ბიზნეს ქოუჩინგი: ორგანიზაციის განვითარების ინსტრუმენტი

ბავშვობაში, ეზოს ბავშვებთან ერთად სახლობანა, ალბათ, ყველას გვითამაშია, ან საომარი შტაბი აგვიშენებია. ვარიაციები ბევრია. წარმოიდგინეთ სიტუაცია: ირგვლივ შემოკრებილი გყავთ ბევრი თანატოლი და უნდა დააორგანიზოთ სახლის აშენება. ჯერ ყველა უნდა დაითანხმოთ და მისცეთ მოტივაცია, რომ ნამდვილად უნდა სახლის აშენება და რომ ძალიან გაერთობა ამით. მერე ყველას თავისი როლი მოუძებნოთ, ზოგმა ფიცრები უნდა მოზიდოს, ზოგმაც თოკები და სხვა საჭირო ხარა-ხურა. მერე, მათი მოქმედებები დროში უნდა გააკონტროლოთ და ჩართოთ ისინი მშენებლობის პროცესში. შიგადაშიგ უნდა გაართოთ ბავშვები, რომ არ მოსწყინდეთ სახლის შენება. ასევე, მშობლებთან უნდა აწარმოოთ მოლაპარაკებები, რომ კიდევ ცოტა ხნით დატოვონ შვილები ეზოში. იქ დათომ და ბესომ შეიძლება იჩხუბონ, ვინ უფრო უკეთესად ამაგრებს სახლის კედლებს და ეს კონფლიქტიც უნდა დაარეგულიროთ. თან იმაზეც იფიქროთ, გვერდითა კორპუსის ბავშვებმა უკეთესი სახლი არ ააშენონ, რომლებიც შიგადაშიგ გადმოირბენენ, ცალი თვალით ათვალიერებენ თქვენ სახლს და უკან გარბიან. მოკლედ, ჩვენს ბავშვობაში, ეზოში სახლობანას თამაში მთელი თავგადასავალი იყო.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ აკეთებთ იგივეს, ოღონდ უკვე ზრდასრული ხართ და ხელმძღვანელობთ კომპანიას, სადაც რამდენიმე ასეული თანამშრომლის მომავალი თქვენზეა დამოკიდებული. სადაც იგივენაირად უნდა დასახოთ მიზნები, შეიმუშავოთ სტრატეგია, ერთი მიზნის ირგვლივ გააერთიანოთ გუნდი, მისცეთ ადამიანებს სწორი როლი სწორი ამოცანებისთვის, აწარმოოთ მოლაპარაკებები, დაარეგულიროთ კონფლიქტები, მართოთ სტრესი, იყოთ კონკურენტუნარიანი და თქვენი ბიზნესი გაიყვანოთ მნიშვნელოვან მოგებაზე. წარმოიდგინეთ? სწორედ აქ ისმის კითხვა „რა არის ბიზნეს ქოუჩინგი და რა საჭიროა გყავდეთ ბიზნეს ქოუჩი?“

ბიზნეს ქოუჩი არის ადამიანი, რომელიც ბიზნესის მმართველს, მთელ ამ პროცესში, სწორი კითხვების და ფსიქო-ტექნოლოგიების გამოყენებით ეხმარება. რა არის კომპანიის მისია, მიზნები, როგორ ჩამოვაყალიბოთ გუნდი, როგორ ავამაღლოთ მოტივაცია, როგორ გავზარდოთ შესრულების ხარისხი თანამშრომლებში, როგორ დავსახოთ სწორი კრიტერიუმები, რა სახის კომუნიკაცია ვაწარმოოთ, როგორც შევამციროთ სტრესი და გავზარდოთ შედეგიანობა, როგორ განვავითაროთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, როგორ ვმართოთ ცვლილებები და ბოლოს, როგორ მივიღოთ ისეთი კორპორაციული კულტურა, რომელიც იქნება ბიზნესის წარმატების საფუძველი? – მთელ ამ საკითხებთან მუშაობს ბიზნეს ქოუჩი. თუმცა, ეს არ ხდება რჩევის მიცემის საფუძველზე. პროფესიონალმა ქოუჩმა ზუსტად იცის რა ინსტრუმენტები გამოიყენოს იმისათვის, რომ ბიზნესის მმართველებმა და ტოპ მენეჯერებმა თავად დასახონ მიზნები, თავად გადადგან ქმედითი ნაბიჯები და მიიღონ სასურველი შედეგები. თავად მოახდინონ ის ცვლილებები, რომელიც ორგანიზაციაში ყველა თანამშრომლისთვის ტრანსფორმაციული და შედეგის მომტანი იქნება.

რას აკეთებს კონსულტანტი? – ის ურჩევს, სხვადასხვა აპრობირებული და წარმატებული მეთოდების თუ სქემების გათვალისწინებით.

რას აკეთებს მენტორი? –  ის ასწავლის საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით.

რას აკეთებ ტრენერი? – ის ავითარებს სხვადსხვა უნარებს კონკრეტულ სასწავლო ფორმატში.

რას აკეთებს ბიზნეს ქოუჩი? – უპირველეს ყოვლისა ის იკვლევს კომპანიის საჭიროებებს, რადგან ყველა ორგანიზაცია ინდივიდუალურია თავისი უნიკალური გამოწვევებით. ამიტომ, პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი მზა სქემებს არასოდეს გთავაზობთ. კვლევის პროცესში ხდება სტრატეგიული სესიების ჩატარება სხვადასხვა საკვანძო პირებთან. პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი დამკვეთ ორგანიზაციას ეხმარება ჩამოაყალიბოს სწორი სამუშაო მიზნები და დასახოს ის კრიტერიუმები, რითაც შედეგებს გაზომავს. მოკვლევის პროცესში ბიზნეს ქოუჩმა შესაძლოა პროფაილინგის ინსტრუმენტები გამოიყენოს. როდესაც მოხდება დამკვეთსა და ბიზნეს ქოუჩს შორის სამუშაო მიზნების და შედეგების კრიტერიუმების ჩამოყალიბება, მხოლოდ ამის შემდეგ სთავაზობს ბიზნეს ქოუჩი სამუშაო სქემას, სადაც შეიძლება სხვადასხვა მიდგომები გამოიყენოს: გუნდური სესიები, ინდივიდუალური სესიები თუ სტრატეგიული სესიები ტოპ მენეჯმენტთან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგი და შედეგების შეფასება, რისთვისაც ბიზნეს ქოუჩი სხვადასხვა ინსტრუმენტებს იყენებს.

და მთავარი, რასაც ბიზნეს ქოუჩი აკეთებს – მაქსიმალურად ავითარებს ადამიანის შემოქმედებით თუ სააზროვნო პოტენციალს, ეხმარება გაცნობიერებაში და ქმედების ინიცირებაში. რესურსული ადამიანები კი წარმატებულ ბიზნესს ქმნიან.

ირინა ჭოჭუა

ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში. The Society of Neuro-Linguistic Programming™ ასოციაციის წევრი. სერტიფიცირებული ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით. International Coach Federation (ICF) წევრი.
06.06.2019

ლაბის ფოტო ამბები

ბოლო პოსტები

საკვანძო სიტყვები

კატეგორიები

არქივი