ძალიან ხშირად ბიზნესის ეფექტურობა იკლებს მხოლოდ იმიტომ, რომ მენეჯერმა ან კომპანიის ხელმძღვანელმა ვერ შეძლეს ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება. გუნდისა, სადაც იქნება საერთო ხედვები, მიზნები, რომელსაც ექნება მოტივაცია და რომლის მუშაობაც იქნება ეფექტური. გუნდურ მუშაობაში რამდენიმე ყველაზე გავრცელებული პრობლემაა სამუშაო ძალების და როლების არასწორი გადანაწილება, ერთიანი ხედვის არარსებობა, ქცევის კულტურის და ღირებულებების არქონა, მიზნების და სამოქმედო გეგმის არარსებობა. შესაძლებელია, ყველა აქ ჩამოთვლილი პრობლემა მოგვევლინოს როგორც ერთდროულად, ასევე ცალ-ცალკე კომპონენტებად და ერთნაირად დააზარალოს ბიზნეს პროცესები. ხოლო ყველა ამ კომპონენტის გამართვა გვაძლევს საათის მექანიზმივით აწყობილ გუნდს და წარმატებულ ბიზნესს.

ყველაზე ხშირი პრობლემა, რასაც ვაწყდები, არის ერთიანი ხედვის არარსებობა და როლების არასწორი გადანაწილება, რაც შემდეგ იწვევს უმოტივაციობას. არადა, Dream Team-ის ყოლა ყველა დამწყები თუ წარმატებული ბიზნესის ოცნებაა და ამის გარეშე არც არაფერი გამოვა. იმისათვის, რომ ასეთი ოცნების გუნდი გყავდეს, აუცილებელია ეს გუნდი შექმნა, ჩამოაყალიბო ხედვა, მიზნები, სწორად გაანაწილო როლები და ადამიანებს გაუჩინო მოტივაცია. სწორედ ასეთ დროს ერთვება ქოუჩი.

გუნდური ქოუჩინგი არის მუშაობის ფორმატი გუნდთან, რომლის მიზანია მოახდინოს თითოეული თანამშრომლის პოტენციალის აქტივიზაცია და შეკრას მთლიანი, ერთიანი გუნდი. ტრენინგისგან განსხვავებით, სესიის დროს გუნდი თავად სახავს მიზნებს. ქოუჩი კი არ ასწავლის ამ მიზნის მიღწევის გზებს, არამედ გუნდის მონაწილეები თავად ეძებენ საუკეთესო გადაწყვეტას, მუშაობენ და ავითარებენ საკუთარ რესურსებს. აქ არის ჩართული ყველა კომპონენტი, მათ შორის კომუნიკაციის თუ კონფლიქტის საკითხები, როლური გადანაწილება, თითოეული თანამშრომლის ღირებულებები და მოტივაცია, საუკეთესო გუნდის მოდელირების კომპონენტები. მოკლედ, სამუშაო საკმაოდ შრომატევადი და საინტერესოა. თანაც, ეს არ არის ერთჯერადი სესია. სესიები იმართება კვირაში ერთხელ, 2-4 საათის ხანგრძლივობით (გააჩნია სამუშაო თემას და ადამიანების რაოდენობას). შედეგის მისაღწევად სასურველია 5-8 შეხვედრა.

პოსტის ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი საინტერესო ტექნიკა, რომელსაც ხშირად ვიყენებ გუნდთან მუშაობისას. ტექნიკის მიზანია გუნდში მოხდეს როლების სწორი გადანაწილება და მონაწილეებს ავუმაღლოთ მოტივაცია. მოათავსეთ სესიის მონაწილეები კომფორტულად, სასურველია არასამუშაო და არაოფიციალურ გარემოში. გაეცანით გუნდის წევრებს, გააცანით სესიის მსვლელობის გეგმა და დასვით აუცილებელი კითხვები:

  • გაიხსენეთ თქვენი გუნდში მუშაობის საუკეთესო შემთხვევა, როდესაც თქვენ გუნდთან ერთად მიაღწიეთ წარმატებას. შემთხვევა, რომელიც ყველაზე მეტად წარმატებულია თქვენთვის და რომელიც ყველაზე კარგად გახსოვთ
  • რა იყო ეს და როდის იყო? რა ადამიანებთან მუშაობდით? რა ხდებოდა? რა გააკეთა გუნდმა? თქვენ რა როლი გქონდათ? რაში იღებდით მონაწილეობას? ვინ და როგორი იყო გუნდის ლიდერი?
  • რა დაეხმარა ამ გუნდს წარმატების მიღწევაში? რა უნარები? რა კომპეტენციები? რის შედეგად გახდა გუნდი წარმატებული
  • კონკრეტულად რის გამო დაგამახსოვრდათ ეს ისტორია? რა იყო ყველაზე მეტად ღირებული? რატომ გვიყვებით ამ ისტორიას?
  • ამ არსებული გუნდის მიმართ რა სურვილები გექნებოდათ? რის შეცვლას ისურვებდით?

მოისმინეთ სათითაოდ გუნდის ყველა წევრის პასუხები. გააკეთეთ შეჯამება, რა იყო საერთო ყველა ამ მონათხრობში. რა იყო ღირებული? გამოყავით როლები თითოეული მონაწილესთვის, შეადგინეთ გუნდის მუშაობის საერთო მიზნები, პრინციპები და ღირებულებები და დასვით კითხვა, როგორ შეიძლება ამისი მიღწევა? შეადგინეთ რეალური სამოქმედო გეგმა, სადაც გუნდის თითოეულ წევრს ექნება თავისი კონკრეტული როლი.

ირინა ჭოჭუა

ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ ასოციაციის წევრი. სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით. International Coach Federation (ICF) წევრი.
01.10.2019

ლაბის ფოტო ამბები

ბოლო პოსტები

საკვანძო სიტყვები

კატეგორიები

არქივი