელსაც ეს შიშები ქმნიან.

პირველად არის შიში. უნდა შეგეშინდეს. და მერე მოგინდეს ჩახედო შენს შიშებს თვალებში და გამართო დიალოგი. მოელაპარაკო. ჰკითხო რა უნდათ შენგან? რისთვის არიან მოვლენილნი? რას გაძლევენ? რას გეუბნებიან? რას გასწავლიან? და რომ არა ეს შიშები, რას გააკეთებდი?

ეს შიშები როგორც ჩნდებიან, ისევე ქრებიან. ძალიან ხშირად ისიც კი საკმარისია ადამიანს გონებაში მოუხსნა ბარიერი. სულ ერთი წამით, მისცე საშუალება წარმოიდგინოს, რომ არ ეშინია, პირიქით, ყველაფერი შეუძლია. და რას გააკეთებდა ამ დროს? რაზე იოცნებებდა? რას შეცვლიდა? რა პასუხებიც ამ მდგომარეობაში მოდის, სწორედ ეს არის უნიკალური რეცეპტი. გზა, რომელიც უნდა გაიარო. და დაიწყო ერთი პატარა ნაბიჯით. ამაზე საინტერესო ამბავს ვერავინ მოიფიქრებს შენთვის.

ირინა ჭოჭუა

ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ ასოციაციის წევრი. სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით. International Coach Federation (ICF) წევრი.
07.02.2019

ლაბის ფოტო ამბები

ბოლო პოსტები

საკვანძო სიტყვები

კატეგორიები

არქივი