ეპიგენეტიკა და ქოუჩინგი

მრავალი წლის მანძილზე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ გენეტიკა სრულად განსაზღვრავდა ადამიანს და მის ცხოვრებას, რაც ნიშნავდა, რომ ყველაფერი უკვე გენეტიკურად დეტერმინირებულია: რა გენებიც გადმოგვეცა მშობლებისგან, ის ვართ და ვერაფერს ვცვლით.  თუ ჩვენს ოჯახს გააჩნია სიმსივნის თუ დიაბეტის ისტორია, ე.ი. ჩვენც ეს ბედი გველის. ვართ კი რეალურად ჩვენი გენების „მსხვერპლი“? არის წინასწარ უცვლელად განსაზღვრული ჩვენი  პიროვნული მახასიათებლები, ქცევა, აზროვნების სტილი, მიდრეკილება დაავადებების მიმართ, თუ ჩვენც გვაქვს მართვის შესაძლებლობა? ფაქტია, რომ ჩვენში ჩაწერილია გარკვეული გენეტიკური კოდი, თუმცა მისი წაკითხვა განსხვავებულად შეიძლება განხორციელდეს. სწორედ ამ განსხვავებულად წაკითხვას ხშირად ეპიგენეტიკური მექანიზმები განსაზღვრავს.

ეპიგენეტიკა („ეპი“ ბერძნულიდან „ზემოთ“, „მიღმა“) შედარებით ახალგაზრდა მიმართულებაა, რომელიც იკვლევის ჩვენი ქცევის, აღქმის და გარემოს გავლენას გენების „ჩართვა-გამორთვაზე“. ანუ, ეპიგენეტიკური მექნიზმებით შესაძლებელია ერთი და იგივე გენომის მქონე უჯრედებმა სრულიად განსხვავებული თვისებები შეიძინონ. ჩვენს ორგანიზმში არსებული სხვადასხვა ტიპის უჯრედიც ხომ ამის საუკეთესო მაგალითია. ნერვული, კუნთის, თუ სისხლის უჯრედები გენების ერთი და იგივე ნაკრებს შეიცავენ, თუმცა როგორც მორფოლოგიურად, ასევე ფუნქციურად განსხვავებულები არიან. ეპიგენეტიკური მექანიზმები მოქმედებს სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე და ცვლილებები თვალსაჩინოა როგორც უჯრედულ, ასევე ორგანიზმულ დონეზე. ეპიგენეტიკის მნიშვნელობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ე.წ. „ჰოლანდიური შიმშილი“, როდესაც 1944-45 წლების ზამთრის პერიოდში გერმანელებმა „დასაჯეს“ ჰოლანდიელები და საკვებ რესურსებზე ემბარგო დაუწესეს, რის შედეგადაც ათეულ ათასობით ადამიანი შიმშილისგან დაიღუპა. ბუნებრივია, რომ მოწყვლადი ჯგუფი მოიცავდა ორსულ ქალებსაც და აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომელთა დედებმა კვებითი დეფიციტი განიცადეს ორსულობის პერიოდში, მთელი სიცოცხლის მანძილზე უჩიოდნენ ჯანმრთელობის პრობლემებს. კერძოდ, მეტად მიდრეკილნი იყვნენ ჭარბწონიანობის, დიაბეტის, შიზოფრენიის თუ სხვა დაავადებების მიმართ. კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ძლიერმა ნუტრიციულმა დეფიციტმა ემბრიონული განვითარების ეტაპზე მოახდინა მთელი რიგი გენების ექსპრესიის ცვლილება, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე იყო შენარჩუნებული. ორგანიზმი მეტად იყო მომართული საკვების „მომარაგებაზე“, რაც სწორედ ჭარბწონიანობასა და დიაბეტს განაპირობებდა.

რა კავშირში შეიძლება იყოს ეპიგენეტიკა ქოუჩინგთან? ქოუჩინგის პროცესში ადამიანში მიმდინარე ტრანსფორმაციას ეპიგენეტიკური ცვლილებებიც განსაზღვრავს. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, გენების „ჩართვა-გამორთვაზე“ დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ქცევა, გარემო და ასევე ის, თუ როგორ აღვიქვამთ გარემოს. გარემო გარკვეულწილად, ხოლო ჩვენი აღქმა თუ ქცევა ჩვენს კონტროლს  შეგვიძლია დავუქვემდებაროთ. ანუ, ჩვენს ხელთ გენების მართვის მნიშვნელოვანი ბერკეტია. ჩვენი ტვინი საოცარი ქიმიური ლაბორატორიაა, რომელიც იმაზე დამოკიდებულებით, თუ რას ვფიქრობთ, რისი გვჯერა, რა გვწამს, როგორ ვიქცევით, გამოიმუშავებს სიყვარულის, ბედნიერების, ან სტრესთან, შფოთვასთან, შიშთან დაკავშირებულ ჰორმონებს, რომლებიც გარკვეულ გარემოს ქმნიან ჩვენს ორგანიზმში და უჯრედებში გენების ექსპრესიაზე ახდენენ გავლენას. შესაბამისად, ის „სურათი“, წარმოდგენა გარემოზე, ჩვენს თავზე, პირდაპირ „გადაითარგმნება“ ტვინის მიერ გარკვეული ნივთიერებების კოქტეილად, რაც გავლენას ახდენს მთლიან ორგანიზმზე. ვინაიდან, ქოუჩინგის პროცესში ადამიანებში იცვლება ხედვა, რწმენა-წარმოდგენები, აზროვნების სტილი და  ქცევა, ქოუჩინგი შეგვიძლია ჩავთვალოთ მიდგომად, რომელიც რთავს ჩვენს ორგანიზმში ეპიგენეტიკურ მექანიზმებს ტვინის ბიოქიმიური პროფილის ცვლილებით, რაც ჯაჭვური რეაქციის შედეგად ცვლის გენების აქტივობას, როგორც ტვინის, ასევე სხვა უჯრედებში, ხდება ახალი ნეირონული კავშირების ჩამოყალიბება და გამყარება (ნეიროპლასტიურობა). შედეგად ვიცვლებით ჩვენც, ვიძენთ ახალ პიროვნულ თვისებებს და ვემშვიდობებით ძველს. როგორც ძველი ბუდისტური გამოთქმა გვეუბნება „ხდები ის, რისიც გჯერა“, მთავარია გააკეთო არჩევანი.

ავტორი: ეკა ჯაიანი, ACC ქოუჩი, ბიზნეს ქოუჩინგის პროგრამის კურატორი