ოცნების კანონები I – საფრთხე

არიან ადამიანები, რომლებიც ოცნებობენ და არიან ადამიანები, რომლებიც ოცნებობენ “კანონების დაცვით”. შესაბამისად, პირველ კატეგორიას ნაკლებად გამოსდის ამ ოცნების განხორციელება. მეორე კატეგორია კი თითქმის ყველა სურვილს ისრულებს. მოდით, ჯერ შევთანხმდეთ სიტყვის მნიშვნელობაზე. მე ჩემს ვიზუალურ წარმოდგენებს ოცნებას დავარქმევ თუ მიზანს, პროცესი ერთია. როდესაც მიზანს ვსახავთ, რაიმე გვინდა სამომავლოდ, ვოცნებობთ. წარმოვიდგენთ ვიზუალურად, ვხედავთ ფილმის ან სურათების სახით და ამით ვიღებთ ემოციას, ენერგიას, მოტივაციას. რა ხდება ამ დროს ჩვენს ტვინში? სწორედ აქ არის საჭირო სულ მცირე დოზით ნეიროფიზიოლოგიის ცოდნა, რომ ეს ყველაფერი გასაიდუმლოებულ ინფორმაციად არ მოგვეჩვენოს. ნებისმიერი მოწყობილობის ცოდნა მის გამოყენებას აადვილებს. ამიტომაც, მინდა განვმარტო რა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც ვოცნებობთ, როდესაც გვეშინია, როდესაც რამე გამოგვდის ან არ გამოგვდის. რა არის ჩვენი ამა თუ იმ ქცევის ან ემოციის სათავე, როდის შეიძლება იყოს ტვინი ჩვენი მოკავშირე და როდის მოწინააღმდეგე.

ადამიანებს გვაქვს “ერთიანი სამსახოვანი ტვინი”. მარტივად რომ ვთქვათ, ერთის ნაცვლად სამი ტვინი: რეპტილიური ტვინი (ტვინის ღერო), ლიმბური სისტემა (ემოციური ტვინი) და ნეოკორტექსი. ნეოკორტექსს ასევე უწოდებენ ახალ ტვინს, ვიზუალურ ტვინს და, რაც ძალიან მომწონს, ამერიკელებმა შეარქვეს dream box.

რეპტილიური ტვინი 100 მილიონი წლისაა. ყველაზე უძველესია და ჩვენს ქცევაზე ფუნდამენტური გავლენა აქვს. იგი პასუხს აგებს უსაფრთხოებაზე და მართავს საბაზისო ქცევებს, როგორიც არის გამრავლების, გადარჩენის ინსტინქტი, ტერიტორიის დაცვა, აგრესია, სურვილი დაეუფლო ყველაფერს და მართო ყველაფერი. აქვე არის შაბლონების გამეორება, იმიტაცია, ტყუილი, ბრძოლა ძალაუფლებისთვის, იერარქიული სტრუქტურებისკენ სწრაფვა, რიტუალური ქცევები, დომინირება უმცირესობაზე. რეპტილიური ტვინისთვის დამახასიათებელია ცივსისხლიანი ქმედებები, თანაგრძნობის არქონა.

მისი ფუნქციები საკმაოდ მარტივია: „გაქცევა – თავდაცვა – გადარჩენა – უსაფრთხოება“. რეპტილიური ტვინი აუცილებელია მყისიერი რეაქციებისთვის, როგორიცაა თავდაცვითი რეაქციები ცეცხლთან, იარაღთან და ა.შ. ჯერ არის რეაგირება და შემდეგ ფიქრი. რეპტილიური სისტემა არის ჩვენი ავტოპილოტი, რომელსაც ცნობიერად ჩვენ ვერ ვმართავთ. მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას სხეული, მუდმივად მომართულია თავდაცვისკენ, სულ მზაობაშია და საფრთხესაც სულ გრძნობს. შესაბამისად, მისთვის გარე სამყარო მუდმივად ნეგატიურია. რეპტილიური სისტემა სამყაროს აღიქვამს სხვანაირად. მასში ცხოვრობენ ჩვენი „რეპტილიური“ შიშები, რომელსაც ხშირად ბავშვები სრულიად უმიზეზოდ ავლენენ. რეპტილიური სისტემა ასევე აქტიურად მუშაობს ძილში. მას ვერ დააიგნორებ და მის მუშაობას ვერ ჩაახშობ. ის საჭიროა, თუმცა ევოლუციამ იზრუნა, რომ რეპტილიური სისტემის ზედმეტი აქტივობა ჩაეხშო. დღისით რეპტილიური სისტემის მოქმედება იხშობა ნეოკორტექსით, მაგრამ ძილის დროს შესაძლოა ისევ გააქტიურდეს და ამ დროს ძილში განვიცდით იმ პირველ ყოფილ შიშებს, რაც ვლინდება შემდეგნაირად: სიზმარში გვეშინია ვარდნის ან ვეცემით, გვაქვს სექსუალური განცდები და ა.შ.

ბუნებრივია, რეპტილიური სისტემის ფუნქციები სასარგებლო და აუცილებელია დღევანდელ რეალობაში. მაგრამ, თუ თვითგადარჩენის მდგომარეობა ხდება მთელი ცხოვრების საზრისი, ჩვენ ვხდებით რეპტილიური ტვინის მორჩილი. ასევე, სწორედ რეპტილიური სისტემის გააქტიურება ხდება, როდესაც მასობრივი კომუნიკაციების საშუალებით გვინერგავენ „ვერ გადარჩენის“ შიშს. როდესაც გვაწვდიან ინფორმაციის მცირე დოზებს კრიზისზე, ფასების ზრდაზე, ომზე, კატასტროფებზე, ავარიებზე, ძალადობაზე და ა.შ. ამგვარი ზემოქმედებით ჩვენ ვხდებით გააქტიურებული რეპტილიური ტვინის მორჩილი და წინ იწევს მისი თვისებები – გადარჩენა, ტყუილი, მიბაძვა, მანიპულაციები. ვხდებით მარტივად კონტროლირებადები,ხოლო მანიპულატორს ჩვენს სამართავად სჭირდება მხოლოდ ერთი რამ – შიში.

ხშირად რეპტილიურ ტვინს ერთმანეთში ეშლება შთაგონებული და რეალური საფრთხე. ასეთ სიტუაციაში რეპტილიური სისტემა ხდება უფრო აქტიური. ადამიანის და, ზოგადად, ცოცხალი ორგანიზმის განვითარების ადრეულ საწყის ეტაპზე, ეს სისტემა ორგანიზმს იმ დროინდელი საფრთხეებისგან კარგად იცავდა. მაგრამ, დღევანდელ რეალობაში მისი აქტიური მოქმედება ხელს უშლის ჩვენს ტრანსფორმაციულ პროცესებს. როდესაც რეპტილიური ტვინი დარწმუნდება, რომ ორგანიზმს საფრთხე არ ემუქრება, მისი მოქმედება პასიურდება.

გაგრძელება…