როგორც არაერთი მეცნიერი ამბობს, ჩვენ კაცობრიობის ისტორიის იმ მონაკვეთში ვართ, როდესაც ბევრი რამ ფუნდამენტურად იცვლება. ამ ცვლილებას განიცდის ლიდერობის პარადიგმაც და ბოლო ათეული წლებია, განსაკუთრებით მკაფიოდ გვესმის ფრაზა, რომ სამყაროს სჭირდება რაც შეიძლება მეტი ლიდერული გუნდი. არა ერთი ან ორი ლიდერი პერსონა, არამედ გუნდები, რომლებიც არის ლიდერების გაერთიანება და ეს გაერთიანებები აუცილებლად უნდა ხდებოდეს ფუნდამენტური ფასეულობების ირგვლივ. გამოწვევა ბევრია და ბევრ სხვადასხვა სფეროში – დაწყებული ეკოლოგიური პრობლემებიდან, გაგრძელებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისით და დასრულებული ადამიანის არსებობის ეგზისტენციალური საკითხებით. და არაერთი მეცნიერი თუ მოაზროვნე ამბობს, რომ ამ გამოწვევების წინაშე უძლურია ერთი და ორი დისციპლინის, მეცნიერების თუ ლიდერების კავშირი. საჭიროა კოლექტიური ლიდერობა, ბევრი სხვადასხვა სპეციალობის, პროფესიის მოაზროვნის გაერთიანება, რომლებიც შექმნიან აზროვნების ახლებურ სტილს. როგორც აინშტაინი ამბობდა, პრობლემა ვერ გადაიჭრება აზროვნების იმავე საფეხურზე, რომელზეც ის წარმოიშვა. სწორედ ამიტომ, ლიდერობის ახალი პარადიგმა გულისხმობს კოლექტიურ ლიდერობას და აზროვნების ახალ გზებს. ეს გლობალური გამოწვევები, ბუნებრივია, აისახება ლოკალურ დონეზეც. ამ სტატიაში გთავაზობთ დავინახოთ გუნდურობა სწორედ ამ რაკურსით.
მთავარი გამოწვევები, რაც დღეს ლიდერულ გუნდებს უდგას ორგანიზაციულ კონტექსტში, არის შემდეგი:
- ბიზნესის მართვა და ცვლილებებისთვის ფეხის აყოლა, ტრანსფორმაცია პარალელურ რეჟიმში;
- იმ მოლოდინების გამართლება, რომელსაც გუნდებს დაინტერესებული მხარეები უყენებენ;
- შესრულების ხარისხის გაზრდა და განვითარება ასეთ ცვალებად, არასტაბილურ გარემოში;
- მულტი-სამყაროში მულტიკულტურული მიკუთვნებულობების გაცნობიერება და მართვა;
- ვირტუალური მუშაობის მოქნილობის და ვირტუალურ რეალობაში კეთილდღეობის შენარჩუნება;
- ურთიერთობების შენება როგორც გუნდის შიგნით, ასევე გარე პროცესებთან მიმართებაში;
- ნდობის გაღრმავება;
- ჩართულობის გაზრდა;
და ამ ყველაფრის ფონზე, ისმის კითხვა: არიან გუდები მზად ასეთი გამოწვევებისთვის? აქვთ შესაბამისი სტრატეგიები?
თუკი შევხედავთ ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, გუნდს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ერთ ადამიანს, მოახდინოს ცვლილებები. დღევანდელ ბიზნეს სამყაროში, ორგანიზაციების განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა შექმნან გუნდური ლიდერობის კულტურა და ისეთი ლიდერული გუნდები, რომლებიც ამ გამოწვევებს აზროვნების ახლებურ სტილს დაუპირისპირებენ. სამწუხაროდ, ლიდერი ადამიანების მხოლოდ გაერთიანების ფაქტი ამგვარი გუნდის შექმნას არ ნიშნავს და სწორედ აქ შემოდის ქოუჩინგი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გზა კოლექტიური ლიდერობისკენ.
შესავალში ვახსენე ლიდერების გაერთიანება, რომელიც ხდება ფუნდამენტური ფასეულობების ირგვლივ. ასეთ გაერთიანებებს ქმნიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ხედავენ ცვლილებების აგენტებად, სჯერათ ადამიანების და ამოძრავებთ ღირებულებების ერთგულება, იზიარებენ პასუხისმგებლობას, აქვთ მაღალი თვითცნობიერება და თანაშექმნის, კოლაბორაციის სურვილი, ხელმძღვანელობენ მკაფიო ხედვით, რომელიც ეფუძნება სხვების განვითარებას და განსხვავებული პროგრესული მომავლის შექმნას. ეს არის ტრანსფორმაციული ლიდერის მახასიათებლები. და როგორია ლიდერული, ფასეულობებზე დაფუძნებული გუნდის მახასიათებლები? ასეთია გუნდი, თუკი:
- გუნდის შესრულება აკმაყოფილებს ან აჭარბებს იმ სტანდარტებს, რასაც გუნდის შიგნით და გუნდის გარეთ არსებული ის ადამიანები აწესებენ, რომლებსაც ამ გუნდის მუშაობა რაიმე სახით ეხებათ;
- გუნდი კარგად მუშაობს ერთიანობაში და გააზრებულია ამ გუნდის მუშაობის შესაძლებლობა მომავალში: როგორ გაიზიარეს გუნდის წევრებმა საერთო პასუხისმგებლობა, შექმნეს ეფექტიანი სამუშაო სტრატეგიები, განავითარეს კოლექტიური უნარები, აღმოფხვრეს წინააღმდეგობები და გამოიყენეს შესაძლებლობები;
- გუნდის გამოცდილებამ შეუქმნა მის წევრებს ინდივიდუალურად და მთლიანად გუნდს დასწავლის და განვითარების გარემო;
როგორც უკვე ვახსენე, ასეთი გუნდების შექმნის გზაზე ქოუჩინგი ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია და ამას მარტივი მიზეზი აქვს. ქოუჩინგის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ადამიანში შექმნას აზროვნების ახალი სტრატეგიები; ადამიანებს ახლებურად, განსხვავებული რაკურსით შეახედოს გამოწვევებზე თუ პრობლემებზე; დასვას ის კითხვები, რომელიც აქამდე არ დასმულა და პასუხის ძიების დროს, ადამიანი გავიდეს ფიქრის არსებულ ჩარჩოებს მიღმა, იქ კი განსხვავებული ქცევის მოდელები, განსხვავებული მიდგომები აღმოაჩინოს. როგორც კი ჩვენი გონება ასე იწყებს აზროვნებას, ქმედების განზრახვა და მოტივაცია უკვე ავტომატურად ჩნდება, რადგან ჩვენში არსებობს პროგრესისკენ სწრაფვა, როგორც შინაგანი მოთხოვნილება. ჩვენში არსებობს ასევე სიახლის შიში, რომლის საპირწონედ აღმოჩენის ინტერესი გვევლინება და ახალი ჰორიზონტებისკენ გვახედებს. თუმცა, ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.
შესავალს რომ დავუბრუნდე, არსებული გამოწვევების წინაშე საჭიროა კოლექტიური ლიდერობა, ბევრი სხვადასხვა სპეციალობის, პროფესიის მოაზროვნის გაერთიანება, რომლებიც შექმნიან აზროვნების ახლებურ სტილს. სწორედ ეს შეუძლია ქოუჩინგს. ამის მასშტაბირება კი, ჩემი მოკრძალებული აზრით, იმ ადამიანების და ორგანიზაციების ხელშია, ვისთვისაც პროგრესი და განვითარება ღირებულია.
სტატია ეყრდნობა პიტერ ჰოკინსის და დევიდ კლატერბაკის ნაშრომებს გუნდური ლიდერობის და გუნდური ქოუჩინგის შესახებ.
ავტორი: ირინა ჭოჭუა