ოცნების კანონები II – ემოციების ტყვე

 

დასაწყისი წაიკითხეთ აქ

ლიმბური სისტემა, იგივე ემოციური ტვინი – 50 მილიონი წლისაა და პასუხს აგებს თვითგადარჩენაზე, თვითდაცვაზე, მართავს სოციალურ ქცევებს, დედობრივ გრძნობებს და აღზრდას. ემოციურ ტვინში ინახება ყველა ის ინფორმაცია, რასაც ვიღებთ აუდიალურად, შეხებით, შეგრძნებით, ყნოსვით, გემოთი. და არა ვიზუალურად. ვიზუალურად მიღებული ინფორმაცია სხვა სისტემაში მიდის. ემოციურ ტვინში მოთავსებულია ყველაფერი, რაც ვიცით, გვახსოვს, ჩვენი ყველა დასწავლილი ქცევა, ძილში თუ ღვიძილში. ლიმბური სისტემა არის ჩვენი ემოციების გენერატორი, აკავშირებს ემოციურ და ფიზიკურ ქმედებებს. აქ იბადება შიში, მხიარულება, განწყობის ცვლა. ამ სისტემის დარღვევა იწვევს აუხსნელ შფოთებს, აგრესიას, შიშებს ან ზედმეტ მგრძნობელობას.

ემოციური ტვინი გვაძლევს გრძნობებს, უყვარს კომფორტი და რუტინა, ერთფეროვნება. სულ მიისწრაფვის უსაფრთხოებისკენ და მუდმივობისკენ. სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში გვევლინება ცვლილებების ხელის შემშლელად. ემოციური ტვინისთვის უსაფრთხოება ნიშნავს ვაკეთო დღეს ის, რასაც ვაკეთებდი გუშინ. ხვალ გავაკეთო იგივე, რასაც ვაკეთებდი დღეს. შესაბამისად, ლიმბურ სისტემას აქვს ორი დრო: აწმყო და წარსული. ემოციური ტვინი მჭიდრო ურთიერთქმედებაშია რეპტილიურ სისტემასთან და მთელი წარსული გამოცდილება გადმოაქვს აწმყოში. იგი არავითარ შემთხვევაში არ ფიქრობს მომავალზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლიმბური სისტემა ყველა მოგონებას ისე აკავშირებს ერთმანეთთან, თითქოს ხდება აწმყოში. შედეგად, ჩვენ ხელახლა განვიცდით ემოციებს და გრძნობებს წარსული გამოცდილებიდან.

ლიმბური სისტემის დანიშნულებაა ყველაფერი შეინახოს ისე, როგორც არის. და ის ეწინააღმდეგება ცვლილებებს. ის გვექაჩება წარსულისკენ, ე.წ. კომფორტის ზონაში. აქ ხომ უკვე ვიყავი და ვიცი როგორია, ანუ საფრთხე არ მემუქრება. ნებისმიერი სიახლე კი შიშია, იქ შესაძლოა მემუქრებოდეს საფრთხე. სწორედ ასე ჩნდება მომავლის შიში, წარმატების შიში, ცვლილების შიში და კიდევ არაერთი „დამატორმუზებელი“ ემოცია. კომფორტის ზონიდან ნებისმიერი გამოსვლის მცდელობა ლიმბური სისტემისთვის სტრესია.

შეიძლება ითქვას, რომ ლიმბური სისტემა წააგავს „მზრუნველ დედას“. მას მოსწონს ყველაფერი ნაცნობი – გარემო, ქცევა. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ, გადის ემოციური ტვინის ფილტრში. ძირითადად, ეს არის უსაფრთხოება და კომფორტი. და ყველაფერი, რაც ამ ორს ეწინააღმდეგება, უმეტესწილად უარყოფილია ჩვენსავე მიერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ემოციური ტვინი იღებს გადაწყვეტილებას, ის ეფუძნება უკვე ნაცნობ და ახლობელ ნიშნებს. მაგალითად, ახალ სამსახურში ისევ ისეთი კომფორტული მაგიდა მექნება? შორს მომიწევს სიარული? და ამ დროს შეიძლება საერთოდ არ ვიფიქროთ იმ შესაძლებლობებზე, რასაც ახალი სამსახური გვაძლევს. როდესაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცვლილებებს, გვმართავს ლიმბური სისტემა. მისი მახასიათებლებია: ცხოვრობა აწმყოთი, ინფორმაციის მიღება აუდიალურად, ორიენტირებულია ჯგუფში ცხოვრება-გადარჩენაზე (ოჯახი, თემი, კლანი), იცის მხოლოდ კი ან არა, კარგი ან ცუდი, აქვს ასოცირების უნარი. ანუ, როდესაც რამეზე ვფიქრობთ, იმასთან ვასოცირდებით და ეს იწვევს რეალურ განცდებს.

ემოციური ტვინი ვერ ანსხვავებს საფრთხეებს სხეულის და ეგოს მიმართ. ამიტომაც, სიტუაციის გარკვევამდე ჩვენ უკვე თავდაცვის რეჟიმში ვდგებით. როდესაც ვინმე ან რაიმე ეხება ჩვენს გრძნობებს, გამოიყოფა ადრენალინი, ხდება სისხლის მიმოქცევის და კუნთების სტიმულირება და ყველა აზრი კონცენტრირდება საფრთხზე, მისგან დაცვაზე. ასევე, ნებისმიერი ცვლილების განხორციელებამდე, ემოციური ტვინისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მთელი ჯგუფი, ოჯახი, თემი, კლანი არის და იქნება უსაფრთხოდ.

ლიმბური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მუდმივად ეძებს მსგავსებებს. მაგალითად, თუკი გავიცანით ადამიანი და პირველ 15-20 წამში მასთან მსგავსებას ვპოულობთ , ის უკვე „ჩვენიანია“, ჯგუფის წევრია და გაუცნობიერებლად მოგვწონს, „კომფორტის ზონაში“ ვართ.  ბევრჯერ გაგვიგია ფრაზა, რომ ყველა სურვილი კომფორტის ზონის მიღმაა, ან ცვლილებები და სიახლეები იწყება კომფორტის ზონიდან გასვლის მერე. სწორედ ლიმბურ სისტემაზეა აქ საუბარი. რეპტილიური და ემოციური ტვინები თანაარსებობენ უკვე 50 მლნ  წელია და ძალიან კარგ ურთიერთქმედებაში არიან ერთმანეთთან. და ამ ორის აღზევება იწვევს კონტროლის აღებას გონებაზე და სხეულზე. თუ რეპტილიური სისტემისთვის საფრთხე არის ფიზიკური, ლიმბური სისტემისთის ეს არის ემოციური საფრთხე. მაგალითად, სიყვარულის დაკარგვა, გაუცნობიერებლის შიში, ცვლილების შიში, იმისი შიში, რაც ჯერ არ ვიცით რა არის, თუნდაც რაიმე კარგი იყოს.

როგორ უნდა დავძლიოთ ჩვენი ემოციური ტვინის ასეთი ზრუნვა და ჩვევები, რომ მივაღწიოთ იმას, რაც გაცნობიერებულად გვინდა? ამისათვის აუცილებელია ვიცოდეთ როგორ ვავარჯიშოთ ჩვენი ვიზუალური ტვინი, იგივე ნეოკორტექსი.

გაგრძელება…